სლოვაკეთის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, სლოვაკეთი, ემხრობა საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის საპარლამენტო არჩევნებამდე მინიჭებას. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა. სლოვაკეთი 1 ივლისს ჩაუდგა სათავეშიევროკავშირს, რომელსაც მანამდე ნიდერლანდი ხელმძღვანელობდა.

Your browser doesn’t support HTML5

სლოვაკეთის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის

სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიროსლავ ლაიჩაკი 12 ივლისს გამოვიდა ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე სასაუბროდ.

„საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და ეს მკაფიოდ გამოაცხადა ევროპის კომისიამ. ამდენად, ჯერი ახლა ჩვენზეა - ვგულისხმობ უვიზო რეჟიმის შეთავაზებას“, განაცხადა ლაიჩაკმა და გამოთქვა აზრი,რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა საქართველოში წლევანდელი, 8 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნებამდე გადადგას ეს ნაბიჯი.

„საქართველოს შემთხვევაში, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ პოლიტიკური კალენდარი და ის გარემოება, რომ იქ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის რაც შეიძლება მალე მინიჭება. და შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის მორიგე სლოვაკი ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ჩვენს ქართველ პარტნიორებთან და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოში და დავიწყებთ ტრიალოგს - თქვენთან, ევროპის პარლამენტთან, კომუნიკაციის მიზნით. და ვაპირებთ დროულად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე, დავასრულოთ ეს პროცესი. ეს მართლა მიმაჩნია ჩვენს პასუხისმგებლობად. შემდეგ ჯერი უკრაინაზე მიდგება“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სლოვაკეთი 1 ივლისიდან ნახევარი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ევროკავშირს - უხელმძღვანელებს რთულ პერიოდში, როცა მასობრივ მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისი და „ბრექსიტის“, ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის, პერსპექტივა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აყენებს ბლოკს. შესაბამისად, ეს ორი საკითხი იდგება ყურადღების ცენტრში ევროკავშირის სამიტზე, რომელსაც 16 სექტემბერს უმასპინძლებს სლოვაკეთის დედაქალაქი, ბრატისლავა.

„ეჭვი არ არის, რომ ეს სამიტი იქნება სლოვაკეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. ეს იქნება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერების არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელიდან მოშორებით, სადაც ძალიან გულახდილად ვიტყვით, რა მომავალი გვსურს ევროპული პროექტისათვის“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ 1 ივლისს ბრატისლავაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა განსაზღვრავს ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტებს და ცდილობს განსხვავებული პოზიციების მქონე წევრებს შორის კომპრომისის მოძებნას. როგორც სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის 12 ივლისის განცხადება აჩვენებს, პრიორიტეტებს შორის არის საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის საპარლამენტო არჩევნებამდე, ანუ წლევანდელ ოქტომბრამდე, მინიჭებაც.