გორში ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის მიღების შეყოვნებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, შემათანხმებელ კომისიასთან, რომელიც ბიუჯეტის პროექტის ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობდა, სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, რომ 14 იანვარს რიგგარეშე სხდომა გაიმართებოდა და ბიუჯეტს დაამტკიცებდნენ, მაგრამ, “ქართული პარტიის” წევრის ილია მეტრეველის აზრით, რეგლამენტის მიხედვით, რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის დამტკიცებამდე იმპიჩმენტის საკითხი უნდა განხილულიყო, ამიტომ საკრებულოს ხელმძღვანელობამ სხდომა სკამების შენარჩუნების მიზნით გადადო, ეს კი არაერთი პროექტის შეფერხებას იწვევს.
გორის საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა მერიის მიერ მომზადებული 2016 წლის ბიუჯეტი ორჯერ უკვე ჩააგდო. ამის შემდეგ შეიქმნა შემათანხმებელი კომისია, რომელშიც, საკრებულოს წევრების გარდა, მერიის თანამშრომლებიც შედიოდნენ. მომზადდა ალტერნატიული პროექტი და ყველა რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ელოდებოდა. ამასობაში ოპოზიციამ საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და 4 კომისიის თავმჯდომარის უნდობლობის ინიციატივით მიმართა. პროცესი ჩიხში შევიდა. “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი თამარ თედლიაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი კოალიციის წარმომადგენლები პროცესს შეგნებულად აჭიანურებენ, რათა როგორმე თავიდან აიცილონ იმპიჩმენტი.
საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხებს. მისი თქმით, რიგგარეშე სხდომა და მისი წინმსწრები ბიუროს სხდომა დანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, არც არაფერი გადადებულა. კობერიძის აზრით, ყველაფერი საკრებულოს რიგით სხდომაზე თებერვლის დასაწყისში გაირკვევა. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიმდინარე პროექტების დაფინანსებას საფრთხე აღარ ექმნება, რადგან საკრებულომ ფინანსთა სამინისტროსგან უკვე მიიღო დასტური შარშანდელი ბიუჯეტის პარამეტრებით მუშაობისა და ერთი მეთორმეტედის ხარჯვის შესახებ.
ქალაქის თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესს პოლიტიზებულად მიიჩნევს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი. მისი აზრით, ოპოზიციამ უარგუმენტოდ ჩააგდო ბიუჯეტის პროექტი.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი მერის საპასუხოდ არასამეწარმეო იურიდიულ პირთა დაფინანსებას ასახელებენ. მათი აზრით, მერია შეგნებულად ქმნის აიპებს, სადაც კოალიციის მხარდამჭერებს ასაქმებს, ბიუჯეტიდან ხელფასს უხდის და ამით საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს ქმნის.