სკოლის მოსწავლეების ბიზნესად ქცეული იდეა

ნიცა, სოფო, ივა, ქეთა, ფიო და ნატალია 16-17 წლის სკოლის მოსწავლეები არიან. მათთვის გარეგნობა თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა, საკუთარი სტილის შექმნა კი საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესი.

Your browser doesn’t support HTML5

სკოლის მოსწავლეების ბიზნესად ქცეული იდეა

Wasted Concept Store სოციალურ ქსელში ნოემბერში გამოჩნდა და მომხარებლის დიდი ინტერესიც გამოიწვია. მაღაზიის გახსნის იდეა 6 მეგობარს ეკუთვნის, რომლებმაც გადაწყვიტეს სკოლის გაკვეთილები და ბიზნესი ერთმანეთისთვის შეეთავსებინათ. მაღაზია ფალიაშვილის 32 ნომერში მდებარეობს და მყიდველს ვინტაჟურ ტანსაცმელს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.

ნატალია შატბერაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ვინტაჟური მაღაზიის გახსნის იდეა მეგობრებს დიდი ხნით ადრე გაუჩნდათ:

„იდეა დიდი ხანია არსებობს. ბოლო სამი წელია, რაც მეორადებში დავდივართ და ჩვენთვის ვარჩევთ ტანსაცმელს. ვამჩნევდით, რომ ჩვენ მიერ შერჩეული ტანსაცმელი საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევდა. ნელ-ნელა გაჩნდა იდეა, რომ ფართო საზოგადოებისთვისაც გაგვეზიარებინა ჩვენ მიერ შერჩეული ტანსაცმელი“.

მეორად მაღაზიებში სიარული და, მით უმეტეს, დაკეცილი სუფთა ტანსაცმლის ყიდვა მარტივი არაა. Wasted Concept Store-ში ეს „პრობლემა“ გადაჭრილია. მაღაზიის შემქმნელები ცდილობენ გაითვალისწინონ თანატოლების გემოვნება და ისე შეარჩიონ ეგრეთ წოდებული ფუთებიდან ტანსაცმელი, რომელიც შემდეგ მაღაზიაში დაიკიდება. მეგობრებისთვის ყველაზე რთული მაინც სპონსორის მოძიება იყო. იდეას განხორციელება სჭირდება და ამისთვის ფინანსებია საჭირო. მიმართეს ბევრ კომპანიას, რამდენიმე მათგანმა დაინტერესებაც გამოთქვა, საბოლოო ჯამში კი, ყველა კომპანიამ სკოლის მოსწავლეებს დახმარებაზე უარი უთხრა.

„გვქონდა დაწერილი პროექტი, რომელიც ძალიან ემთხვეოდა ერთ-ერთი კომპანიის ხედვას. კომპანიაში პროექტი ძალიან მოეწონათ, მაგრამ ბოლოს უარი გვითხრეს. შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენითუნდა გვექნა ყველაფერი და გადავწყვიტეთ მშობლებისთვის გვეთხოვა ფული. ესეც მოვიქეცით, ვისესხეთ ფული და ვიყიდეთ ტანსაცმელი. ამასობაში გამოჩნდა ერთი კაცი, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო ფალიაშვილის ქუჩაზე დიდი ფართი, სადაც გავხსენით მაღაზია“.

პროდუქციის საშუალო ფასი 15 ლარია. კოლექციის განახლება კვირაში ერთხელ ხდება. მაღაზია მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 14:00-დან 20:00-მდე.

Wasted Concept Store სივრცე, მაღაზიის გარდა, თავის თავში საგამოფენო სივრცესაც აერთიანებს. როგოც ნატალიამ გვითხრა, მომავალში შესაძლებელია მოეწყოს გამოფენები დაART საღამოები.