მესხური სპეციფიკური კერძები, ათასწლოვანი ნაგებობები და ულამაზესი გეოგრაფიული მდებარეობა – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ღირებულებებისა, რის გამოც ასპინძის რაიონის სოფელ საროს აღდგენა იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყება. სოფლის მკვიდრი, ისტორიკოსი ოთარ ლონდარიძე ამბობს, რომ სარო მრავალმხრივ არის ტურისტებისთვის საინტერესო.
Your browser doesn’t support HTML5
საროს მესხური დარბაზების დიდი ნაწილი დაზიანებულია. მის აღსადგენად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად MDF-ი დაახლოებით 2 მლნ 300 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. მესხური დარბაზები მე-18 საუკუნიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში. დარბაზული სახლის მთავარი თავისებურება გვირგვინიანი გადახურვა იყო. გვირგვინი ხის მრავალსაფეხურიან გუმბათს წარმოადგენდა, რომელიც საშუქე და კვამლის ასასვლელი პატარა ერდოთი მთავრდებოდა. დარბაზული სახლის შუაგულში კერა იყო გამართული, მის თავზე კი - აყარი. ასპანიძის ადგილობრივ მცხოვრებ კახას ინფორმაციით, სოფელში 30–მდე მიწურის აღდგენა იგეგმება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც აპირებს. სოფელში ამ დროისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საროს რეაბილიტაციის ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობაც ჩაერთვება. ლევან ცაბაძე ირწმუნება, რომ2019 წელს საროს აღდგენა დასრულებული იქნება.
სარო ასპინძის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1480 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი სამცხისა და ჯავახეთის ისტორიული საზღვარია. სოფელ საროს შემოგარენში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები ადასტურებს, რომ აქ ცხოვრება ძვ. წ. III – II ათასწლეულიდან დაიწყო.