დე ფაქტო რესპუბლიკა სპორტული აღიარების მიღწევას ცდილობს

ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნა გადაწყვიტეს. ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტის და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის ვადიმ ბოგიევის ინფორმაციით, ამჟამად ოლიმპიური კომიტეტის წესდებაზე მიმდინარეობს მუშაობა; ასევე დაჩქარებული ტემპით მიდის სპორტის სახეობათა ფედერაციების შექმნის პროცესი, ამ სამუშაოების შემდეგ კი ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნება იგეგმება. ოსი მაღალჩინოსნების აზით, დე ფაქტო რესპუბლიკამ არა მარტო საერთაშორისო პოლიტიკურ, არამედ სპორტულ აღიარებასაც უნდა მიაღწიოს. დღეს არაერთი ოსი სპორტსმენი სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე რუსეთის სახელით გამოდის, ცხინვალში კი აცხადებენ, რომ მომავალში ასეთ ასპარეზობებზე საკუთარი გუნდით და დროშით გამოსვლა ურიგო არ იქნება. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვადიმ ბოგიევი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ახალი სახელმწიფოები, მაგალითად, სამხრეთ სუდანი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშის ქვეშ გამოვიდა, ეს ვარიანტი კი მათთვისაც მისაღები იქნებოდა.

ბოგიევის აზრით, ადგილზე სპორტული ფედერაციების და ოლიმპიური კომიტეტის არარსებობა სპორტული კადრების გადინებას უწყობს ხელს, ცხინვალელი სპორტსმენები კი წარმატებას სხვა ქვეყნების სახელით აღწევენ.

ოსი სპორტსმენები მართლაც სხვადასხვა ქვეყნებში გარბიან, რადგან ადგილზე არც სპორტული ინფრასტრუქტურაა და არც შესაბამისი პირობები, ამიტომ ისინი ადვილად თანხმდებიან სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მიღებას. დე ფაქტო რესპუბლიკიდან გადინება ძირითადად რუსეთის ფედერაციაში ხდება. ოს მოჭიდავეებზე რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში დიდი მოთხოვნილებაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრებს წლების განმავლობაში ცხინვალელი ჯამბოლათ თედეევი ხელმძღვანელობდა, ნიჭიერ ოს სპორტსმენებს რუსეთის ნაკრებისკენ გზა ყოველთვის ადვილად ეხსნებოდათ. ამჟამად ოსები ლონდონის ოლიმპიადაზე მოჭიდავე ბესიკ კუდუხოვის მიერ ვერცხლის მედლის მოპოვებით განსაკუთრებით ხარობენ, მაგრამ როცა კუდუხოვი კვარცხლბეკზე ავიდა, მის პატივსაცემად რუსეთის დროშა აღმართეს. ოსური სპორტის მაღალჩინოსნების მცდელობას შექმნან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საკუთარი ხალხის მოტყუებას უწოდებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი გია ნაცვლიშვილი. მისი განცხადებით, შეუძლებელია საერთაშორისო აღიარების გარეშე სპორტული აღიარების მოპოვება და ცხინვალის ამ ნაბიჯს ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებას სურს, რომ ყველა სპორტული სახეობის ფედერაცია შექმნას, მაგრამ 30 ათასიან ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და შეიძლება ისე მოხდეს, რომ ფედერაცია შეიქმნას სპორტსმენების გარეშე. ტრადიციულად, ცხინვალში ჭიდაობას, ძიუ–დოს, ფეხბურთს და კრივს მისდევდნენ ხოლმე.