ყოფილი პრემიერის ინიციატივები კახეთში, რომლებიც არ შესრულებულა

თელავი

რა პოტენციალი აქვთ კახეთის ცალკეულ რაიონებს მომავალი განვითარებისთვის და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ ადგილობრივებს ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ? ასევე, რა ბედი ეწია იმ ინიციატივებს, რომლითაც ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, გამოვიდა 2015 წლის აპრილში კახეთში?

Your browser doesn’t support HTML5

ყოფილი პრემიერის ინიციატივები კახეთში, რომლებიც არ შესრულებულა

ახალი მოწვევის პარლამენტისა და მთავრობის პირობებში კახეთის რეგიონში

გარკვეული მოლოდინები გაჩნდა. ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად დასაქმების პრობლემა და ეკონომიკური სიდუხჭირე აწუხებთ. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს რეგიონის მოსახლეობას, რა მიმართულებით განვითარდება მხარე? - ეს შეკითხვები ჩვენ კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს, დავუსვით.

რამდენად შესაძლებელია განხორციელდეს ის პროექტები, რომელთა შესახებაც კახეთის გუბერნატორი ლაპარაკობს? - ამ შეკითხვას პასუხი, სავარაუდოდ, გარკვეული ხნის შემდეგ გაეცემა, მანამდე კი გავიხსენოთ ის ინიციატივები, რომლებითაც, თავის დროზე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა კახეთის რეგიონის გასავითარებლად. ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის 15 აპრილს პროგრამა წარმოადგინა. მან კახეთის ყველა რაიონზე ილაპარაკა, თუ სად რა პოტენციალი არსებობდა. პრემიერის მაშინდელი ინიციატივები ეხებოდა საწარმოებს, რომლებიც კახეთში ათეული წლების წინ უკვე მუშაობდა და ლაპარაკი მხოლოდ მათ აღდგენა-განვითარებაზე იყო:

სამკერვალო ქარხანა სიღნაღში წლების წინ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, უკვე მუშაობდა და იქ 600-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული. ჩვენ დავინტერესდით, რა გაკეთდა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადების შემდეგ. სიღნაღის გამგებლის მოადგილე ბერდო ასანიშვილი გვეუბნება, რომ კონკრეტული სამუშაოები დაიწყო, სამკერვალო ქარხნის შენობა ინვესტორს გადაეცა, მაგრამ პირობები დაირღვა და ქარხანა ჯერაც არ აღუდგენიათ.

თელავის განვითარებას 2015 წელს მთავრობა მარმარილოს გადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებაში ხედავდა. ასეთი ქარხანა წლების წინ უკვე მუშაობდა და იქ 100-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. ჩვენ თელავის თემის გამგებელს ალექსანდრე შათირიშვილს ვკითხეთ, ამუშავდა თუ არა მარმარილოს ქარხანა, როგორც ამას ღარიბაშვილის მთავრობა აპირებდა. დღეს ირკვევა, რომ ქარხანა მუშაობს ისე, როგორც ღარიბაშვილის პრემიერობამდე მუშაობდა.

ყოფილი პრემიერის კიდევ ერთი გეგმა, სადაც თამბაქოსა და აბრეშუმის კულტურების აღდგენაზე იყო ლაპარაკი, ლაგოდეხს ეხებოდა, თუმცა სოფლის მეურნეობის ამ დარგების განვითარებაზე მუშაობა არც კი დაწყებულა. რეგიონების განვითარების კონკრეტული ინიციატივებით ახალი მოწვევის მთავრობა ჯერ არ გამოსულა.