სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 11: „თანასწორობის უფლება“, პუნქტი 3
მოახლოებული საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინში, საჯარო დისკუსია კვოტირების თემაზე საქართველოში ისევ აქტუალური გახდა. საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლი თანასწორობის უფლების შესახებ გვაძლევს იმედს, რომ პარლამენტში პირველი მოსმენით დღეს მიღებული კვოტირების კანონპროექტი მომავალში სავალდებულო პირობად იქცევა.
რამდენიმე დღის წინ „თავისუფლების ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ თუკი პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები მოხდა, ორგანიზაცია საჩივრით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მათი აზრით, ქალთა კვოტირება, ერთი მხრივ, დემოკრატიულ პროცესებს აზიანებს, მეორე მხრივ კი, სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს.
კვოტირება, თავისი არსით, სწორედ უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული დროებითი მექანიზმია, რომელიც ქალებს პოლიტიკაში გაძლიერების საშუალებას აძლევს და, შესაბამისად, შეუძლებელია სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევდეს - რაღა თქმა უნდა, თუ ეს პრინციპები სწორად არის გაგებული და იდეოლოგიური ინტერპრეტაციით არ შემოიფარგლება.
ის უსამართლობა, რომ ამ ქვეყნის გენდერული უმრავლესობა - ქალები -პარლამენტში უმცირესობაშია, სამთავრობო პოლიტიკის დღის წესრიგში აყენებს კვოტირების მექანიზმის ამუშავების საკითხს.
კითხვა, ქალებისთვის ეფექტური პოლიტიკის მისაღებად რა უფრო მნიშვნელოვანია - ვინ არის წარმომადგენელი, თუ რას გააკეთებს იგი მიღებული მანდატით ქალების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ნამდვილად რელევანტურია და, დიდი ხანია, აკადემიური მსჯელობის საგნად იქცა.
კვოტების ეფექტიანობაზე მსჯელობა, როგორც უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმზე, სწორი და აუცილებელია. მე სავსებით ვეთანხმები არგუმენტს, რომ არსებობს რისკი, სიაში კვოტით მოხვედრილი ქალები არც დამოუკიდებლები იყვნენ და არც ეფექტური, განსაკუთრებით ტრანზიტული დემოკრატიიის ქვეყნებში. ამ სკეპტიციზმის მიუხედავად, კვოტირების დემოკრატიის მტრის ხატად წარმოჩენა აბსურდად მიმაჩნია.
სხვა რელევანტური არგუმენტიც არსებობს კვოტების წინააღმდეგ. მაგალითად, აკადემიური ლიტერატურა იცნობს trade-off effect-ს, რაც ნიშნავს, რომ პარტიულ სიებში კვოტირებით მიღებულ ქალთა გარკვეული რაოდენობა გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს ქალების გავლენას შიდაპარტიულ გადაწყვეტილებებზე და ყინავს მათ დაბალ პოლიტიკურ პოზიციებზე. ამავე დროს, ამით შესაძლებელია პოლიტიკაში ქალების გარკვეული სახით სტიგმატიზირებას შეეწყოს ხელი.
მიუხედავად კონტრარგუმენტების არსებობისა, ბოლო ორ ათწლეულში კვოტირების მექანიზმი ასზე მეტ ქვეყანაში დაინერგა, რის გამოც მსოფლიოს მასშტაბით პარლამენტში ქალი დეპუტატების რაოდენობა, საერთო ჯამში, 25%-მდე გაიზარდა, თუმცა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოები ისევ კაცების დომინაციის ქვეშ რჩება.
საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 128 კაცი და 21 ქალი წარმომადგენელი გვყავს არჩეული, რაც დეპუტატთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 14%-ია .
თუკი მსოფლიოში ქალთა პოლიტიკაში ჩაბმულობა და, შესაბამისად, მათი პარლამეტში არჩევის შანსი თანდათან მატულობს, საქართველოში პირიქით ხდება.
ყველაზე მეტი, 25 ქალი დეპუტატი საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტში იყო არჩეული. ეს რიცხვი შემდგომი მოწვევის პარლამენტში 7,3%-ით იკლებს და მხოლოდ თერთმეტ წევრს ითვლის. ქვეყანაში, სადაც ქალები მოსახლეობის 52 %-ს შეადგენენ, პარლამენტში ისინი უმცირესობაში ხვდებიან.
ქალების რაოდენობის კლება საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა პოლიტიკურ ასპექტს უკავშირდება და მისი ახსნა რთული აკადემიური კვლევის საგანია. ერთი, რისი თქმაც, პოლიტიკური მეცნიერებების უკვე არსებულ აკადემიურ კვლევებზე დაყრდნობით, დანამდვილებით შესაძლებელია, ის არის, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ქალთა გაძლიერების მწყობრ პოლიტიკასთან.
საქართველოს სახელმწიფო 2004 წლიდან ცდილობს პოლიტიკაში ქალთა გაძლიერებისა და კოორდინაციის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, რის შედეგადაც 2010 წელს კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ ცვლილებები შევიდა და გენდერული თანასწორობის საბჭო პარლამენტში მუდმივმოქმედი ორგანო გახდა. მისი მთავარი ამოცანა სახელმწიფო პოლიტიკის შექმნა და თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა როგორც საკანონმდებლო, ასევე სოციალურ დონეზე.
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფალთა ათწლიანი მცდელობა არცთუ ისე ეფექტურია. ქალთა მონაწილეობა არათუ იზრდება, კლებულობს კიდეც, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს პოლიტიკურ დღის წესრიგში გენდერული კვოტირების მექანიზმის არსებობის მნიშვნელობას. პოლიტიკური ინსტიტუციების სიხისტე ქალებს არ უტოვებს ბერკეტს, გარდა დროებითი მექანიზმებისა, როგორიც პარლამენტში კვოტირებაა, გავლენა ჰქონდეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
ამერიკელმა პოლიტოლოგმა ენ ფილიფსმა 1995 წელს გამოცემულ წიგნში The Politics of Presence, რომელმაც მოგვიანებით დიდი აკადემიური გავლენა მოიპოვა, პოლიტიკოს ქალთა მეოხებას უმცირესობიდან იბრძოლონ ეფექტური და ქალზე მორგებული პოლიტიკის მისაღწევად “shot in the dark” უწოდა.
როგორც ქართველი მემარჯვენეებისთვის საყვარელი ჩერჩილი ამბობდა დემოკრატიაზე, ასევე, არც ფემინისტები ვფიქრობთ, რომ კვოტირების მექანიზმი უნაკლოა, თუმცა არავის მოუგონია უკეთესი გზა ქალთა გაძლიერებისთვის პოლიტიკაში. და თუკი პოზიტიური დისკრიმინაციით გამოწვეულ ზიანს საუკუნოვანი ჩაგვრის მასშტაბს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ჩვენი ღირსება არ დაზარალდება, მით უმეტეს, რომ კვოტირების მექანიზმი, საბოლოო ჯამში, არა მხოლოდ ცვლის გენდერულ პოლიტიკურ დინამიკას ქვეყანაში, არამედ აჯანსაღებს დემოკრატიულ პროცესს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლების მოსაზრებებს.
ასევე ნახეთ კვოტმადიდებლობა პარტიული ფეოდალიზმის სამსახურში