დასრულდა შუალედური არჩევნები ზუგდიდსა და სენაკში

საკრებულოს შუალედური არჩევნები კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა სენაკსა და ზუგდიდში. სენაკის ორ და ზუგდიდის სოფელ ერგეტის ერთ უბანზე ხმის დათვლის პროცედურა წუხელ, გვიან ღამით დასრულდა. ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კობა კვარაცხელიას განცხადებით, სოფელ ერგეტაში რეგისტრირებული 1 152 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 731-მა. ხმათა უმრავლესობით - 57,02%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მეორეზე - 42,42%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო მესამე ადგილზე „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი გავიდა:

„ბაჩუკი ნაროუშვილმა მიიღო 4 ხმა, კობა ბულიამ 305 ხმა, ვასილ გაბისონიამ 410 ხმა. საჩივარი არც შემოსულა, იყო პატარ-პატარა შენიშვნები, რომლებიც ადგილზევე აღმოიფხვრა, ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, ერგეტის 45-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ“.

ერთ-ერთი პრეტენზია, რომელიც საჩივრის სახით არ დაწერილა, გამოთქვა არჩევნების დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციიდან „მომავლის არჩევნები“. ბესიკ დონაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამომრჩეველმა ზოია გადელიამ გამგებლის დავალებით, კაბინაში საკუთარ ბიულეტენს ფოტო გადაუღო: „ხმა გამოვიდა კაბინიდან, რომ ფოტო გადაიღო. როცა ჩვენ განვუმარტეთ, არ შეიძლებოდა გადაღება ფარული კენჭისყრის კაბინაში, ამ ადამიანმა თქვა, რომ ეს უნდა ვაჩვენო ადგილობრივ ხელისუფლებასო. დანარჩენი განმარტებების სურვილიც გვქონდა, მაგრამ ეს ადამიანი სასწრაფო წესით გაიყვანეს უბნიდან. უბნის თავმჯდომარემ,უბრალოდ, ვერ მოასწრო რეაგირების მოხდენა“.

მსგავი ფაქტის არსებობა უარყო ამავე უბნის დამკვირვებელმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მაიზერ ნანავამ: „სურათის გადაღება მე არ შემიმჩნევია, მაგრამ ეს ქალბატონი, როცა გამოვიდა კაბინიდან, არავის გაუყვანია სასწრაფოდ. დაჯდა და არასამთავრობოს წარმომადგენელი ესაუბრებოდა გარკვეულხანს. ეს ხელისუფლების დავალება არანაირად არ იყო. მას ისიც არ უთქვამს,მე ეს დამავალესო და ფოტო გადავიღეო“.

ერგეტის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის,ზუგდიდის მერი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები. ერგეტაში იყო ჩასული ასევე ფოთის მერი. საჯარო მოხელეების თქმით, მათი მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ არასამუშაო დღეს, არ მისულან სახელმწიფოს კუთვნილი მანქანებით და არ მომხდარა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მთლიანობაში, სოფელ ერგეტის უბნის ყველა დამკვირვებელი და კომისიის წევრები არჩევნების მიმდინარეობით კმაყოფილი დარჩნენ და განაცხადეს, რომ პროცესმა მშვიდად, ექსცესების გარეშე ჩაიარა. იგივე შეიძლება ითქვას სენაკზე, განსაკუთრებული დარღვევები, რაც არჩევნების შედეგზე გავლენას იქონიებდა, არ დაფიქსირებულა სენაკში გახსნილ ორ უბანზე. სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ფირცხალავას განცხადებით, ხმათა უმრავლესობით პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გავიდა.ზუგდიდისგან გასხვავებით, მეორე ადგილი დაიკავა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მესამე – „თავისუფალი საქართველოს“ და მეოთხე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. სენაკის ორ უბანზე რეგისტრირებული 1 315 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 979-მა: „წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მალხაზ ტორჩინავამ აიღო 470 ხმა,42-მა ნომერმა კაპიტონ ტორჩინავამ – 225 ხმა, პირველმა ნომერმა ემალ ყურაშვილმა – 170 ხმა, მე-5 ნომერმა ხვიჩა სანაიამ კი –91 ხმა“.

სენაკში შუალედური არჩევნების გამართვის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მის მოადგილედ სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ რუსია დანიშნა. სოფელ ერგეტაში კი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნაპო გაბისონია.