აღდგენილი ეროვნული გამოცდები და ერთწლიანი ავტონომია სკოლებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი.

”მოსწავლეებზე მორგებული სქემა” უწოდა 29 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელს, რომელიც მან გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, მაია მიმინოშვილთან ერთად სპეციალურ ბრიფინგზე წარმოადგინა და რომლის მიხედვითაც, 2013 წლიდან მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენის, მათემატიკისა და ისტორიის ჩაბარება მოუწევთ. ცნობილი გახდა ისიც, რომ აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში კვლავაც ერთიანი ეროვნულ გამოცდების გზით მოხვდებიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ”უმოკლეს ვადაში” შემუშავებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელის თანახმად, მომავალი წლიდან სკოლაში გამოცდები ჩატარდება როგორც მე-11, ისე მე-12 კლასებში. როგორც გიორგი მარგველაშვილმა 29 ოქტომბერს განაცხადა, გამოცდები ჩატარდება მაშინ, როდესაც, სასწავლო გეგმის თანახმად, დასრულდება ამა თუ იმ საგნის სწავლება.

”ეს არის მოსწავლეზე მორგებული სქემა. გამოცდები აღარ ჩატარდება ერთ პერიოდში და არ იქნება ისე დამძაბველი, როგორც ეს იყო მანამდე. გამოცდები გაიყოფა წლების მიხედვით”.

გამონაკლისი შეეხება მხოლოდ ახლანდელ მე-12 კლასელებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, სასწავლოს წლის ბოლოს ჩააბარებენ ყველა გამოცდას, თუმცა პროცესზე პასუხისმგებელი 2012-2013 სასწავლო წელს იქნება სკოლის დირექცია და არა ერთიანი გამოცდების ეროვნული ცენტრი. ერთიანი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ წელს მე-12 კლასელები გამოცდებს ჩააბარებენ სკოლაში, შემდეგ კი მოემზადებიან მისაღები გამოცდებისათვის. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ისეთივე წესით, როგორც ტარდებოდა წინა წლებში, წლევანდელ საატესტატო გამოცდებზე ბოლომდე პასუხისმგებელი კი სკოლა იქნება:

”ბარიერს ადგენს სკოლა. თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი ფორმატის იქნება გამოცდა და ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ატესტატი. თუმცა ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ შეხვედრებს სკოლის დირექტორებთან და მათ აზრსაც მოვისმენთ. შესაძლოა, მათ დასჭირდეთ ჩვენი დახმარება ან ჩვენგან ბარიერის დადგენა. შეგვიძლია ასევე მივაწოდოთ საგამოცდო ტესტებიც”.
განათლების ყოფილმა მინისტრმა შაშკინმა თავისი მუშაობის პერიოდში მთელი ეს მონაცემთა ბაზები რატომღაც გამოცდების ეროვნული ცენტრიდან სამინისტროში გადაიტანა, რაც აჩენს კითხვებს ამ ბაზების დაცულობის თაობაზე ...
გიორგი მარგველაშვილი

შემდეგი წლის მე-12 კლასელებს (ამჟამინდელ მე-11 კლასელებს) მოუწევთ მე-11 კლასში მაისის თვეში ჩააბარონ ოთხი გამოცდა - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია, ხოლო უკვე მე-12 კლასის ბოლოს, მაისში, კიდევ ოთხი გამოცდის ჩაბარება - ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიისა და უცხო ენის”.

ამჟამინდელ მე-11 კლასელებს ასეთი შეთავაზება აქვთ:

”მათ შეუძლიათ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია, რომლის სწავლებაც სრულდება მე-11 კლასში, შემოდგომაზევე ჩააბარონ, ხოლო თუ რომელიმე საგანში ვერ გადალახავენ ბარიერს, მაისში კიდევ ერთხელ გადააბარონ გამოცდა”.

29 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილმა ისიც თქვა, რომ ხელახლაა შესამუშავებელი მთლიანად საგამოცდო ბაზები, რადგან, მისივე თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ ეს ბაზები არ არის გახსნილი:

”განათლების ყოფილმა მინისტრმა შაშკინმა თავისი მუშაობის პერიოდში მთელი ეს მონაცემთა ბაზები რატომღაც გამოცდების ეროვნული ცენტრიდან სამინისტროში გადაიტანა, რაც აჩენს კითხვებს ამ ბაზების დაცულობის თაობაზე. ასე რომ, დაზღვეული არ ვართ იმისგან, რომ მთელი საგამოცდო მასალა არ იყოს წარმოდგენილი გამოცდების წინა დღეს”.

ილიას სახელმწიფი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნათია ანდღულაძე იმედს გამოთქვამს, რომ განათლების სისტემის კონცეფციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ მთლიანად გადაიხედება გამოცდებისადმი დღეს არსებული დამოკიდებულება. მისი აზრით, საკითხავია, უნდა ჰქონდეს თუ არა ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტების ხარისხის კონტროლის ფუნქცია და ხომ არ არის ეს უნივერსიტეტების ავტონომიურობის შეზღუდვა.
პრობლემა შესაძლოა შექმნას იმან, რომელი სკოლა რაგვარად ჩაატარებს ამ გამოცდეს, რადგან ისინი, ვინც გამოცდებს ობიექტურად ჩაატარებენ, სერიოზულად რისკავენ, რომ ბავშვები გადავიდნენ იმ სკოლიდან და სხვა სკოლა დაამთავრონ ...
გია მურღულია

”ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ გამოცდების რაოდენობა გახდება უნივერსიტეტის ასარჩევი, ანუ მთავრობა თავს დაანებებს სტუდენტების ხარისხის კონტროლს და გადავა შედეგების ანგარიშვალდებულების სისტემის შექმნაზე, ანუ დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს შეადარონ უნივერიტეტები მათი შედეგების მიხედვით - ეს იქნება, ვთქვათ, დასაქმების მაჩვენებელი, სტუდენტების კმაყოფილება დ ა.შ.”.

ნათია ანღულაძის აზრით, მოჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება საატესტატო გამოცდებისათვის აჩენს საფრთხეს, რომ სკოლამ და მოსწავლემ ყურადღება გადაიტანონ არა გრძელვადიანი ცოდნის და უნარების, არამედ გამოცდების შედეგების მიღებაზე. სწორედ ამიტომ:

”მე მაინც მგონია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა გამოცდების გაძლიერებაზე და იმის კონტროლზე, თუ რა შედეგს იღებს ბავშვი, არამედ სკოლის და მასწავლებლის გაძლიერებაზე, იმისათვის რომ ბავშვმა სკოლაში თავისი ნებით იაროს და არა ძალდატანებით”.

როგორ შეხვდებიან სკოლები ამ სიახლეს? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ 24-ე სკოლის დირექტორს გია მურღულიას მიმართა, რომელიც დადებითად აფასებს გამოცდების ორ წელზე გადანაწილების ფაქტს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ წელს სკოლებს პრობლემები შეექმნას:

”პრობლემა შესაძლოა შექმნას იმან, რომელი სკოლა რაგვარად ჩაატარებს ამ გამოცდეს, რადგან ისინი, ვინც გამოცდებს ობიექტურად ჩაატარებენ, სერიოზულად რისკავენ, რომ ბავშვები გადავიდნენ იმ სკოლიდან და სხვა სკოლა დაამთავრონ. ამას გარდა, ჯერჯერობით დაუდგენელია რა სახით, რა ფორმატით ჩატარდება ეს გამოცდები, რაიმე ინსტრუქცია იქნება თუ არა ამის თაობაზე, ჯერ არაფერი ვიცით. ისე კი, საერთოდ, პრინციპია ასეთი, რომ ვინც საქმეს აკეთებს, თვითონ არ უნდა იყოს თავის მიერ შესრულებული საქმის შემფასებელი. ეს ერთი წელი ასე გამოვა და, მე მგონი, ეს ცოტა დამაფიქრებელია”.