„სახელმწიფოს არა აქვს უფლება სტალინის ქუჩა ჰქონდეს თუნდაც იმ ქალაქში, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გააკეთა, სადაც საქართველოს კანონის - „თავისუფლების ქარტიის“ - განხილვა მოეწყო. შეხვედრა ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა, რომელიც ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.
ლევან ბერძენიშვილი, თამარ კორძაია, ზვიად ქორიძე საზოგადოების წარმომადგენლებს კანონის შესრულებაზე და იმ კომისიის საქმიანობის შესახებ ესაუბრნენ, რომელსაც ევალება ფაშისტური და კომუნისტური ტოტალიტარიზმის სიმბოლოების გამოვლენა და რეაგირება. სტუმრების გორში ჩამოსვლამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ ატენში სტალინის ბიუსტის დემონტაჟი მოახდინა. ბიუსტი 9 მაისს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საჯარო სივრცეში დადგეს, თუმცა იმავე ღამით მოქალაქეების ჯგუფმა პროტესტის ნიშნად მას საღებავი გადაასხეს. გორში მოქმედი პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რა დროს ირღვევა კანონით განსაზღვრული მუხლები. კანონის ფარგლებში შექმნილი კომისია მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შემდეგ კომისია იანვრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად უნდა ამუშავებულიყო, მაგრამ, როგორც ცნობილი გახდა, მხოლოდ ახლა მიმდინარეობს კომისიის დაკომპლექტება. ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ კომისიას უამრავი საქმე აქვს და ის სასწრაფოდ უნდა ამუშავდეს.
პარლამენტის დეპუტატმა თამარ კორძაიამ გორელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ კომისიის შეკრების დაჩქარება მათი წერილების საფუძველზე ხდება. საინიციატივო ჯგუფმა რამდენიმე წერილი გაგზავნა სუს-ში კომისიის ჩამოყალიბების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონში დეტალურად არ არის გაწერილი, რა მიეკუთვნება ფაშისტური და კომუნისტური ტოტალიტარიზმის სიმბოლიკას და ამ საკითხით ხშირად მანიპულირებენ კომუნისტები და სტალინისტები, თამარ კორძაია ხაზგასმით აცხადებს, რომ სტალინი იყო თვითონ ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი და მის შესახებ კითხვები არც უნდა ჩნდებოდეს. გარდა ამისა, კორძაია მიიჩნევს, რომ ძეგლის დადგმა-არდადგმის საკითხი თვითმმართველობის კომპეტენცია არ არის და ის კომისიის გადასაწყვეტია.
„აუდიტორია 115“ -ის წარმომადგენელი ნოდარ ეცადაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას მრავალი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი, რომელიც თანატოლებში ინფორმირებულობის ამაღლებით და საბჭოური სტერეოტიპების ნგრევით დაკავდება.
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი, აცხადებს, რომ ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა კარგად ჩაიარა და ახალგაზრდების დიდმა ჯგუფმა 9 მაის საღამოს გამართულ კონცერტზე საკუთარი არჩევანი ევროპული ღირებულებების სასარგებლოდ დააფიქსირა, თუმცა საინიციატივო ჯგუფი ამ საკითხზე გაჩერებას არ აპირებს.
“თავისუფლების ქარტია” სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება - ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტი, ლუსტრაცია და ფაშისტური და კომუნისტური ტოტალიტარიზმის სიმბოლიკების აკრძალვა. კანონი ითვალისწინებს თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც კავშირში იყვნენ საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურებთან 1989 წლის 9 აპრილამდე. კანონის მიხედვით, რეჟიმთან კავშირში მხილებული პირების სია არ იქნება საჯარო და ის მხოლოდ სპეციალური კომისიისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
დღის წესრიგში დგება გორის ყველაზე გრძელი, სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხი, რაზეც კომისია მუშაობას შეკრებისთანავე შეუდგება. თავის მხრივ, გააქტიურდება ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფიც. ლევან ბერძენიშვილის აზრით, ამ მიმართულებით კომუნისტები და სტალინისტები საფრთხეს არ წარმოადგენენ, ყველაზე საშიშები, მისი აზრით, გარეგნულად ლურჯები, მაგრამ გულით წითლები არიან.