სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის სოციალური პროექტების ეფექტურობის შესასწავლად ზუგდიდში კვლევა ჩატარდა. ის, “PIN საქართველოს” დაკვეთით, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა” განახორციელა. კვლევის მიზანი იყო დაედგინა რამდენად ეფექტურად მიეწოდება სოციალური მომსახურება მოწყვლად ჯგუფებს, საამისოდ კი იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში შეირჩა ოთხი მუნიციპალიტეტი. ზუგდიდის პარალელურად კვლევა ჩატარდა ტყიბულის, ხონის და გორის მუნიციპალიტეტებში.
Your browser doesn’t support HTML5
„უნდა აღინიშნოს, რომ ზუგდიდი ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტს შორის - გორთან, ხონთან და ტყიბულთან მიმართებაში - არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, პროგრესული თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. თუმცა არსებობს ნაკლოვანებები, რომელსაც სჭირდება მუშაობა, აღმოფხვრა. ერთ-ერთი ნაკლოვანება, შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას ბაზები ბენეფიციართა საჭიროებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ანა ქოჩუამ, „PIN საქართველოს“ ზუგდიდის საველე კოორდინატორმა.
კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა სოციალურ სერვისებს სთავაზობს მას გამგეობა ან არასამთავრობო სექტორი. გარდა ამისა, როგორც პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია აცხადებს, გამოვლინდა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებზეც მუშაობა თვითმმართველობის პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუწევთ:
„ძალიან ბევრი სერვისი არ არსებობს ჩვენს ქალაქში, ჩვენს მუნიციპალიტეტში. არ არსებობს შშმ პირთა დღის ცენტრი, არ არსებობს შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი, არ არსებობს თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, არ არის ცალკე სერვისი მარტოხელა დედებისთვის, მათ რომ ცალკე სერვისი მიაწოდონ. ზუგდიდში არის სოციალური სახლი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია“, - განმარტა ხათუნა ბეჭვაიამ.
მუნიციპალიტეტის საუკეთესო პროექტად მესამე სექტორმა სოციალურად დაუცველთათვის სახლების მშენებლობა დაასახელა. კვლევის თანახმად, ეფექტური აღმოჩნდა გამგეობის გადაწყვეტილება, როცა მან უარი თქვა ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე, სანაცვლოდ კი მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფთ ახალი სახლები აუშენა. პროექტი გასულ წელს დაიწყო. 2015 წელს სულ 11 სახლი აშენდა, ახლა კი 25 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელიც კვლევის პრეზენტაციას დაესწრო, განაცხადა, რომ იგეგმება კიდევ ერთი მსგავსი პროგრამის ამოქმედება. გურგენ სართანიას მტკიცებით, ხშირად არაეფექტურია ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, მაშინაც როცა მოქალაქეს სახლი აქვს გადასახური. მისი თქმით, მზადდება პროექტი, რომელიც უშუალოდ გადახურვას და არა თანხების გაცემას გულისხმობს. ის დაეთანხმა შეხვედრის მონაწილეთა აზრს, რომ სოციალური პროგრამების შესახებ მოქალაქეთა ნაწილი ინფორმირებული არ არის. მანვე განმარტა, რომ ამ მხრივ სამუშაოს ჩატარება იგეგმება.
„მომავალში ჩვენ დაფას გავაკეთებთ სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც ჩაიკეტება და დაემატება, თუ რამე ცვლილებები იქნა. ეს იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს, თუ რა პროგრამები არსებობს. ეს იქნება სოციალური, ჯანდაცვის და ყველა მიმართულებით“, - აცხადებს გურგენ სართანია.
კვლევა „PIN საქართველოს“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ახალი სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა. მასში მესამე სექტორთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობაა ჩართული.