წინასაარჩევნო საფრთხეები - ოპოზიცია დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს

სოზარ სუბარი

”ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციისათვის ემზადება” - განაცხადა ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა. მისი ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიამ, თბილისის სხვადასხვა უბანში 20-ზე მეტი ბინა შეიძინეს და იქ იარაღი განათავსეს. სოზარ სუბარისთვის უცნობია, რა არის ბინების ყიდვისა და მათში იარაღის შეზიდვის ზუსტი მიზანი, თუმცა ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, პროვოკაცია აქვს ჩაფიქრებული.

სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ახალაიების მიერ ბინების შეძენისა და ამ ბინების იარაღის საწყობებად გამოყენების სავარაუდო გეგმა ”ტელესერიალების” დადგმას ითვალისწინებდა ეგრეთ წოდებული ”სამშობლოს მტრების” ან რომელიმე ქვეყნის აგენტების მიერ საქართველოში არეულობის მოწყობის განზრახვის შესახებ. სოზარ სუბარი ამბობს, რომ იარაღის საწყობები ბინებში შეიქმნა მაშინ, როდესაც ბაჩო ახალაია ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი იყო. ინფორმაცია კი თბილისში იარაღის საწყობების არსებობის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა შვეიცარიაში ემიგრაციაში მყოფი მეგობრისა და ჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძისგან, თავის მხრივ, ვახტანგ კომახიძემ კი კარგად ინფორმირებული წყაროსგან მიიღო. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ამ წყაროს აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მზადდებოდა.

”კერძოდ, ამ ადამიანს აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ იგეგმებოდა და როგორ მზადდებოდა ეს დანაშაული და აუდიო და ვიდეო ჩანაწერები აქვს ამის შესახებ. და ამ ჩანაწერებში ჩანს, რომ ამაში უშუალოდ მონაწილეობენ ბაჩო ახალაია, მისი ძმა და მათი დანაშაულებრივი კლანის წევრები - ის ადამიანები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილნი არიან წარსულში განხორციელებული სხვადასხვა დანაშაულებრივი საქმიანობით.”

სოზარ სუბარი აზუსტებს, რომ ფართომასშტაბიანი პროვოკაციები იგეგმებოდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამ პროვოკაციების საშუალებით ხელისუფლება ”ხელიდან გამსხლტარი და დაკარგული” ძალაუფლების შენარჩუნებას ფიქრობდა.
საფრთხე არსებობს და რამდენად არის ეს რეალური, რა თქმა უნდა, ამის თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ თვითონ ეს განცხადება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, პრევენციის ფუნქციასაც შეასრულებს, იმიტომ რომ საზოგადოებას აგრძნობინებს, რომ ამის საფრთხე არსებობს ...
ბაკურ კვაშილავა

წინასაარჩევნო პროვოკაციების, მათ შორის, არჩევნების გადადებისა და ჩაშლის საფრთხის თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანთა წამებისა და ღირსების შემლახავი ფაქტების გავრცელებისა და ამ ნიადაგზე ქუჩაში გამოსული საზოგადოების მღელვარების ფონზე. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პოლიტიკისა და სამართლის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ესკალაციაზე წასვლის მცდელობა ჯერჯერობით არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში, ღიად, მაგრამ, მოვლენათა განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, მას უჭირს იმის პროგნოზირება, რა იქნება შემდეგ:

”საფრთხე არსებობს და რამდენად არის ეს რეალური, რა თქმა უნდა, ამის თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ თვითონ ეს განცხადება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, პრევენციის ფუნქციასაც შეასრულებს, იმიტომ რომ საზოგადოებას აგრძნობინებს, რომ ამის საფრთხე არსებობს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.”

შესაბამისად, ბაკურ კვაშილავა ფიქრობს, რომ სოზარ სუბარის განცხადებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ რეალურად შესაძლოა ორი მნიშვნელობა ჰქონდეს - კერძოდ, ერთია მოსალოდნელი საფრთხის საზოგადოებისთვის შეხსენება, მეორე კი გაფრთხილება, რომ ხალხი პროვოკაციას არ აჰყვეს.

იმისათვის, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს, ბოლო დღეებში სამოქალაქო აქტივობაში ჩართულ მოსახლეობას ინტენსიურად მიმართავენ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები, მათ შორის, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი:
ამ ქვეყნის ხელისუფლებას ერთადერთი, რაც ესმის, როგორც პრაგმატული გამოსავალი ვითარებიდან, ეს არის ნორმალური არჩევნების ჩატარება და ეუთოს დასკვნის მოლოდინი ...
დავით დარჩიაშვილი

”არ დავიწყოთ დაუგეგმავი გამოსვლები და არ მოხდეს, არ გავაკეთოთ ის, რასაც ხელისუფლება ელოდება ჩემი პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან. და ჩვენ მხოლოდ ორგანიზებულად, მხოლოდ დიდი ემოციების გარეშე უნდა მოვახერხოთ და ჩავიდეთ არჩევნებამდე და მხოლოდ არჩევნების გზით მოვახერხოთ, რომ მშვიდობიანად შევცვალოთ ეს ხელისუფლება”, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 19 სექტემბერს დუშეთში.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა გვითხრა, რომ ხელისუფლება სამართლიანი არჩევნებისთვის ემზადება:

”ამ ქვეყნის ხელისუფლებას ერთადერთი, რაც ესმის, როგორც პრაგმატული გამოსავალი ვითარებიდან, ეს არის ნორმალური არჩევნების ჩატარება და ეუთოს დასკვნის მოლოდინი და არა ყველაფერი დანარჩენი.”

ყველაფერ დანარჩენში დავით დარჩიაშვილი გულისხმობს, უმთავრესად, სოზარ სუბარის ბრალდებას ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ. ამ რიგის განცხადებებს იგი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ კარგად ”ორკესტრირებული” ოპერაციის ნაწილად განიხილავს და ამბობს იმასაც, რომ, სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილი აღმაშფოთებელი კრიმინალური დანაშაულის მიუხედავად, ვიღაცას საზოგადოებაში აჟიოტაჟის გამოწვევის მიზნით, პატიმართა წამების კადრები წინასაარჩევნოდ ჰქონდა შემონახული და ადამიანის უფლებები საერთოდ არ აღელვებდა.