მაშინ, როცა სომეხთა ეპარქია ქართველებს კვლავაც ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს აბრალებს, თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ 19 ივლისს თბილისში, „სურბ ეჯმიაწინის" ეკლესიის წინ, ინციდენტი საყოფაცხოვრებო დაპირისპირებამ გამოიწვია. რა მოხდა შაბათს სომხურ ეკლესიასთან და ვის აძლევს ხელს ქართველებისა და სომხების დაპირისპირება?
იმის გამო, რომ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს აუდიოჩანაწერი არ ახლავს თან, ძალიან ძნელი სათქმელია, რას უყვირიან ერთმანეთს და აყენებენ თუ არა სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკურად დაპირისპირებული მხარეები. თუმცა, როგორც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის 19 ივლისის განცხადებაშიც იყო ნათქვამი და 21 ივლისსაც იგივე გამეორდა, ქართველებმა სომეხი ერი შეურაცხყვეს.
სომხური ეკლესიის ინფორმაციით, ინციდენტი, რომლის შედეგადაც ”სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები, ერთ მღვდელმსახურს კი ჩამოსწყვიტეს ჯვარი”, იმით დაიწყო, რომ ქალმა ვერ გაიყვანა ავტომანქანა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან და უკმაყოფილება გამოხატა, რომ მას ხელს უშლიდა ერთ-ერთი მღვდელმსახურის ავტომანქანა. ამავე წყაროს ცნობით, ოდნავ მოგვიანებით ამ ქალთან მოვიდა აგრესიულად განწყობილი ორი მამაკაცი, რომლებმაც გაიყვანეს ავტომანქანა, ხოლო ეზოში მდგომმა ახალგაზრდა დიაკვნებმა გაიგონეს, თუ როგორ იგინებოდა ერთ-ერთი მამაკაცი.
”მან ეთნიკურ ნიადაგზე შეაგინა ერს. ასეთი რამ გაისმა და ჩვენმა წარმომადგენლებმა გაიგეს, რომ მთლიანად ერის წარმომადგენლებს შეაგინეს... შემდეგ, უკვე 2 საათში, მოვიდა ორგანიზებული მრავალრიცხოვანი ჯგუფი ეკლესიასთან ნათლობის დროს, ააწიოკეს ხალხი. იყო ჩხუბი, სასულიერო პირსაც კი ხელი ჰკრეს...”
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეთნიკურ ნიადაგზე არ მომხდარა, რადგანაც იმ ჯგუფში, რომელიც იყო მისული სომხურ ეკლესიასა და სტადიონს შორის ტერიტორიაზე, იყო რამდენიმე სომეხიც. ანუ არ იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ქართველები...არნო სტეპანიანი
ეს კომენტარი სომეხთა ეპარქიის იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევონ ისახანიანმა 21 ივლისს გააკეთა ”სურბ ეჯმიაწინის” ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მედიის წარმომადგენელთა დანახვისას, სკვერში სხვადასხვა ეთნიკური თემის წარმომადგენელი რამდენიმე ათეული ადამიანი მოგროვდა და მათი ხმამაღალი კამათი რამდენჯერმე ძალიან მიუახლოვდა ჩხუბის სახიფათო ზღვარს. მათი ერთი ნაწილიც აბსოლუტურად არ იზიარებდა სომეხთა ეპარქიის მიერ გავრცელებულ ვერსიას და მათ შორის იყო ვალოდია კვიტინიც:
”სულ ყველაფერს იტყვილები შენა... ყველაფერს იტყვილები... აგერ იქ ვიდექი, როცა ბიჭები ეუბნებოდნენ, შენ მღვდელი ხარო?! რატომ ჩხუბობო?! მღვდელმა დაიწყო ჩხუბი, ჩემი თვალითა ვნახე”.
„სურბ ეჯმიაწინის” ეკლესიის წინ შეკრებილ ხალხს შორის ვალოდია კვიტინს არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ზოგი იმასაც ეუბნებოდა, შენ იქ არ ყოფილხარ და არაფერი დაგეჯერებაო... თუმცა ბევრი ადასტურებს სომეხთა ეპარქიის მიერ უარყოფილ ვერსიას იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად მძღოლ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სწორედ სომეხმა სასულიერო პირმა, რომელიც ადრეც იყო შემჩნეული შეურაცხმყოფელ ქმედებებში სხვა პირების მიმართ. 19 ივლისს კი მას შეურაცხყოფილი ქალის აღელვებული მეუღლე და მისი მომხრეები სთხოვდნენ პასუხს.
არაერთი თვითმხილველის აზრი მოისმინეს ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი არნო სტეპანიანი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, მართალია, ზოგადად, არმენოფობია პრობლემას წარმოადგენს საქართველოში, მაგრამ ამჯერად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაპირისპირება არც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარა და არც რელიგიურ ნიადაგზე:
”ჩვენ როგორც გვესმის და იმ აზრის მიხედვით, რომელიც ჩვენ გამოვიტანეთ, კონფლიქტი მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. შემდეგ, ჩხუბის დროს, გამოყენებული იყო თუ არა სიძულვილის ენა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ, ამას ვერც უარვყოფთ და ვერც ვადასტურებთ, რადგანაც ამაზე საუბრობს დაინტერესებული მხარე. თვითმხილველები ამას ვერ ადასტურებენ. თუმცა გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეთნიკურ ნიადაგზე არ მომხდარა, რადგანაც იმ ჯგუფში, რომელიც იყო მისული სომხურ ეკლესიასა და სტადიონს შორის ტერიტორიაზე, იყო რამდენიმე სომეხიც. ანუ არ იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ქართველები”.
ვინც არ უნდა ყოფილიყო იმ წუთას იმ ადგილზე, ყველა მოიქცეოდა ასე - არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სომეხი იქნებოდა, ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი, ქურთი თუ სხვა. ჩვეულებრივი ადამიანური, ქალაქური, თბილისური გაუგებრობა მოხდა, როგორიც ხდება ხოლმე, რა...თამაზ ხაჩატუროვი
ჯგუფში, რომელსაც სომეხთა ეპარქია კარგად ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფად მიიჩნევს, ხოლო არნო სტეპანიანი პირობითად ავლაბრელების ჯგუფს უწოდებს, თამაზ ხაჩატუროვიც გახლავთ. 21 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, სხვების მსგავსად, მანაც მღვდელმსახური დაადანაშაულა და თქვა, რომ შეურაცხყოფაზე რეაგირება ეთნიკურ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს:
”ვინც არ უნდა ყოფილიყო იმ წუთას იმ ადგილზე, ყველა მოიქცეოდა ასე - არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სომეხი იქნებოდა, ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი, ქურთი თუ სხვა. ჩვეულებრივი ადამიანური, ქალაქური, თბილისური გაუგებრობა მოხდა, როგორიც ხდება ხოლმე, რა”.
დაპირისპირებული მხარეების დიდი ნაწილი ერთსულოვანია ერთადერთ მიდგომაში, რომ ქართველებისა და სომხების კონფლიქტი საქართველოში მხოლოდ მესამე ძალას აძლევს ხელს. ბევრი ასევე პირდაპირ ამბობს იმასაც, რომ ეს ძალა რუსეთში ეგულება და რომ გამოძიების დასრულებამდე კონკრეტული შეფასებების გაკეთება და, მით უმეტეს, ეთნიკურ შუღლზე ლაპარაკი მხოლოდ არაკეთილმოსურნეებისთვის არის ხელსაყრელი.
რაც შეეხება საგამოძიებო პროცესს, როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს შს სამინისტროში, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, რაც ცემას ან იმგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მართალია, სომეხთა ეპარქია კვლავაც სწორედ ეთნიკურ დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ გამოკვეთილა ეთნიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის კვალი. გამოძიების ამ მიმართულებით წარმართვის საფუძველს ვერც ”მრავალეროვანი საქართველო” ხედავს.