რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები დასრულდა. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ბოლო ბრინჯაოს მედალი საქართველოს გენო პეტრიაშვილმა მოუტანა. 22 წლის მოჭიდავე ბრაზილიაში ოქროს მოსაპოვებლად წავიდა, მაგრამ მცირე შეცდომის გამო ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
გენოს დედა, სოფო მაისურაძე, ამბობს, რომ მის შვილს ყველაფერი წინ აქვს და არც ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდება უმედლოდ.
Your browser doesn’t support HTML5
მედლების სინჯისა და რაოდენობის მიხედვით, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში 38-ე ადგილზე გავიდა. ოქროს მედლები ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელმაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, და თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს. ლადოს გამარჯვებას გორში დიდი ზეიმი მოჰყვა. გორელები ქუჩაში გამოვიდნენ და ეს გამარჯვება ხმაურით აღნიშნეს. ცრემლებს ვერ იკავებდა ლადოს პაპა, გიგო ხინჩეგაშვილი.
გორიდან რიო-დე-ჟანეიროში 5 სპორტსმენი წავიდა, აქედან 3 უკან მედლით ბრუნდება. პირველი ბრინჯაო ძიუდოში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, რომელიც ჯერ კვარცხლბეკზეც არ იყო ასული, რომ დედას, თეა შავდათუაშვილს, დაურეკა და მიულოცა.
ოლიმპიური თამაშების განმავლობაში გორში, თეატრის სკვერში, ადგილობრივი გულშემატკივრები ქართველი სპორტსმენების გამოსვლას დიდ მონიტორზე ადევნებდნენ თვალყურს. ამ სკვერში არაერთხელ გაისმა სიხარულის ყიჟინა. გორის მერიისა და ახალგაზრდული მოძრაობა „დროას” ინიციატივით შექმნილი იყო ოლიმპიელთა გულშემატკივრების ჯგუფი „მოგვერდი“. გორში აგვისტოს ომის ტკივილიანი მოგონებები თვის მეორე ნახევარში ქართველი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლების სიხარულმა შეცვალა. ადგილობრივი მწვრთნელები და სპორტის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტოკიოში საქართველოს დელეგაცია რიო-დე-ჟანეიროს შედეგს გააუმჯობესებს.
თამაშები ბრაზილიაში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 206 ქვეყნიდან 11 303-მა სპორტსმენმა მიიღო.
ცერემონიაზე ოლიმპიური ცეცხლი ტოკიოს ოფიციალურად გადაეცა, 2020 წელს გრანდიოზულ სპორტულ მოვლენას სწორედ იაპონია უმასპინძლებს. ტოკიოში ჯერ ვერ მოხვდება გენო პეტრიაშვილის ძმა, 9 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი, რომელიც ყოველდღე ჩანთას ალაგებს და საჭიდაო დარბაზში სავარჯიშოდ მიდის. ტოკიოში ტრიუმფისთვის ჯერ მისი ძმა, გენო პეტრიაშვილი, ემზადება.