დღეს, 26 დეკემბერს, შუადღისას დასრულდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის განმავლობაშიც ძირითადად ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა. ვიზიტისას ქართულმა მხარემ ასევე გამოხატა მზადყოფნა გაუზიაროს სომხეთის რესპუბლიკას გამოცდილება, რომელიც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით დაუგროვდა.
Your browser doesn’t support HTML5
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანისა, და მისი მეუღლის, რიტა სარქსიანის, ვიზიტი საქართველოში დეკემბრის მიწურულს, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების თანახმად, ერთგვარი სიმბოლური დასასრული აღმოჩნდა 2017 წლისა. საქმე ისაა, რომ წელს საქართველო-სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენიდან 25 წელი შესრულდა, ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დღის წესრიგი კი დატვირთულია როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომეხ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმშია, ხოლო სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება. ამ მხრივ გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებულად გამოყო საქართველო-სომხეთს შორის ტვირთბრუნვისა და ტურიზმის მაჩვენებლების ყოველწლიური გაუმჯობესება:
“ჩვენი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ მთელ იმ მნიშვნელოვან დინამიკას, რომელიც არის, ვითარდება ორ მოძმე სახელმწიფოს შორის. ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. თანახმა ვართ, რომ ყველა რთული საკითხი უნდა იქნეს გადაწყვეტილი საერთაშორისო სამართლისა და მოლაპარაკებების ფარგლებში. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პერსპექტიულ პროექტებზე, რომელმაც რეგიონს უნდა მოუტანოს მეტი ეკონომიკური მოგება, მეტი სტაბილურობა“.
თავის მხრივ, სერჟ სარქსიანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დღის წესრიგში იყო ერთობლივი სამრეწველო საწარმოების შექმნისა და ამ მიმართულებით სომხეთში არსებული თავისუფალი სავაჭრო ზონების მეტი დატვირთვით გამოყენების საკითხები. განიხილეს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ქვეყნებს შორის ტრანზიტული შესაძლებლობების ეფექტურობის პერსპექტივები და შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას გაწონასწორებულები იყვნენ:
“ჩვენთვის კანონია და მე გულწრფელად ვამბობ, რომ ჩვენ ყველა მოლაპარაკებების დროს ძალისხმევას არ ვიშურებთ მივიღოთ ისეთი დოკუმენტები, ისეთი განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არანაირად არ აზიანებს. მე ვფიქრობ, როგორც ქართული, ასევე სომხური მხრიდან ასეთი პოზიციის შენარჩუნება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს“.
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის, 25-26 დეკემბერს გამართული ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალურ განცხადებებში არაფერი თქმულა საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთის ტვირთების შეფერხების პრობლემებსა და ტრანზიტის საკითხში რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ჩართვის თაობაზე. როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ამბობს, საქართველოს პოზიცია აქ მარტივია:
ჩვენ ვთავაზობთ სომეხ ბიზნესმენებს გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია, შექმნან პროდუქცია და გაიტანონ დაუბეგრავად ის ევროკავშირის ბაზარზე. ანალოგიურად, ჩვენი სომეხი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ქართველებს შეუძლიათ ასევე წარმატებით ინვესტირება, სომხეთიდან შექმნილი პროდუქციის ევრაზიულ სავაჭრო სივრცეში გატანა...გიორგი აბაშიშვილი
“იმ გზებით, რა გზებიც არსებობს და რა გზებიც გვაძლევს პოლიტიკურ საშუალებას, სომხეთი შეუფერხებლად მარაგდება იგივე პორტების მეშვეობით და ყაზბეგის მიმართულებიდან. აქ პრობლემები არ არის, ჩვენ გვაქვს ვალდებულებები სომხეთთან და ამ ვალდებულებებს ვასრულებთ. ნუ, სხვა საკითხია, რომ შეიძლება ღირებულება თვითონ ტრანსპორტირების აქ არ იყოს სომხეთისთვის მაინცდამაინც მისაღები. სომხებს უნდათ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, იგივე როქის გვირაბის მეშვეობით ტრანსპორტირება, მაგრამ აქ უკვე ჩვენ გვაქვს პრობლემები, იმიტომ რომ ეს არის დროებით დაკარგული ტერიტორიები“.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კი ამბობს, რომ საქართველოსა და სომხეთს აქვთ მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის ბიზნესმენებმა სავაჭრო სფეროში ერთმანეთის ტერიტორიებითა და პოტენციალით ისარგებლონ:
“ჩვენ ვთავაზობთ სომეხ ბიზნესმენებს გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია, შექმნან პროდუქცია და გაიტანონ დაუბეგრავად ის ევროკავშირის ბაზარზე. ანალოგიურად, ჩვენი სომეხი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ქართველებს შეუძლიათ ასევე წარმატებით ინვესტირება, სომხეთიდან შექმნილი პროდუქციის ევრაზიულ სავაჭრო სივრცეში გატანა. ამავდროულად, მოგეხსენებათ, რომ სულ უფრო მზარდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ყოველი წელი არის კიდევ უფრო დინამიკური და მნიშვნელოვანია, რომ ეს მზარდი ტენდენცია გაგრძელდეს და, ცხადია, საქართველო დარჩეს ყოველთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ქვეყნად სომეხი ტურისტებისთვის“.
მიმდინარე წლის მონაცემებით, სომხეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 18,5 %-ით, ხოლო ტვირთბრუნვა 24 %-ითაა გაზრდილი.
საქართველო-სომხეთის ურთიერთთანამშრომლობის გაზრდის პერსპექტივებზე საუბარი გაგრძელდა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე. სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 26 დეკემბერს შეხვდა ასევე საქართველოს პატრიარქსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.