11 აგვისტოს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს იხსენებენ. მერვე წელია, შინდისის რკინიგზის სადგურის სიახლოვეს ყოველწლიურად იკრიბებიან ადამიანები და პატივს მიაგებენ 17 ჯარისკაცის ხსოვნას.
გმირთა მემორიალს ყვავილებით და გვირგვინებით ამკობენ როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების წარმომადგენლები. შინდისში იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები. 8 წლის წინ სოფლის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც გორის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 17 ქართველი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი ილია გაბუნია იყო, რომელსაც დედა დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. ლიანა გაბუნიამ დღეს კიდევ ერთხელ მოინახულა ის ადგილი, სადაც მისი შვილი დაიღუპა.
Your browser doesn’t support HTML5
ფრიდონ ზოიძე ამაყობს თავისი ძმით, რომან ზოიძით, რომელიც მეგობრების მხარდამხარ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა.
შინდისის მცხოვრები ბადრი ხუციშვილი 8 წლის წინ რკინიგზის სადგურს მალულად მიუახლოვდა. გარშემო რუსული არმიის ჯარისკაცები იდგნენ, მაგრამ მან მაინც შეძლო რამდენიმე დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის ბრძოლის ველიდან გამოყვანა. ბადრი ხუციშვილიც მერვე წელია დაღუპულ მებრძოლებს ჭირისუფლობს.
შინდისის ბრძოლის გმირთა მემორიალთან დღეს პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაღუპული ჯარისკაცების მშობლებს ასეთი შვილების გაზრდისათვის მადლობა გადაუხადა.
ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე საამაყო დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში - ასე შეაფასა 8 წლის წინანდელი 11 აგვისტო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
დიდი ხნის განმავლობაში შინდისში გმირთა მემორიალის აგება ვერ ხერხდებოდა და მხოლოდ შარშან გახდა შესაძლებელი ქვის ნაგებობის დადგმა. გარდა ამისა, არსებობს მონუმენტის პროექტიც, მაგრამ მისი განხორციელებაც დღემდე ვერ მოხერხდა.