ზუგდიდში მცხოვრებმა დედა-შვილმა, ლალი ცირდავამ და ციალა ჯოჯუამ, საცხოვრებელი ფართის გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია განაახლეს. 79 წლის ციალა ჯოჯუა, რომელიც ადრე მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მართავდა საპროტესტო მწოლიარე აქციას, შიმშილობა ამჟამად ქალაქის მერიასთან დაიწყო.
აქციის მონაწილეები წართმეული ბინის დაბრუნებას, დაკანონებას და ამჟამინდელ საცხოვრებელ ფართში სარემონტო სამუშაოების დასრულებას მოითხოვენ. მათი მტკიცებით, კუთვნილი ფართი თაღლითური გზით წაართვა, „ზუგდიდდასუფთავების“ შესყიდვების სამსახურის თანამშრომლის, ზურაბ ალანიას, დახმარებით, ერთ-ერთმა მოქალაქემ. თავის მხრივ, ალანია აცხადებს, რომ წლების წინ, როცა ის „კომუნალურ გაერთიანებაში“ საბინაო კომისიის წევრი იყო, სოციალურად დაუცველ ცირდავების ოჯახს ბინა რეალურად გადაეცა, რომელიც მოგვიანებით თავად გაყიდეს.
Your browser doesn’t support HTML5
გასულ წელს მოხუცი ქალბატონი, ახალი ბინის მიღების მოთხოვნით, 38 დღის განმავლობაში მართავდა გამგეობასთან მწოლიარე აქციას და მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც თვითმმართველობამ მას არა ახალი ბინის გადაცემის, არამედ ამჟამინდელი ფართის გარემონტების პირობა მისცა. მაშინ თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რეალურად ეს არის სასამართლო დავა და საკითხის გადაწყვეტა მათ კომპეტენციაში არ შედის, თუმცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახს დახმარებაზე უარი არ უთხრეს. სარემონტო სამუშაოები აქციის მონაწილეების ბინას, მართლაც, ჩაუტარდა, თუმცა, როგორც დედა-შვილი აცხადებს, უხარისხოდ:
„შეგვპირდნენ, რომ ოთახს მოაშენებდნენ, შეიყვანდნენ წყალს, გაზს და ყველაფერს კეთილმოაწყობდნენ. ეს ყველაფერი მაისის თვეში უნდა ყოფილიყო. დაიწყეს დეკემბრის თვეში და შუა გზაზე მიატოვეს ყველაფერი“, - ამბობს ლალი ცირდავა.
აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე გია გულორდავა გაესაუბრა. მოგვიანებით მათ საცხოვრებელ ბინაში გადაინაცვლა, დაათვალიერა და გაეცნო გარემო-პირობებს. მასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, „კეთილმოწყობის ცენტრის“ უფროსი მამუკა ციმინტია. მისი მტკიცებით, ოჯახისთვის გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მის სამსახურს ევალებოდა:
„კორიდორში ფიცრები გამოვცვალეთ, ამ 7 კვადრატული მეტრის ოთახში რემონტი გავუკეთეთ. მართალია, ერთი კარი დაიწუნა, იქ მეორადი კარი დავკიდეთ. არადა, თავიდან თვითონ ამოირჩია ის კარი და მერე დაიწუნა. გამოვცვლით მაგასაც“.
თავის მხრივ, მერის მოადგილე ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ოჯახმა ზამთარში ნორმალურ პირობებში იცხოვროს:
„როგორც გავარკვიე, მსგავსი ფაქტი იყო შარშან. ეს ის ქალბატონია, რომელიც გამგეობასთან შიმშილობდა. ჩვენ გვეგონა, რომ ისინი ფართით დაკმაყოფილებული იყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ არის“.
აქციის მონაწილეები კი, დაპირებების მიუხედავად, მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.