Sky News: ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი დერეფანი შექმნა

ისრაელის ტანკი ღაზის სექტორის მახლობლად. 21 აგვისტო, 2024.

ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ერთ კილომეტრამდე სიგანის ახალი დერეფანი შექმნა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ისრაელის ხელისუფლების სურვილზე, გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს თავისი ყოფნა რეგიონში. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება Forensic Architecture-ის თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით.

დერეფანი გადის ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვრიდან ქალაქ ბეით-ჰანუნის გარეუბნამდე. ახალი მარშრუტის შესაქმნელად ისრაელის არმიამ რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა ჯავშანტექნიკის თავისუფლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად, წერს გამოცემა.

ასევე ნახეთ ბორელს ისრაელის ორი მინისტრისთვის სანქციების დაწესება სურს

ისრაელი უკვე აკონტროლებს ორ სტრატეგიულ დერეფანს ღაზის სექტორში - ნეცარიმს და ფილადელფიას. ისრაელის არმია ამ პოზიციებს პლაცდარმებად გამოიყენებს ჯიჰადისტური ჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად, როცა საჭიროებისამებრ აწარმოებს ოპერაციებს ღაზის სექტორში, ისევე როგორც ოპერაციებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ნათქვამია გამოცემაში.

მანამდე ისრაელის უშიშროების კაბინეტმა გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა ისრაელის ჯარების ყოფნა ფილადელფიის დერეფანში ეგვიპტისა და ღაზის სექტორის საზღვარზე. ამის წინააღმდეგ გამოვიდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი იოავ გალანტი. ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა კენჭისყრაში თავი შეიკავა.

ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხის ცნობით, გალანტმა სამხედრო კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ მძევლების თაობაზე შეთანხმება არ იქნა მიღწეული, ქვეყანა შეიძლება რამდენიმე ფრონტზე ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ეს შეფასება, როგორც იტყობინებიან, თავდაცვის მინისტრმა გააკეთა დოკუმენტში, რომელიც წარედგინა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მაღალჩინოსნების ვიწრო წრეს. ჟურნალისტების თქმით, დოკუმენტში მითითებულია, რომ ისრაელი "სტრატეგიულ გზაგასაყარზეა".