სპექტაკლი კრემლში დაწერილი სცენარით

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა 8 კანდიდატი, ჩატარდა 8 წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ გარკვეული ნიუანსით: დებატებში არც ამჯერად მიუღია მონაწილეობა ვლადიმირ პუტინს, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს. ეს იყო მხოლოდ იმიტაცია, თუ, წინამორბედისგან განსხვავებით, 18 მარტის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას რუსეთში ჰქონდა არსებითი განმასხვავებელი ნიშანი? ამაზე ვისაუბრებთ ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებენ მელანი ბაჩინა, რადიო თავისუფლების ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტი, და სერგეი დანილოჩკინი, ამავე არხის უფროსი რედაქტორი.

რადიო თავისუფლება: მელანი, რა მიგაჩნიათ რუსეთში ამ წინასაარჩევნო კამპანიის განსაკუთრებულ, წინა კამპანიებისაგან არსებითად განმასხვავებელ ნიშნად.

მელანი ბაჩინა: ასეთ არსებითად განმასხვავებელ ნიშნად შიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ... არაფერი ხდება! ვგულისხმობ, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არ მომხდარა დიდი, მნიშვნელოვანი ამბები. ყველაფერი ისეა „გაწმენდილი“, რომ რუსეთში ცოტა თუ ბედავს რამის თქმას. არჩევნებს არ უკავშირდება არანაირი ინტრიგა! ნათელია, ვინ იქნება პრეზიდენტი. ხალხისათვის არაფერი შეიცვლება. თუ ვისაუბრებთ რუსეთში ჟურნალისტებსა და მედიაზე, ყველაფერი ისეა „გაწმენდილი“, რომ სადმე რამე რომ ხდებოდეს კიდეც, ბევრი ვერ შეძლებს მასზე ინფორმაციის გავრცელებას, ქვეყანაში ხალხი ვერაფერს შეიტყობს, თუ არ ჩავთვლით ადგილობრივ ამბებს, რომლებზე ცნობებიც ინტერნეტში ჟონავს ხოლმე. და თუ ვისაუბრებთ ტრადიციულ მედიაზე, ის საქმეს ვერ შველის ამ მთლიანად გაწმენდილ, გადამწვარ ველზე.

რადიო თავისუფლება: და მაინც, სახელმწიფო არხებზე ტელედებატები აჩვენეს. ჩვენი კოლეგების ნაწილმა მათ „ფსევდოდებატები“ უწოდა, რადგან სახელმწიფოს მეთაურს, ერთ-ერთ კანდიდატს, ვლადიმირ პუტინს, არ მიუღია მათში მონაწილეობა. რაღაცნაირად ზემოდან დაჰყურებდა ტელედებატებს... ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, რომ, სხვას თუ არა, ქსენია სობჩაკს მაინც შეეძლო პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა დებატები. მაგრამ ასე არ მოხდა! რით ხსნით ამას, სერგეი?

სერგეი დანილოჩკინი

სერგეი დანილოჩკინი: მე სწორად მიმაჩნია, რომ ქსენია სობჩაკს, რომელმაც თავი გამოაცხადა კანდიდატად „ყველას წინააღმდეგ“, არ დაუტოვებია ტელედებატები. უნდა ითქვას, რომ ბოლო თვეებში რუსეთის ტელედებატები არ იყო ერთადერთი ასეთი პროცესი, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია მთავარ კანდიდატს. მაგალითად, ჩეხეთში სულ ცოტა ხნის წინ ტელედებატების ზუსტად ასეთივე სცენარი ვიხილეთ. მოდიოდა ყველა, მოქმედი პრეზიდენტის, მილოშ ზემანის, გარდა! სხვათა შორის, მან არჩევნებში გაიმარჯვა.

რადიო თავისუფლება: მაგრამ მეორე ტურში ზემანი უკვე მონაწილეობდა დებატებში ...

სერგეი დანილოჩკინი: მას სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან დებატები ერთი-ერთზე ტარდებოდა. ეჭვი მეპარება, რუსეთში ასეთი რამ მოხდეს. მეორე მხრივ, თავისთავად ის ფაქტი, რომ კანდიდატები, რომლებიც თავს აშკარა აუტსაიდერებად მიიჩნევდნენ, - მხოლოდ ვლადიმირ ჟირინოვსკი გამოთქვამდა გამარჯვების რწმენას, - კარგი ფაქტია, კარგია, რომ ყველა ეს კანდიდატი მიდიოდა სტუდიაში. სხვა თუ არაფერი, შეგვიძლია ვიოცნებოთ მაინც, რომ მომავალ არჩევნებში - თუ ისინი მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება - გარკვეული შანსები ექნება, მთავარი კანდიდატის გარდა, რომელიმე სხვა კანდიდატსაც.

თუ შევეხებით, ზოგადად, უბრალო ადამიანების მდგომარეობას - ეს ხალხი, რასაკვირველია, მძიმედ დააზარალა ბოლო წლების ეკონომიკურმა კრიზისმა. ეს ეხება, პირველ რიგში, რუსეთის რეგიონებს. თუ ვილაპარაკებთ რუსეთის რეგიონების ეკონომიკაზე, აქ, მართლაც, ძალიან ბევრი პრობლემაა. ადგილობრივი ბიუჯეტები, პრაქტიკულად, ფულის გარეშე რჩება...
მელანი ბაჩინა

რადიო თავისუფლება: მელანი, თქვენ თქვით, რომ არჩევნები რაიმე განსაკუთრებული, განმასხვავებელი ნიშნით არ გამოირჩეოდა, მაგრამ უკვე ვახსენეთ ქსენია სობჩაკის ფენომენი. რამდენად მოელოდით, რომ დევიზით „ყველას წინააღმდეგ“, სობჩაკს შეეძლო ქვეყანაში ზოგად განწყობაში ცვლილების შეტანა?

მელანი ბაჩინა: უკვე ითქვა, რომ ეს არის „ფსევდოარჩევნები“, როცა შედეგი წინასწარ არის განსაზღვრული. რუსეთშიც კი ბევრი ხუმრობს - ამბობს: „წახვალთ ვლადიმირ პუტინის არჩევნებზეო“. ანუ, ყველაფერი სავსებით ნათელია. გასაგებია, რომ არჩევნებზე დაშვებული არიან ისინი, ვინც თამაშობს ზემოდან განსაზღვრული წესებით, ჩვენ კი თვალს ვადევნებთ სპექტაკლს, რომლის ტექსტიც დაწერილია, როლები განაწილებულია: ყველა გარკვეულ ფუნქციას ასრულებს. და ქსენია სობჩაკი აქ საჭირო იყო იმისათვის, რომ არჩევნებზე არ დაეშვათ ალექსეი ნავალნი, რომ საპროტესტო განწყობა არ გადაღვრილიყო ქუჩაში, ან იმისათვის, რომ შეექმნათ არჩევანის ილუზია: კენჭისყრაზე ოპოზიციონერი კანდიდატებიც არიან დაშვებულიო. ქსენია სობჩაკი ზუსტად კრემლის წესებით თამაშობს. მე იმის თქმა არ მინდა, რომ სობჩაკი კრემლთან შეკრული კანდიდატია, ეს მე არ ვიცი. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ის თამაშობს წესებით, რომლებიც უკვე დადგენილია. და რაც მთავარია: სპექტაკლი დაწერილია და ვიცით, რით დასრულდება. ვნახეთ, რით დაიწყო, კვანძი როგორ შეიკრა და ვიცით, პიესა რით დასრულდება.

რადიო თავისუფლება: რუსეთის ისტორიაში იყო შემთხვევა, - მგონი, 1996 წელს, - როცა მთავარი კანდიდატები ელცინი და ზუგანოვი იყვნენ და მაშინ არსებობდა ინტრიგა! პირველად რუსეთში, ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. იყო, საერთოდ, ინტრიგა ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს? ავიღოთ, თუნდაც, გრუდინინის ფენომენი - ამ კანდიდატს ზოგი მოიხსენიებდა ერთგვარ ახალ სტალინად თუ მომავალი რუსეთის ლიდერად.

სერგეი დანილოჩკინი: „გრუდინინი ძალიან უჩვეული ლიდერია - მე რამდენადაც ვიცი, ის კომუნისტური პარტიის წევრიც კი არ იყო, არ შედიოდა იმ პარტიის მმართველ ორგანოებში, რომელმაც მისი კანდიდატურა წამოაყენა. ამ მხრივ, იყო გარკვეული ინტრიგა. მაგრამ, ზოგადად, ჩემი აზრით, - როგორც ეს მელანიმაც თქვა, - არჩევნებს, შეიძლება ითქვას, შავ ღრუბლად ადგას ის, რომ ყველაფერი წინასწარვეა გადაწყვეტილი. ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ რუსეთის მმართველ ელიტას - თუ პოლიტიკურ ელიტას - არა აქვს მომავლის რწმენა. მას ეშინია, რომ გამოჩნდება მისგან დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ჩამოაგდებს არა მარტო მთავარ კანდიდატს, ფავორიტს, არამედ მთელ მმართველ ელიტას. ამიტომ იყენებენ უხეშ მეთოდებს და თამაშობენ სპექტაკლს. ეს არის, მართლაც რომ, მარიონეტების თეატრი, სადაც ყველამ იცის, რით დამთავრდება სპექტაკლი. შეიძლება, საინტერესო იყოს ის, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე, ვინ იქნება ბოლო, გადალახავს თუ არა ვინმე 10-პროცენტიან ზღვარს და ა.შ. ხალხის უდიდეს ნაწილს ეჭვიც არ ეპარება არჩევნების შედეგში.

ვლადიმირ პუტინი სარჩევნო უბანზე

რადიო თავისუფლება: ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე ძალიან ბევრია დამოკიდებული საერთაშორისო კონტექსტში. როგორ განვითარდება დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობა, როგორ განვითარდება რუსეთის ურთიერთობა ე.წ. ახლო საზღვარგარეთთან - ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა ოპოზიციონერ ილია იაშინისა და ეკონომისტ ვლადიმირ მილოვის ანგარიში - "პუტინი, შედეგები. 2018", ავტორების თანახმად, პუტინის მაღალი რეიტინგის დიდ ნაწილს უზრუნველყოფს მისი საგარეოპოლიტიკური "წარმატებები". მაგრამ ეს წარმატებები სინამდვილეში წარმოადგენს მარცხს, რაც რუსეთს ცუდად შემოუტრიალდება.

რადიო თავისუფლება: ახლა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რას უნდა მოველოდეთ რუსეთისაგან მომდევნო ექვს წელიწადში. დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობა, რბილად რომ ვთქვათ, ცუდ მდგომარეობაშია. მელანი, რას შეიძლება მოველოდეთ? იარაღის ჟღარუნს, ცივ ომს თუ მორიგ კონფრონტაციას?

მელანი ბაჩინა: „განსხვავებით რუსეთში ამ, როგორც მათ უწოდებენ, პროგნოზირებადი არჩევნებისაგან, პირიქით, სრულიად არაპროგნოზირებადია ის, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ ამის შემდეგ პრეზიდენტი და მთავრობა. და საერთოდ, ბოლო წლებში ვლადიმირ პუტინის მთელი პოლიტიკა ცხადყოფს მისი ქმედებების არაპროგნოზირებადობას. ამ, ვთქვათ, 10 წლის წინ, როცა კოლეგებს ვესაუბრებოდი ხოლმე, თითქოს ვხედავდით ნიშნებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, უფრო დემოკრატიულ კურსზე დამდგარიყო, გაეუმჯობესებინა დასავლეთთან ურთიერთობები - იყო ასეთი იმედი და, როგორც ახლა ვხვდებით, იყო ასეთი ილუზია, რომ ვითარება შეიცვლებოდა. დღეს რასაც ვხედავთ, არის ის, რომ, ჯერ ერთი, ილუზიები გვქონდა და მეორეც - უკან აღარ დაბრუნდებიან. ჩემთვის ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება და, საერთოდ, ალბათ, ბევრს გაუჭირდება იმის თქმა, რას შეიძლება მოველოდეთ და როგორ განვითარდება ურთიერთობები, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რას არ მოველი - არ მოველი, რომ პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკა შეიცვლება და ის ქვეყანას დემოკრატიულ კურსზე დააყენებს, დააბრუნებს ყირიმს და, საერთოდ, შეასრულებს პირობებს, რომლებსაც მას უყენებენ. სწორედ ამას არ მოველი! რუსეთში ბევრი შიშობს, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება და დასავლეთთან ურთიერთობა უახლოეს წლებში არ გაუმჯობესდება, შესაძლოა, გაუარესდეს კიდეც. როგორი იქნება მომავალ ექვს წელიწადში პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკა - ეს არის მოლოდინი, რომელსაც, ალბათ, ყველაზე დიდი შეშფოთება უკავშირდება.

ჩემი აზრით, პუტინის პოლიტიკა - ყოველ შემთხვევაში, მმართველობის ბოლო ათწლეულში - გამოირჩევა ისეთი მახასიათებლით, როგორიც არის ოპორტუნიზმი. ის იყენებს ყველა შანსს გარკვეული მიზნების მისაღწევად. ამავდროულად, ჩემი აზრით, მასაც და, ზოგადად, რუსეთის მმართველ წრეებში ძალიან კარგად ესმით, რომ საქმეს ვერ მოაგვარებ, თუ მას საპირისპირო მხრიდან მიუდგები, ანუ გაიფუჭებ ურთიერთობას დასავლეთთან, მაგრამ დაუახლოვდები სხვა ქვეყნებს, დიქტატორული რეჟიმების ჩათვლით...
სერგეი დანილოჩკინი

რადიო თავისუფლება: იქნებ პუტინს სულაც არ სჭირდება დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარება, დასავლეთთან კარგი ურთიერთობა? რადგან ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს კარგი ურთიერთობა ჩინეთთან, ინდოეთთან, თურქეთთან... როცა მელანი არაპროგნოზირებადობაზე ლაპარაკობს, იქნებ სწორედ ეს არაპროგნოზირებადობაა, რასაც რუსეთისაგან უნდა მოველოდეთ, რაც, ასე ვთქვათ, პროგნოზირებადია? სერგეი, როგორ ფიქრობთ?

სერგეი დანილოჩკინი: ჩემი აზრით, თუ პრეზიდენტი ისევ პუტინი იქნება, - რაშიც ეჭვი თითქმის არავის ეპარება, - გაგრძელდება ამჟამინდელი კურსი. საკითხავია მხოლოდ ის, თუ რა კუთხით გაფრინდება ეს ჰიპერბგერითი რაკეტა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა კოსმოსური ხომალდების გაშვების ყურება ტელევიზორში. და მაშინ ამბობდნენ ხოლმე: ტანგაჟი და რწევა ნორმის ფარგლებშიაო. კითხვის ნიშნის ქვეშ ის კი არ დგას, გაფრინდება ეს რაკეტა თუ არ გაფრინდება, ან სად გაფრინდება - კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორი იქნება ტანგაჟი, ანუ საფრენი აპარატის კუთხური მოძრაობა და რწევა. ჩემი აზრით, პუტინის პოლიტიკა - ყოველ შემთხვევაში, მმართველობის ბოლო ათწლეულში - გამოირჩევა ისეთი მახასიათებლით, როგორიც არის ოპორტუნიზმი. ის იყენებს ყველა შანსს გარკვეული მიზნების მისაღწევად. ამავდროულად, ჩემი აზრით, მასაც და, ზოგადად, რუსეთის მმართველ წრეებში ძალიან კარგად ესმით, რომ საქმეს ვერ მოაგვარებ, თუ მას საპირისპირო მხრიდან მიუდგები, ანუ გაიფუჭებ ურთიერთობას დასავლეთთან, მაგრამ დაუახლოვდები სხვა ქვეყნებს, დიქტატორული რეჟიმების ჩათვლით. რუსეთს ეს ვერ დაეხმარება! რუსეთს შეიძლება დაეხმაროს დასავლეთთან ურთიერთობის უეცრად გაუმჯობესება. ასეთი შესაძლებლობები კი უთუოდ გაჩნდება! თუმცა ეს ვერ შეცვლის რუსეთის განვითარების ზოგად ვექტორს. რუსეთი აგრესიულად დაიცავს პოზიციებს, რომლებიც ქვეყნის მმართველ წრეებს სწორად მიაჩნიათ! მათი აზრით, რუსეთი დაიჩაგრა და ახლა უნდა დაიბრუნოს ის, რაც მას წაართვეს - ეს მნიშვნელოვანია! და მეორე: პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში, რუსეთი დათანხმდება მეგობრობას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დათმობს პოზიციებს, რომლებიც თავისთვის პრინციპულად მნიშვნელოვნად მიაჩნია. მან შეიძლება გაწიროს პაიკი, მაგრამ არასოდეს გაწირავს ძლიერ ფიგურას.

რადიო თავისუფლება: დასავლეთთან დაპირისპირებისათვის რუსეთს სჭირდება ფინანსური ძალა, ძლიერი ეკონომიკა, მაგრამ აი, თვალი გადავავლე სტატისტიკას და რუსეთი - მთლიანი შიდა პროდუქტით - ორჯერ ჩამორჩება, მაგალითად, თურქეთს. არჩევნებამდე სამიოდე დღით ადრე რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა წარმოადგინა მოხსენება, რომლის თანახმადაც, ეკონომიკის მხრივ საქმე, რბილად რომ ვთქვათ, კარგად არ არის. მელანი, თქვენ ხშირად აშუქებთ ვითარებას რუსეთში, რუსეთის გარშემო...

​მელანი ბაჩინა

მელანი ბაჩინა: თუ შევეხებით, ზოგადად, უბრალო ადამიანების მდგომარეობას - ეს ხალხი, რასაკვირველია, მძიმედ დააზარალა ბოლო წლების ეკონომიკურმა კრიზისმა. ეს ეხება, პირველ რიგში, რუსეთის რეგიონებს. თუ ვილაპარაკებთ რუსეთის რეგიონების ეკონომიკაზე, აქ, მართლაც, ძალიან ბევრი პრობლემაა. ადგილობრივი ბიუჯეტები, პრაქტიკულად, ფულის გარეშე რჩება. ფული არ არის გზების შესაკეთებლად ან ორმოების ამოსავსებადაც კი - უკვე აღარაფერს ვამბობ კაპიტალურ რემონტზე ან ახალი გზების გაყვანაზე!

რადიო თავისუფლება: ეს დასავლეთის ეკონომიკური სანქციების გავლენაა თუ რუსეთის პრობლემების, მათ შორის კორუფციის შედეგი?

მელანი ბაჩინა: ჩემი აზრით, ყველაფერი ერთად! ვერ იტყვი, რომ ეს მარტო სანქციების შედეგია. გასაგებია, რომ სანქციებმა მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას და ეს ეტყობა არა იმდენად მოსკოვს (თუმცა მოსკოვშიც ჩანს!), რამდენადაც რუსეთის რეგიონებს, რომლებზეც ბევრს არაფერს ამბობენ, ფედერალური მასშტაბით. ამიტომ რეგიონებს ვალები უგროვდებათ, უგროვდებათ პრობლემები, როგორიცაა გაურემონტებელი გზები, პოლიკლინიკები, სკოლები - ყველაფერი, რაც საბიუჯეტო სფეროს უკავშირდება, რადგან ფული, უბრალოდ, არ არის! ამას ემატება გადასახადები, რომლებიც, უმეტესწილად, მოსკოვში მიდის. და რეგიონების ხელმძღვანელები, რომლებსაც კრემლი ახლა მთლიანად აკონტროლებს, იძულებული არიან, ხელგაწვდილებმა იარონ და ფული ითხოვონ სახურავის შესაკეთებლად თუ გზაზე ორმოს ამოსავსებად. ამის შესახებ ბევრია ნათქვამი იაშინისა და მილოვის მოხსენებაში. მათ მოჰყავთ სტატისტიკური მონაცემები - მაგალითად, წინა წლებთან შედარებით, ამჟამად რა თანხაა განკუთვნილი განვითარებისათვის. ეს რიცხვები აშკარა გაუარესებას ცხადყოფს. და მომავალში როგორ გაუმკლავდება ამ პრობლემას რუსეთი, ასევე სრულიად გაუგებარია, რადგან, პირველ რიგში, რეგიონებს ფული არა აქვთ. მაგრამ, ამავე დროს, რეგიონებში მხარს უჭერენ კრემლის, პუტინის პოლიტიკას! ხალხი - და ჩვენ ბევრ ადამიანს ველაპარაკეთ - ჩივის, ხელფასები შემცირდა, ფასები მატულობს, ფული საკმარისი არ არის, ხელი აღარ მიგვიწვდება იმაზე, რაზეც წინათ მიგვიწვდებოდაო, მაგრამ მოვითმენთო! თუ სირიაში გამარჯვებისთვის არის საჭირო, მოვითმენთ, პრობლემა არ არისო! ყირიმს არ დავაბრუნებთ, რადგან ის ჩვენია - კი, იქ ვერ ჩავდივართ, რადგან ფული არა გვაქვს, მაგრამ მოვითმენთ, პრობლემა არ არისო.