სოფლის მეურნეობა ორი წლის შემდეგ

ცნობილია, რომ არსებული ხელისუფლების უმთავრესი დეკლარირებული ეკონომიკური პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება გახლავთ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან, არსებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი სწორედ სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული.

გუშინ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორწლიანი მუშაობის შედეგები ციფრებში შეაჯამა.

ამ ციფრების თანახმად, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, 2013 წელს დაახლოებით 710 ათასმა ბენეფიციარმა მიიღო 195 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დახმარება. 2014 წელსპროექტში ჩაერთო 757 ათასი ბენეფიციარი და 82,5 მილიონი ლარის ღირებულების სარგებელი მიიღო.

627 ათას ბენეფიციარზე მეტმა აგრობარათით 52 მილიონამდე ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიძინა.

,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში, დღეისათვის გაცემულია 24,7 ათასი სესხი, ჯამური ღირებულებით - 651 მილიონ ლარამდე. დაფინანსებულია 89 ახალი საწარმო, ხოლო გაფართოება/გადაიარაღებისთვის დაფინანსებულია 580 საწარმო.

სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, დამტკიცებულია 16 პროექტი. დამტკიცებული თანხა 12 მილიონ დოლარამდეა.

2014 წლის პირველი სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. ეს პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის 95%-მდე სუბსიდირებას ითვალისწინებს.

ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სუბსიდიამ 3,2 მილიონი ლარი შეადგინა; განხორციელდა სამეწარმეო ციტრუსის სუბსიდირების პროცესიც. სუბსიდირებული იყო საქართველოში რთველიც.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 376 კოოპერატივს, მათ შორის 99 კოოპერატივი მაღალმთიან რეგიონშია. კოოპერატივებში გაერთიანებულია 2 956 მეპაიე. კოოპერატივებისთვის უკვე გაცემულია: მოტობლოკების კომპლექტი - 169, დამატებითი ხელის სათესი - 117.

სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, დღეის მონაცემებით, გასარწყავებულია 88 ათასი და დაშრობილია 25 ათასი ჰექტარი.

ამას გარდა, სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული აქტივობებიდან საინტერესოა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების აღსრულებისთვის გადადგმული ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა: რძის და თაფლის ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება; სურსათის უვნებლობის სამსახურის გააქტიურება; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ საერთაშორისო სერტიფიკატების მიღება; სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნა და ა.შ.

როგორც ვხედავთ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა რამდენიმე სახეობად შეგვიძლია დავყოთ: სუბსიდიები (ვაშლი, მანდარინი, ყურძენი, ხვნა-თესვის სამუშაოები და ა.შ.); ინფრასტრუქტურის მშენებლობა (სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია); ინსტიტუციონალური მშენებლობა (კოოპერატივები) და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების დაწყება. თუ ბოლო სამ მიმართულებასთან დაკავშირებით კითხვები, არსებითად, არ ჩნდება, დამაფიქრებელია ერთი ციფრი: 2012 წლიდან 2014 წლამდე სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მშპ-ში 8,6 პროცენტიდან 9,4 პროცენტამდე გაიზარდა, ანუ, სულ, 0,8 პროცენტით. არის თუ არა ეს დამაკმაყოფილებელი შედეგი და ხომ არ მოიტანდა ამ თანხების (ლაპარაკია სუბსიდირების თანხებზე) სხვა სფეროებში (მაგალითად, ინფრასტრუქტურაში) ჩადება უფრო დიდ ზრდას, ეს უკვე ცალკე განსჯის თემა შეიძლება იყოს.