შენობები vs გამვლელები

თბილისი

იმ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც სხეულის დაზიანებები მიიღო აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადის ჩამოშლის გამო, სტაბილურია. მისი ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ. მიუხედავად იმისა, რომ მერიის წარმომადგენლებმა გოგონა საავადმყოფოში გუშინვე მოინახულეს, 13 ივლისს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შენობების ფასადების მდგომარეობის მონიტორინგი არ შედის მერიის კომპეტენციაში და მათი კონტროლი თავად შენობების მეპატრონეთა ვალდებულებაა. აკონტროლებს თუ არა რომელიმე უწყება ფასადებსა და ავარიულ სახლებს?

Your browser doesn’t support HTML5

შენობები vs გამვლელები

აღმაშენებლის გამზირზე, კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობის ფასადის ჩამოშლის შედეგად, 12 ივლისს ქვეითად მოსიარულემ სხეულის დაზიანება მიიღო. ის მკურნალობას სტაციონარში გადის და, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ შენობა, რომლის ფასადიც გასული საუკუნის 80-იან წლებში შეილესა და მას შემდეგ რესტავრაცია აღარ ჩასტარებია, მისი ინფორმაციით, არ იყო ავარიული:

„ახლა, გარშემო რომ ნახოთ, შენობას ბზარები აქვს, მაგრამ ეს შენობა 30 წელია დგას და არანაირი საფრთხე არ გვიგრძვნია, რომ შესაძლებელი იყო შენობის ფასადი ჩამოშლილიყო. მე, ცხადია, არ ვიყავი საქმის კურსში, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ გადავრჩით და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მივმართე უკვე კულტურის სამინისტროსაც და მერიასაც, რადგან ფასადები მერიის ნაწილია და კულტურის სამინისტრო ჩვენი დამფუძნებელია. ახლა უკვე სასწრაფოდ უნდა შედგეს კომპეტენტური კომისია, რომელიც განსაზღვრავს შენობის ფასადის მდგომარეობას“.

Your browser doesn’t support HTML5

სახიფათო შენობები

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. კულტურის სამინისტრო, რომლის ბალანსზეც იმყოფება კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობა, ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას შენობის მდგომარეობასა და მის მომავალთან დაკავშირებით. როგორც სამინისტროს პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მათ ამჟამად არც ვახტანგ კახიძის მიერ მიწერილი წერილის შინაარსის შესახებ აქვთ ინფორმაცია. შენობის ფასადის ჩამონგრევის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს არც დედაქალაქის მერია. კითხვაზე, თუ ვის კომპეტენციაში შედის შენობების ფასადების მდგომარეობის კონტროლი, მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის მონიტორინგი არ ხორციელდება.

როგორც ირკვევა, დღესდღეობით არ არსებობს უწყება, - მათ შორის არც მერიაში, - რომელიც პერიოდულად უნდა ახორციელებდეს შენობების ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგს. შესაბამისად, არ არსებობს გარანტიები ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისა და უბედური შემთხვევისგან თავის არიდების იმ დრომდე, სანამ, როგორც წესი, შენობის მდგომარეობის შესწავლის მოთხოვნით გამგეობას არ მიმართავს თავად შენობის მესაკუთრე.

„შენობის ავარიულობის ხარისხს ადგენს თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია ან კერძო ექსპერტი და, გარდა ამისა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. მოსახლეობის განცხადებების მიხედვით და ჩვენი გადამოწმების შემთხვევაშიც, თუ ფორსმაჟორული სიტუაციაა, პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, შენობაში მცხოვრებთ ვთავაზობთ ქირას. თუკი შენობას ყველა მოსახლე დაცლის, ამის შემდეგ შენობას ვუკეთებთ დამცავ ღობეებს და გამვლელებთან დაკავშირებული რისკებიც გამორიცხულია“, ამბობს მთაწმინდის რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე.

გარდა ავარიული შენობების ნგრევით გამოწვეული საფრთხისა, ცირა ელისაშვილი, ორგანიზაცია „თბილისის ჰამქრის“ წევრი და კულტუროლოგი, რადიო თავისუფლებასთან იმ საფრთხეზეც ლაპარაკობს, რომელიც შეიძლება რეაბილიტირებული შენობების ფასადებს უკავშირდებოდეს. მისი სიტყვებით, როგორც წესი, დღესდღეობით შენობების ფასადების რეაბილიტირება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და, შესაბამისად, ხარისხიც ნაკლებია:

ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონო ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება...
თათული დოლიძე

„გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად კომპეტენტურები იყვნენ ის სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ფასადების რეაბილიტაციას აკეთებდნენ, რადგან ძირითადად მათი გამოცდილება სწორედ ასეთ პროცესებში დაგროვდა და პირდაპირ დაიწყეს, მაგალითად, აღმაშენებლის გამზირზე თავიანთი გამოცდილების დაგროვება. ეს არის ის პროცესი, რომელიც ნამდვილად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, რადგან როდესაც ასეთი დიდი ტერიტორიის რეაბილიტაციას აკეთებ, უნდა იცოდე, რომ ამის რესურსი არ არსებობს. მაგრამ რაკი მაინც აკეთებ, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ მიდიხარ დაშვებაზე, რომ მთავარია გააკეთო ბევრი შენობა და აქ ხარისხი უკანა პლანზე გადადის“.

რაც შეეხება შენობის ჩამოქცევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარეს, სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევამ ან მისი ცალკეული ნაწილის ჩამონგრევამ გამოიწვია. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი თათული დოლიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ, გარდა სამოქალაქო კოდექსისა, ამგვარ შემთხვევებში მოქმედებს ზოგადი პრინციპებიც, მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპზე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე ნაწილი:

„ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონო ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება. და, ასევე, ამ საკითხებს შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, კონკრეტულად 207-ე, 208-ე მუხლებში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება საერთო წესით და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ სახელმწიფოს, როდესაც მისი რომელიმე უწყების ან თანამშრომლის ბრალით არის გამოწვეული კონკრეტული ზიანი“.

კითხვაზე, არსებობს თუ არა სტატისტიკური მონაცემები იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი დაზიანდა უკანასკნელ წლებში ფასადის ჩამონგრევის შედეგად, რადიო თავისუფლებამ პასუხი ვერ მოიძია. ერთ-ერთი უკანასკნელი უბედური შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა ქუთაისში: საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან აგურის გადმოვარდნის შედეგად 12 წლის გოგონა დაიღუპა.