როგორ ემზადებიან სოჭისთვის გეი ათლეტები

მომავალი წლის თებერვალში რუსეთი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ათლეტები სულ უფრო ინტენსიურად ემზადებიან სპორტული შეჯიბრებებისათვის, თუმცა არამარტო სპორტული შეჯიბრებებისთვის. არაერთ ჰომოსექსუალ სპორტსმენს სურს, თავის გულშემატკივრებთან ერთად გამოხატოს კრიტიკა რუსეთში ჰომოსექსუალთა უფლებების შემზღუდველი კანონების მიმართ. რას აპირებს და რამდენად შეძლებს თავისი გეგმების განხორციელებას ეს ხალხი?

ახალზელანდიელი ბლეიკ სკელერაპი ციგურებით მორბენალია. ის ცისარტყელის ფერებიანი გულსაბნევით გადის ტრასაზე, ხოლო ამერიკელ ფიგურულ მოციგურავე ჯონი უეირს ექსტრავაგანტული, ფერადი კოსტუმით უყვარს სრიალი. ტურნირებზე მას მეუღლე დაჰყვება. ორივე სპორტსმენი - სკელერაპიც და უეირიც - კატეგორიულად უარყოფს უფლებადამცველი აქტივისტებისა და ათლეტების მოწოდებას სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტისაკენ. ორივეს სჯერა, რომ რუსეთში გავრცელებული ჰომოფობიის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირება რუსეთშივეა საჭირო.

მაგრამ ზამთრის ოლიმპიური თამაშები ახლოვდება, პასუხი კი შეკითხვაზე, როგორ, რა ფორმით დაგმობენ ათლეტები ჰომოფობიას, ჯერ არ ჩანს. რის უფლებას მისცემენ მათ რუსეთის ხელისუფალნი?

სოჭის ოლიმპიური ტურნირის ოფიციალურად დადასტურებულ მონაწილეებს შორის 28 წლის ახალზელანდიელი ბლეიკ სკელერაპი ჯერჯერობით ერთადერთი ღიად ჰომოსექსუალი სპორტსმენია. ის აპირებს, ასპარეზობისას ლგბტ-ს ტრადიციული ცისარტყელის ფერებიანი გულსაბნევით მიიქციოს ყურადღება ყინულის მოედანზე:

„მეტისმეტად დიდხანს ვმალავდი ჩემს სექსუალურ ორიენტაციას და ეს სულაც არ იყო სასიამოვნო პერიოდი. არ ვაპირებ, სხვა ადამიანად ვიქცე მარტო იმიტომ, რომ რომელიღაც ქვეყანაში რაღაც წესები არსებობს“.

მეტისმეტად დიდხანს ვმალავდი ჩემს სექსუალურ ორიენტაციას და ეს სულაც არ იყო სასიამოვნო პერიოდი. არ ვაპირებ, სხვა ადამიანად ვიქცე მარტო იმიტომ, რომ რომელიღაც ქვეყანაში რაღაც წესები არსებობს...
ბლეიკ სკელერაპი
რუსეთში არსებულ წესებს რაც შეეხება, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ივნისში მოაწერა ხელი კანონპროექტს, რომელიც ჰომოსექსუალურ „პროპაგანდას“ კრძალავს. ამ კანონით, კრიმინალიზებულია არასრულწლოვანებთან ე.წ. „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის“ პროპაგანდა. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია 100 ათას რუბლამდე (ანუ 30 000 დოლარამდე) ოდენობის ჯარიმა. უფრო მკაცრია სანქციები უცხო ქვეყნების მოქალაქეთა წინააღმდეგ - მათ, ჯარიმასთან ერთად, 15 დღემდე პატიმრობა და რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრებათ.

უფლებადამცველების შეფასებით, რუსეთში ამოქმედებული ეს კანონი ოფიციალურ ფორმას აძლევს ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიას, რომელიც ხშირად გამოიხატება გეების მიმართ ფიზიკური ძალადობით. კანონის ამოქმედების შემდეგ ჰომოფობიით მოტივირებული რამდენიმე მკვლელობაც მოხდა.

22 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დაჰპირდა, რომ არ დაუშვებს სოჭის ტურნირზე ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციას. როგორც ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, მან მიიღო რუსეთის ვიცე-პრემიერ დმიტრი კოზაკის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოჭში სიხარულით მიიღებენ ყველა სტუმარს, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.

თუმცა ათლეტებს, მათ მწვრთნელებს, მხარდამჭერებს თუ ჟურნალისტებს, ვინც თებერვალში სოჭში ჩასვლას აპირებს, თავსატეხს უჩენს, უწინარეს ყოვლისა, ცნება „ჰომოსექსუალური პროპაგანდის“ ბუნდოვანება. ის დიდ ადგილს უტოვებს თვითნებურ ინტერპრეტაციას, რომელსაც შესაძლოა მკაცრი სანქციები მოჰყვეს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებს ტელევიზიით, სავარაუდოდ, მილიონობით არასრულწლოვანიც მიადევნებს თვალს.

თუ ოლიმპიურ ტურნირში მივიღებ მონაწილეობას, ჩემი ქმარი, მთელი მისი ოჯახი და მთელი ჩემი ოჯახი - იქ ყველა შეიკრიბება ჩემს საქომაგოდ. და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მშვენიერი მესიჯი. რუსი ემიგრანტების ოჯახი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, უგულშემატკივრებს თავისი ჰომოსექსუალი ვაჟიშვილის მეუღლეს. ეს არის რაღაც ძალიან თანამედროვე და რაღაც ძალიან ახალი და უდავოდ გამოხატავს პოზიციას...
ჯონი უეირი
შეიძლება, ვთქვათ, ახალზელანდიელი ციგურებით მორბენალი ბლეიკ სკელერაპის დაჯარიმების და დაპატიმრების მიზეზი გახდეს გულსაბნევი, რახან ის ჰომოსექსუალთა სოლიდარობის გამომხატველ ფერებში იქნება? ამერიკელმა სენატორმა ჩარლზ შუმერმა სოჭის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქვეყნებს მოუწოდა, ცისარტყელის ფერებიანი დროშებით გამოვიდნენ ტურნირის გახსნის ცერემონიაზე. ამას გარდა, ხელმოწერები გროვდება ინტერნეტპეტიციაზე, რომლითაც დიდი ბრიტანეთის ოლიმპიურ ნაკრებს მოუწოდებენ, ცისარტყელის ფერებიანი კოსტუმებით ასპარეზობისაკენ. რა რეაქციას შეიძლება მოველოდეთ რუსეთის ხელისუფლებისაგან?

ამერიკელ ფიგურულ მოციგურავე ჯონი უეირს, რომელსაც სოჭში წარმატების კარგ შანსებს უწინასწარმეტყველებენ, ყინულზე თვალშისაცემი, ბრჭყვიალა დეკორაციით გაფორმებულ კოსტუმში სრიალი სჩვევია. ის ამბობს, რომ არ აპირებს, ცისარტყელის ფერებით გამოხატოს თავისი პოზიცია, მაგრამ პოზიციის გამოხატვა იქნება, თავისთავად, სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. მით უმეტეს, რომ მასთან ერთად სოჭში ჩავა მისი მეუღლე - წარმოშობით რუსი ამერიკელი მამაკაცი.

„გარეგნულ მხარეს რაც შეეხება, თუ ოლიმპიურ ტურნირში მივიღებ მონაწილეობას, ჩემი ქმარი, მთელი მისი ოჯახი და მთელი ჩემი ოჯახი - იქ ყველა შეიკრიბება ჩემს საქომაგოდ. და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მშვენიერი მესიჯი. რუსი ემიგრანტების ოჯახი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, უგულშემატკივრებს თავისი ჰომოსექსუალი ვაჟიშვილის მეუღლეს. ეს არის რაღაც ძალიან თანამედროვე და რაღაც ძალიან ახალი და უდავოდ გამოხატავს პოზიციას. არ არის საჭირო, გულსაბნევით გამოვიდე ლგბტ-ს თემისათვის იმის საჩვენებლად, რომ მხარდაჭერას ვუცხადებ და მათ გვერდით ვდგავარ“.

ამერიკელმა ათლეტმა იცის, რომ სანქციებისაგან დაზღვეული არ არის, მაგალითად, სოციალურ მედიაში გავრცელებული მასალის გამო. მისი მეუღლის, ვიქტორ ვორონოვის ანგარიშზე გამოქვეყნებულ ფოტოებს შორის ერთ-ერთზე ჩანს წყვილი კოცნის მომენტში - მოსკოვში, წითელ მოედანზე.

ჩაითვლება თუ არა რუსეთში თუნდაც ეს ფოტო „ჰომოსექსუალურ პროპაგანდად“ ? საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, მართალია, საჯაროდ დაგმო გეების დისკრიმინაცია, მაგრამ ისიც განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშები „არ არის ადგილი აქტიური პროტესტისა და დემონსტრაციებისათვის“. ჩვენი რადიოსთვის წერილობით მოწოდებულ განმარტებაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კომიტეტი ინდივიდუალურად მიუდგება სადავო შემთხვევებს. ამდენად, წინასწარ ნათელი არ არის, ოლიმპიური კომიტეტი „პოლიტიკურ ჟესტად“ და, შესაბამისად, მიუღებლად ჩათვლის თუ არა სოჭში ჰომოსექსუალური იდენტობის ღიად გამოხატვას ან ჰომოფობიის ხმამაღლა დაგმობას...

აქტივისტები ამბობენ, რომ ყურადღებით მიადევნებენ თვალს ოლიმპიური კომიტეტის ქმედებებს. ამ აქტივისტებს შორის არის ამერიკელი კონგრესმენი, ღიად ჰომოსექსუალი მარკ ტაკანო.

„როცა ღიად ჰეტეროსექსუალი პირი ხარ, ეს არ ითვლება პოლიტიკურ პოზიციად ან რელიგიურობის გამოხატვად. ხარ, უბრალოდ, ადამიანი, რომელიც ხარ. და მე ვიტყოდი, რომ ასეა იმ ხალხის შემთხვევაში, ვინც ღიად გეია, ღიად ლესბოსელი, ღიად ბისექსუალი, ღიად ტრანსგენდერი. ამას, რაღაცნაირად, მიაწერო პოლიტიკური მესიჯი, მაშინ როცა ღიად ჰეტეროსექსულობა ასეთ მესიჯს არ ატარებს, ეს აბსურდია“, უთხრა ჩვენს რადიოს ამერიკელმა კონგრესმენმა.

რუსეთის კანონმდებლობა შესაძლოა გაურკვევლობას იწვევდეს, მაგრამ ერთი რამ წინასწარვე ნათელი ჩანს: სოჭის ტურნირი, ჰომოფობიის პრობლემის მიმართ ყურადღების მხრივ, სრულიად გამორჩეული ოლიმპიური თამაშები იქნება.