ევროკავშირმა გადადო სირიაზე გადაწყვეტილება

ბრიუსელი, 15 მარტი: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ევროკავშირის სამიტზე

ევროკავშირის ლიდერებმა გადადეს გადაწყვეტილება საფრანგეთისა და ბრიტანეთის ინიციატივაზე, რომელიც სირიას ეხება: პარიზი და ლონდონი მოითხოვენ, გაუქმდეს ემბარგო, რომელიც ევროკავშირმა დააწესა სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან მებრძოლი მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდებაზე. ბრიუსელში პარასკევს გაკეთებული განცხადებით, საკითხს მომავალ კვირაში განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დაუშვებლად მიიჩნევს ევროკავშირის პასიურობას მაშინ, როცა სირიაში ხალხი იღუპება.

„ჩვენც უნდა ვიკისროთ პასუხისმგებლობა. ვერ დავუშვებთ, ხალხს ხოცავდეს რეჟიმი, რომელსაც, როგორც ჩანს, არ სურს რაიმენაირი დისკუსია, ან პოლიტიკური გარდაქმნა - რაც ახლა საკმარისად ცხადია“, - ეს შეფასება საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ხუთშაბათს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.

საფრანგეთთან ერთად ბრიტანეთიც ემხრობა სირიელი მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გაუქმებას. მაგრამ წინააღმდეგია ევროკავშირის ზოგი სხვა წევრი, მათ შორის გერმანია. ის შიშობს, რომ მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდება ისედაც მასშტაბური ძალადობის ესკალაციას გამოიწვევს. კანცლერ ანგელა მერკელის აზრით, ევროკავშირს „დიდი სიფრთხილე მართებს“.

ამ განსხვავებული პოზიციების გამო, გასაკვირია არ არის, რომ გადაწყვეტილება გადაიდო. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რუმპეს განცხადებით, ამ საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ დუბლინში, სადაც მომავალ კვირაში, 22 მარტს შეიკრიბებიან.

„ევროპის საბჭოს ზოგმა წევრმა წამოჭრა შეიარაღებაზე დაწესებული ემბარგოს საკითხი. შევთანხმდით, რომ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრებს დავავალებთ ვითარების შეფასებას, როგორც პრიორიტეტულ ამოცანას მომავალ კვირაში დუბლინის არაოფიციალურ შეხვედრაზე და დავავალებთ საერთო გადაწყვეტილების განვითარებას“, - განაცხადა რუმპემ პარასკევს, ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის დასასრულს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი გამოთქვამენ მზადყოფნას, იარაღი მიაწოდონ მეამბოხეებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირის წევრები კონსენსუსს ვერ მიაღწევენ. არადა, სირიელი მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდებაზე გადაწყვეტილებას ართულებს ვარაუდი, რომ იარაღი შესაძლოა, ხელში ჩაუვარდეთ ისლამისტ მეამბოხეებს, რომლებიც, მართალია, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ებრძვიან, მაგრამ დასავლეთისადმი მტრულად არიან განწყობილი.

ევროკავშირში დებატების ფონია ცნობები, რომელთა თანახმად, სირიის მმართველი რეჟიმის შეიარაღებას განაგრძობენ მისი მთავარი მოკავშირეები, ირანი და რუსეთი. მეორე მხრივ, სირიელ მეამბოხეებიც იღებენ უცხოეთიდან სამხედრო დახმარებას: მათ იარაღს აწვდიან საუდის არაბეთი და კატარი. შეერთებული შტატები მეამბოხეებისათვის „არალეტალური“ დახმარების გაწევით შემოიფარგლება.

ევროკავშირის სამიტი დაემთხვა სირიაში ამბოხების დაწყების მეორე წლისთავს. 2011 წლის 15 მარტს მშვიდობიანი დემონსტრაციები გაიმართა სირიის ქალაქებში, დემოკრატიული გარდაქმნის მოთხოვნით. დაპირისპირება მალე გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელმაც, გაეროს მონაცემებით, ამასობაში 70 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. მილიონს აღემატება მეზობელ ქვეყნებში გაქცეული სირიელების რიცხვი, ხოლო სირიის ტერიტორიაზე ოთხ მილიონამდე ადგილნაცვალი პირი რჩება.