სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადავიდა

სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლა, ლაგოდეხი

ამიერიდან სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწევთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკუთარი უფლება-მოვალეობების ნაწილი თვითმმართველობებს გადააბარა. რა სახსრებით აშენდება სკოლები და როგორ შეხვდნენ სიახლეს კახეთში?

Your browser doesn’t support HTML5

სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადავიდა

სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადავიდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადასცა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში, 14 წელია, საჯარო სკოლის აშენებას ითხოვენ.

როდის აშენდება წინუბანში სკოლა, ახლა ამ შეკითხვას პასუხი ახმეტის მერიამ უნდა გასცეს.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ კახეთში 17 სკოლაა, სადაც მოსწავლეებს განათლების მიღება ავარიულ სკოლაში უხდებათ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადასცა. შესაბამისად,ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება, სად რომელი სკოლა აშენდეს ან რომელს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი თინაძე გვეუბნება, რომ მათი უწყება მხოლოდ იმ პროექტებს დაასრულებს, რომლებიც უკვე დაწყებულია ან ტენდერია გამოცხადებული.

„სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია გადავიდა მუნიციპალიტეტის გამგეობებში, ანუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ახალი სკოლების მშენებლობა და ძველის რეაბილიტაცია. ჩვენ გამგეობებს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას და დამუშავებულ პროექტებს გადავცემთ... დანარჩენი უკვე მათი პრეროგატივაა“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში, 14 წელია, საჯარო სკოლის აშენებას ითხოვენ. სკოლის ყოფილი ავარიული შენობა დაინგრა. მოსწავლეები განათლებას ახლა სოფლის კულტურის სახლის ყოფილ შენობაში იღებენ, სადაც არასათანადო პირობებია. როდის აშენდება წინუბანში სკოლა, ახლა ამ შეკითხვას პასუხი ახმეტის მერიამ უნდა გასცეს. მერი იოსებ ქარუმაშვილი ამბობს, რომ წინუბნის გარდა ახმეტაში კიდევ რამდენიმე სკოლაა, სადაც, მისივე სიტყვებით, „კატასტროფული მდგომარეობაა“. ახმეტის მერი განმარტავს, რომ, მართალია, სკოლებში არსებული პრობლემების მოგვარება მათი პრეროგატივა ხდება,მაგრამ თანხას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადაიხდის:

„სამინისტრო ამ ეტაპზე 200 000 ლარს გვაძლევს, რომელიც უნდა გადავანაწილოთ ისეთ კატასტროფულ სკოლებზე, როგორიც არის, თუნდაც, წინუბნის სკოლა. ახმეტაში გვაქვს კიდევ ახაშენის სკოლა, რომელიც ძალიან მისახედია. მუნიციპალიტეტებს სკოლების ინფრასტრუქტურული ნაწილი, ალბათ, იმიტომ გადმოგვეცა, ასეთ საკითხებზე ყურადღება გავაუმჯობესოთ. ჩვენი სამსახურები უფრო გამოცდილები არიან, ვიდრე სკოლის დირექტორები“.

ძალიან საინტერესოა, როგორ შეხვდა თითოეული მუნიციპალიტეტი ამ ვალდებულებას. ვფიქრობ, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს ზედამხედველობის ფუნქცია დაეკისრება.
მაია გედევანიშვილი

სიახლე, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული საკითხები ადგილობრივ ხელისუფლებას გადააბარა, ცნობილია სახალხო დამცველის აპარატისთვის, სადაც, თავის მხრივ, სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მუდმივად სწავლობენ და ანგარიშებს ამზადებენ. სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ კახეთში 17 სკოლაა, სადაც მოსწავლეებს განათლების მიღება ავარიულ სკოლაში უხდებათ. როგორც ომბუდსმენის ბავშვთა უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა გვითხრა, მისთვისაც საინტერესოა, როგორ შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამინისტროს გადაწყვეტილებას და რა რესურსით იგეგმება სკოლების მშენებლობა:

„მუნიციპალიტეტების სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გამგეობამ უნდა იზრუნოს. ძალიან საინტერესოა, როგორ შეხვდა თითოეული მუნიციპალიტეტი ამ ვალდებულებას. ვფიქრობ, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს ზედამხედველობის ფუნქცია დაეკისრება“.

აღსანიშნავია, რომ კახეთში ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისთვის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული, თუმცა ფულის სიმცირის გამო ბაღების დიდ ნაწილში, განსაკუთრებით კი რეგიონის სოფლებში, ინფრასტრუქტურული პრობლემები ვერ გვარდება.