შრომისა და სიცოცხლის უფლება საქართველოში

ჭიათურაში, ცენტრალური გამამდიდრებელი ფაბრიკის შენობაში უბედური შემთხვევის შედეგად მუშა დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ზეინკალი მესამე სართული კიბიდან ჩამოვარდა. ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

Your browser doesn’t support HTML5

შრომისა და სიცოცხლის უფლება საქართველოში

სულ რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში - ყიფშიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე 27 წლის მუშა დაიღუპა.

გასული წელიც მსგავსი ფაქტებით დაიწყო: 2016 წლის 21 იანვარს “რუსთავის აზოტის” თანამშრომელს საწარმოს ტერიტორიაზე ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა. 1 თებერვალს ქავთარაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. ისიც ადგილზევე გარდაიცვალა. რამდენიმე თვით ადრე კი ჭიათურაში, პერევისის მაღაროში, აფეთქება მოხდა. ორი მუშა მძიმედ დაშავდა.

საერთო ჯამში, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის მონაცემებით, მაგალითად, 2011-15 წლებში საქართველოში 212 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 691 კი დაშავდა.

საქართველოს პროფკავშირები და შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მუდმივად აყენებენ სხვადასხვა რეგულაციების შემოღების აუცილებლობის საკითხს შრომითი უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

დღეისათვის შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლა და იქ არსებული ვითარების შესწავლა მხოლოდ საწარმოს ნებართვის შემთხვევაში შეუძლია. ამასთან, საწარმო ვალდებული არ არის შეასრულოს ინსპექციის მიერ მისთვის მიცემული რეკომენდაცია. დღეისათვის ინსპექციას არ მოეპოვება სანქცირების მექანიზმი.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია აცხადებს, რომ შრომის სასამართლოს შემოღების საკითხზე შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მუშავდება. მისივე განმარტებით, ამჟამად უწყება სახელმწიფოსა და პარტნიორებისგან შესაბამის წინადადებას ელოდება, რომელიც შემდეგ პარლამენტში კანონპროექტის სახით დარეგისტრირდება.

მისივე თქმით, უწყება თბილისსა და რეგიონებში ინსპექტირებას უწევს სხვადასხვა სამშენებლო ობიექტს, სადაც უსაფრთხოების ნორმები ირღვევა, თუმცა ინსპექტორები კომპანიებს მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ. რაც შეეხება სანქციებს, დღესდღეობით ჯარიმები არ არის. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეტაპობრივად იგეგმება რეაგირების მექანიზმების დანერგვა. შესაბამისად, მომზადებულია ცვლილებათა პაკეტი როგორც შრომის კოდექსში, ასევე სხვა კანონში. საჭიროა დადგინდეს, რომელ უწყებას რა უფლებამოვალეობები უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება ერთსა და იმავე დარღვევაზე ერთი და იგივე კომპანია სხვადასხვა უწყებიდან იქნეს დაჯარიმებული. ცვლილებათა პაკეტში განიხილება, ასევე,შრომის სასამართლოს შემოღების საკითხი. სასამართლო არ იქნება შრომის ინსპექციის ალტერნატივა. ეს არის ერთ-ერთი დამხმარე ინსტიტუტი, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში რეაგირებას მოახდენს და ეფექტიანს გახდის შრომის კანონმდებლობის აღსრულებას.

რა ვადებში მიიღებენ აღნიშნულ კანონმდებლობას, რამდენად შესრულდება იგი და რეალურად აისახება თუ არა ადამიანთა შრომის უფლებაზე, ამას სამომავლო სტატისტიკა აჩვენებს, სტატისტიკა, რომლის მიღმაც ადამიანების სიცოცხლე ჩანს.