შიშველი საბჭოთა ქალები რიმანტასის ობიექტივში

რიმანტას დიხავიჩუსი

4 ნოემბერს, მეჩითოვ-დეისაძის ფოტოსახელოსნოს ორგანიზებით, გაიმართა ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და მხატვრის რიმანტას დიხავიჩუსის ფოტოგამოფენა. ის საბჭოთა კავშირის ეპოქაში ცნობილი გახდა თავისი ფოტოებით ნიუდ ჟანრში. რა გზა გამოიარა მან და როგორ აგრძელებს 77 წლის ფოტოგრაფი მუშაობას?

შიშველი მკერდი. შიშველი წელი. შიშველი თეძო. შიშველი მხრები. შიშველი გოგო, გრძელი თმით. შიშველი გოგო, მოკლე თმით. შიშველი გოგო, ძალიან გრძელი თმით. შიშველი გოგო ამოდის წყლიდან. შიშველი გოგო წევს ქვიშაზე. შიშველ გოგოს კერტებზე აკაციის ფოთლის ჩრდილი ეცემა. - ეს საბჭოთა გოგოები არიან. გოგოები, რომლებიც საბჭოთა კავშირში თითქოს არ არსებობდნენ. უფრო ზუსტად, რა თქმა უნდა, არსებობდნენ, მაგრამ არსებობდნენ, მაგალითად, საბჭოთა არქიტექტურით ნაშენი სქელკედლიანი სახლების თეთრკაფელიან სააბაზანოებში, შხაპის ქვეშ, საძინებლებში ძილის წინ, საღამურის გადაცმამდე. ეს ლიტველი გოგოები შავ-თეთრი ფოტოების მთავარი პერსონაჟები არიან. ისინი ლიტველმა ფოტოგრაფმა და მხატვარმა რიმანტას დიხავიჩუსმა თავის ფოტოობიექტივში მეოცე საუკუნის სამოციან-ოთხმოციან წლებში მოაქცია. და მეტიც, ტაბუდადებული საბჭოთა სიშიშვლე მოსკოვში, საგამოფენო დარბაზ „მანეჟში“, 1989 წელს გამოფინა. თუმცა მანამდე იყო კიდევ არაერთი გამოფენა და, რა თქმა უნდა, პირველი გამოფენა -1969 წელს ლიტვაში. ამ გამოფენას რადიო თავისუფლების მიკროფონთან თავად ფოტოგრაფი იხსენებს. ის ახლა 77 წლისაა. მაღალი და თეთრთმიანი. თბილისში, გოგებაშვილზე, გალერეა Black and White-ში გამოფენილ თავის ფოტოებთან დგას და ჰყვება:

„ეს იყო გამოფენა, რომელმაც მხოლოდ ერთ დღეს გაუძლო. მეორე დღეს კი ის ერთი ხმაურით და აურზაურით ჩამოყარეს კედლებიდან. ჩაამტვრიეს შუშები. იყო დიდი სკანდალი. პარტიული ფუნქციონერები მოცვივდნენ მანქანებით. ფოტოებზე გამოსახული იყო როგორც შიშველი ქალები, ისე ბუნება, ლიტვური სოფლები, სასაფლაოები, ფოლკლორი, ჯვრები. ატყდა ამბავი: სად არის ამ ფოტოებზე საბჭოთა ადამიანი, სად არის საბჭოთა რეალობაო. გამოფენის დირექტორი შემოდგომის ფოთოლივით ცახცახებდა. ჩემზე მიუთითებდა, აი, ყველაფერში დამნაშავე ეს არისო, მაგრამ მადლობა ღმერთს, ცოცხალი გადავრჩი“, - იხსენებს რიმანტასი.

სანამ რიმანტასის „შიშველი გოგოები“ მოსკოვში გამოიფინებოდა, ორი წლით ადრე, ეს ფოტოები მის წიგნში, სახელწოდებით „ყვავილები ყვავილებს შორის“, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების მმართველობისას საბჭოთა კავშირის პირველი ლედის, რაისა გორბაჩოვას, ნებართვით დაიბეჭდა. 1987 წლის მოსკოვის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ამ ალბომის გამოჩენა ბომბის აფეთქებას ჰგავდა. ტოტალური ცენზურის ეპოქაში საბჭოთა ფოტოგრაფი შიშველ ქალს სტენდზე ფენს. უცხოელი ექსპერტები გაოცებას ვერ მალავენ: „საიდან აქვს ასეთი ხედვა, ასეთი ტექნიკა ფოტოგრაფს იმ ქვეყანაში, სადაც ფოტოგრაფია ნიუდ ჟანრში 70 წლის მანძილზე აკრძალულია“. არადა, რიმანტასი მაშინ ამ ყველაფერზე ნაკლებად ფიქრობდა. ის, უბრალოდ, იღებდა პოეტურ, რომანტიკულ, მაღალი ხარისხის ფოტოებს - ფოტოებს, რომლებიც ქალის სხეულის სილამაზეს იმახსოვრებდნენ. და მაინც, როგორ ითანხმებდით ქალებს, რომ ფოტოკამერის წინ გაშიშვლებულიყვნენ? - ვეკითხები რიმანტასს. ის ჩემს გაურკვეველი ფაქტურის ჯემპრს უკვე დანაოჭებული ხელით ეხება და მეუბნება: „ეს ხომ, უბრალოდ, ჩვარია, მხოლოდ ჩვარი, ტექსტილი. ეს ხომ არაფერია. ხუთი წუთი საკმარისი იყო, რომ გოგოები პოზირებას დასთანხმებოდნენ, რადგან ისინი ხვდებოდნენ, რომ ფოტოების გარდა მათგან სხვა არაფერი მინდოდა. არ უნდა ავურიოთ ერთი მეორესთან. ეს ხომ ხელოვნებაა. მე ხომ მხატვარი ვარ. ჩვენ ხომ ვსწავლობდით ანატომიას. ჩვენ ხომ მეორე კურსიდან შიშველ ნატურებს ვხატავდით. რა საჭიროა ჩვრების ხატვა“, - ამბობს რიმანტას დიხამიჩუსი.

ჯერ კიდევ ბავშვი იყო რიმანტასი, როცა ის, ოჯახთან ერთად, საბჭოთა მმართველობამ, პოლიტიკური მოტივებით, ციმბირში გადაასახლა. დედა მალევე გარდაიცვალა. ის ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, მაგრამ, მიუხედავად ასეთი მძიმე ბავშვობისა, მან არ დაკარგა სილამაზის აღქმის უნარი. რიმანტასი მეუბნება, რომ სილამაზეს გადარჩენა უნდა, რომ სილამაზის აღქმის უნარი მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ, რომ ერთ დღესაც, მაშინ, როცა ჩვენ გაგვიჭირდება, ამ სილამაზემ გადაგვარჩინოს. აი, რა არის რიმანტასისთვის მისი ფოტოები: „ეს არის ჰიმნი სილამაზისადმი, ჰიმნი ქალისადმი, მარადიულობის ჰიმნი“.

რიმანტას დიხავიჩუსი საქართველოში ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მოწვევით ჩამოვიდა. მათ ერთმანეთი 1987 წელს, სწორედ მაშინ გაიცნეს, როცა რიმანტასის წიგნი „ყვავილები ყვავილებს შორის“ დაიბეჭდა. მაშინ იურიმ რიმანტასს თავისი ფოტოები აჩვენა. რიმანტასისგან საჩუქრად წიგნი მიიღო და მას მერე ისე გავიდა 30 წელი, რომ ისინი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან: „შარშან მომიწია ვილნიუსში ჩასვლა. იმწუთშივე მივაშურე ჩემს მეგობარს, რომელიც 30 წელი არ მყავდა ნანახი, მაგრამ სულიერ კავშირს მასთან სულ ვგრძნობდი. მისი ფოტოები მასაზრდოებდა. მასაც წაუკითხავს ჩემი ინტერვიუ თურმე რადიო თავისუფლების საიტზე. ჩვენ გვაკავშირებს ფარაჯანოვის სახელიც. ფარაჯანოვმა რიმანტასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ის ფარაჯანოვს თავის მასწავლებლად თვლიდა. ამ ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა. ძალიან უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა და, აი, დღეს ის აქ არის“, -ამბობს იური მეჩითოვი.

ექსპოზიცია, რომელიც რიმანტასმა საქართველოში ჩამოიტანა, მის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილ ნამუშევრებსაც მოიცავს. მისი ადრეული, შავ-თეთრი ფოტოებისგან განსხვავებით, ახალი ნამუშევრები, სახელწოდებით „Vision“, შესრულების სრულიად სხვა ტექნიკით გამოირჩევა. ამ ნამუშევრებში რიმანტასი იყენებს სხვადასხვა დროსა და ადგილას გადაღებულ ფოტოებს, შემდეგ მათ ცალკეულ დეტალებს ერთმანეთზე აწყობს და, საბოლოოდ, ერთ მთლიან კომპოზიციად ქმნის. ამ ნამუშევრებშიც, რომლებიც ფოტოზე მეტად ნახატებს უფრო ჰგავს, მთავარი ფიგურა კვლავაც ქალის სხეულია. მათში ერთმანეთს ერწყმის სხვადასხვა ეპოქა, კულტურა, ქალაქი, მეუბნება რიმანტასის კოლეგა და მეგობარი იური მეჩითოვი: „აქ არის ფოტოები, სადაც არის ხუთი, ექვსი ადგილიდან აღებული ფონები, ტექსტურები, ფაქტურები. ზოგი ერთ ქალაქშია გადაღებული, ზოგი მეორეში. ეს ყველაფერი ერთად უკვე სხვა ხასიათს, სხვა ესთეტიკურ ღირებულებას ღებულობს. ეს, ფაქტობრივად, არის, კარგი გაგებით, პოსტმოდერნიზმი და ტექნოლოგიური ხელოვნება, რაც შეუძლებელი იყო იმ დრომდე, სანამ არ გაჩნდა ფოტოშოპი, რომელსაც ზოგი ბოროტად იყენებს, ზოგი ამბობს, რომ საერთოდ არ უნდა არსებობდეს და ა.შ. ეს არის ხერხი, რომლითაც ადამიანი ქმნის ახალ რეალობას“, - მიაჩნია იური მეჩითოვს.

რიმანტასის ნამუშევრების დამთვალიერებლებს შორისაა ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. ის დიდი ხანია ლიტველი ფოტოგრაფის საქმიანობას ადევნებს თვალს. როგორც გურამი მეუბნება, რიმანტასმა სწორად დაიჭირა ის წამი და ის დრო, რომელიც მას უნდა დაეჭირა და წარმატებისთვის გამოეყენებინა. აკრძალული ზონის ფაქტორმა რიმანტასზე დადებითად იმუშავა: „ის უკვე საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ აკრძალული თემა იყო. ამიტომ ყველას აინტერესებდა ის. და ძალიან პოპულარული იყო მარტო საბჭოთა კავშირში კი არა, სოციალისტურ ბანაკში იყო პოპულარული. მისი ფოტოები იბეჭდებოდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ჩეხოსლოვაკიის ჟურნალებში. თვითონ თქვა ასეთი რამ, რომ როდესაც მოსკოვში, გორბაჩოვის პერიოდში, გაიმართა მისი გამოფენა, ბილეთი ღირდა ერთი მანეთი. და ამ გამოფენაზე ყოველდღე 25 000 ადამიანი შედიოდაო. დღეში 25 000 მანეთი ეს არის უზარმაზარი ფული. ანუ, თუ რაღაცას სწორად გააკეთებ, შეიძლება ასეთი რამისგანაც კი დიდი ფული იშოვო. ის იყო სხვა დრო. ის იყო ზონა და ზონაში აკრძალული ხილი სხვანაირად იკითხებოდა“, - ამბობს გურამ წიბახაშვილი.

77 წლის რიმანტასი მეუბნება, რომ ახლა მისთვის ყველაზე ნაყოფიერი წლები დგას. მას მთელი ამ ხნის მანძილზე დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ბევრი რამ ნახა და ამ ყველაფერს დღეს ის თავისი შემოქმედებისთვის იყენებს. გულის ჯიბიდან პატარა, გაცრეცილ ბლოკნოტს იღებს. ბლოკნოტი სავსეა ჩანახატებით, ჩანაწერებით. აი, რას მეუბნება რიმანტასი: „აი, მაგალითად, რაღაც ფრაზა გავიგე. როგორც თქვენ იჭერთ ხოლმე ყოველ სიტყვას, მეც ასე, ჯაშუშივით ვარ. ყველაფერს ვიჭერ. ვაყურადებ. თითოეული ქვით ვხარობ. უნდა ეძებო. ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც. ცუდს დაუწყებ ძებნას და ცუდს იპოვი. სიკეთეს ეძებ, სიკეთეს იპოვი. სილამაზე ყველგანაა განფენილი. ხანდახან ისე მიჭირს ხოლმე. ვზივარ ავტობუსში და იქაც კი რაღაცას ვეძებ, საინტერესოს. ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა მითხრა: თუ არ გაქვს წიგნი, მაშინ იკითხე ადამიანები. იკითხე ის, რაც შენს გვერდითაა. გუბეშიც კი შეიძლება იპოვო ისეთ რამ, რამაც შეიძლება შეგცვალოსო. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეიგრძნო ცხოვრების სურნელი, დროის სურნელი“.

რიმანტასს თავის დროზე არაერთი ადამიანი ამოუდგა გვერდში, რომ არ დაკარგულიყო, არ განადგურებულიყო ის ნამუშევრები, რომლებიც წლების მანძილზე სარდაფებში ნეგატივების სახით ინახებოდა. სწორედ ამიტომ ახლა თავად ის ცდილობს, რომ ახალგაზრდა არტისტებს დაეხმაროს. რიმანტასი მისი ავტორობით დაბეჭდილ დიდ კალენდარს, სახელწოდებით „ნიჭითა და გულით“, მათვალიერებინებს. თითოეულ თვეს ახალგაზრდა ხელოვანსა და მის შემოქმედებას უთმობს. ის სიამაყით აღნიშნავს, რომ ამ კალენდარში დაბეჭდილი ახალგაზრდა ხელოვანები დღეს სულ უფრო და უფრო დიდ წარმატებებს აღწევენ. მეუბნება: „მთავარია დავინახოთ ეს ნიჭი. კეთილი სიტყვა ვუთხრათ. ხანდახან მხოლოდ ერთი სიტყვა წყვეტს ყველაფერს“.

და დგას 77 წლის თეთრთმიანი ფოტოგრაფი შავ-თეთრი ფოტოს გვერდით - იმ ფოტოს გვერდით, რომელიც თითქმის 40 წლის წინ გადაიღო. შიშველ გოგოს მკერდზე თმა აყრია. ფოტოობიექტივში ცისფერი თვალებით იყურება. ცისფერი თვალები აქვს რიმანტასსაც - თვალები, რომლებიც ზუსტად ისევ ისე აღიქვამს სილამაზეს, როგორც ახალგაზრდობისას. თვალები არ ბერდება.