ზუგდიდის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პროექტები არ შეფერხდება. როგორც გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება - მათ შორის ისინიც, რომლებიც მიმდინარე წელს იყო გათვალისწინებული, მაგრამ არ შესრულდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2016 წლისთვის გათვლილი 307 პროექტიდან სრულად მხოლოდ 215 დაფინანსდა. დარჩენილი 67-ის განხორციელება კი მომავალი წლისთვის გადაიდო.
Your browser doesn’t support HTML5
„მომავალი წლის ბიუჯეტში ნამდვილად არ არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გათვალისწინებული, მაგრამ ის სამუშაოები, რომელიც აუცილებელია სოფლისთვის, იქნება ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული. ანუ ის ეკონომიები, რაც იქნება ადმინისტრაციული ხარჯებიდან, ყველაფერი მიემართება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე“.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმებას მოსახლეობა უარყოფითად აფასებს. რესპონდენტების თქმით, ყველა პროგრამას გარკვეული დადებითი შედეგი აქვს და მათი შეწყვეტით ცხოვრების დონე კიდევ უფრო გაუარესდება:
„რამით თუ შეუძლია სახელმწიფოს დაეხმაროს ხალხს, ამას რა სჯობია. სასარგებლო იყო, როგორ არა“;
„ყველაფერი საჭიროა. დახმარება იყო ის, დღეს კი არაფერი არ არის“;
„ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა ეკონომიურად, დღითი დღე ყველაფერი უარესდება და ესეც რომ გააუქმეს, ძალიან ცუდია“;
„გვჭირდება. რატომ უნდა გაუქმებულიყო, რა მიზეზით?! უჭირს ხალხს და ამით კიდევ უფრო გაუჭირდება, მეტი არაფერი“, - აცხადებენ რესპონდენტები.
პროგრამის ერთ-ერთ დადებით მხარედ ითვლებოდა ის, რომ მოსახლეობას სოფლის კრებებზე თავად შეეძლო პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი პროექტების შერჩევა. როგორც გამგეობაში ირწმუნებიან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შეჩერებით სამოქალაქო სექტორს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა არ ეზღუდება.
„ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა არის სოფლის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამა თუ მუნიციპალური განვითარების ფონდში წარდგენილი პროექტები, თუ რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები, ყველგან ვითვალისწინებდით მოსახლეობის ინტერესებს და ამით პრინციპი მოსახლეობის ჩართულობის არანაირად არ იცვლება“, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი გამოიყოფოდა. ეს თანხა უნდა მოხმარებოდა ქვეყანაში სოფლების როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ განვითარებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან 2016 წელს 164 917 ლარი, ადგილობრივიდან კი 500 ათასი ლარი გამოეყო.