ბორჯომში ოპოზიცია ზეწოლაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატები კი უსულგულობაზე ალაპარაკდნენ

ბორჯომი

ბორჯომში 16 მარტს დანიშნული რიგგარეშე სხდომა მეექვსედ გადაიდო. საკრებულო მერიისგან ისევ ხელფასის ოდენობის კორექტირებას ითხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტავენ, რომ მერია კანონს არღვევს, როცა ხელფასებს ძველი საშტატო ნუსხით არ გასცემს. ლეიბორისტი დეპუტატი ,,ქართულ ოცნებას“ კოლეგებზე ზეწოლასა და კრიზისის ხელოვნურად შექმნაში სდებს ბრალს. გიორგი გიუაშვილი ლიპარტიას შეთავაზებას მერის მიერ ჩამოწოდებულ სატყუარას უწოდებს, როცა მხოლოდ თავად იკლებს თანხას, მოადგილესა და სამსახურის უფროსებს კი მაქსიმალურად უმატებს.

Your browser doesn’t support HTML5

ბორჯომში ოპოზიცია ზეწოლაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატები კი უსულგულობაზე ალაპარაკდნენ

ზაზა ჩაჩანიძის მტკიცებით, მერია არ ეთანხმება ზღვრულ ფარგლებში ხელფასების მატებას და ანაზღაურების მაქსიმალურად გაზრდას ითხოვს. საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ რიგითი თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატების პრობლემა მათ არასდროს ჰქონიათ. ზაზა ჩაჩანიძე იმასაც განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ლიპარტიას, თანამშრომლობასა და დიალოგს სამუშაოს პირველივე დღიდან სთავაზობს, თუმცა, მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ამის სურვილი „ქართული ოცნებისგან“ ამ დრომდე ვერ დაინახა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებს მერის ნაცვლად საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ფერაძე პასუხობს. ის კოლეგებზე ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ„ქართული ოცნება“ ისევ რჩება ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა მერიის თანამშრომლები მოქალაქეების მომსახურებას კვლავ განაგრძობენ.ამბობს, რომ მერი არ იმატებს ხელფასს, თუმცა, კანონმდებლობის შესაბამისად, მოადგილეებსა და სამსახურის უფროსებს ანაზღაურება ახალი საშტატო ნუსხით უნდა დაუმტკიცდეს. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი ფერაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ყველა სამართლებრივი გზით იბრძოლებენ მერიის მიერ შეთავაზებული საშტატო ნუსხის დასამტკიცებლად.

ბორჯომი

ახალ საშტატო ნუსხისა და ხელფასების მომატების საკითხის გამო საკრებულოს სხდომა მეექვსედ გადაიდო. 13 მარტს ბორჯომში გამართულ ბრიფინგზე ლევან ლიპარტიამ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს გონივრული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. მერიის თანამშრომლები, უკვე მესამე თვეა, კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ.