შენიშვნები საკრებულოს სხდომის გაცდენისა და „გაპარვის“ გამო

ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს არ გააცდინონ სხდომები და დაესწრონ ხოლმე მას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება.

საკრებულოს იურიდიული და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე მაიზერ ნანავას განცხადებით, ფრაქციების წევრები მოდიან, რეგისტრაციას გაივლიან და შემდეგ „მიიპარებიან“ სხდომიდან.

„საკრებულო არ არის პრობაციის სამსახური - მოხვიდე, ხელი მოაწერო და გაიპარო. ოპოზიციური პარტიის ფრაქციის წევრებს და მათ მეგობრებს მინდა ვთხოვო გადასცეთ თქვენს მეგობრებს ეს თხოვნა. თქვენი ფრაქციის წევრები სხდომაზე მოდიან, მეგობრებო, ხელს აწერენ და მიიპარებიან. არ ვიცი, ეს რა ჟესტია. თუ ეს ის ჟესტია, რომ ის 20 ლარი არ გადაიხადონ... ან თუ პროტესტს აცხადებენ საკრებულოს სხდომების მიმართ, პროტესტს გამოხატავენ ჩვენს მიმართ, მაშინ საერთოდ არ მობრძანდნენ და ხელიც არ მოაწერონ და ჩვენ შესაბამის, ადეკვატურ ზომებს მივიღებთ, ისე როგორც მივიღეთ წინა საკრებულოს სხდომებზე“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ საკრებულოს სხდომაზე.

მისი სიტყვებით, პირველ რიგში, დეპუტატებს აქვთ პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე, ისინი ემსახურებიან თავიანთ ხალხს, თავიანთ სოფელს და ეს უნდა გაითავისონ. მისი განმარტებით, ეს შენიშვნები განსაკუთრებით ეხება სოფელ ორსანტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ბესიკ გაბუნიას, და ახალაბასთუმნის მაჟორიტარ დეპუტატს, გრიგოლ სხულუხიას.

კომისიის თავმჯდომარის პრეტენზიებს არ იზიარებენ მაჟორიტარი დეპუტატები. მათი განმარტებით, ისინი სრულად ინფორმირებული არიან საკრებულოს დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რასაც უზიარებენ კიდევაც ამომრჩევლებს.

„ყველა საკითხი ჯერ იხილება კომისიის სხდომებზე, რომელსაც მე სრულად ვესწრები. იქვე ვამბობ, მხარს ვუჭერ თუ არა. ფაქტიურად, მე ყველაფრის აზრზე ვარ, იქ რა და როგორ ხდება. ესენი რიგგარეშე სხდომებს ნიშნავენ, მაგრამ მე იმ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ხალხია. მე ვარ ხალხთან და ხალხი არის ჩემ გვერდით“, - განაცხადა ორსანტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესიკ გაბუნიამ.

სხდომის გაცდენის ანალოგიურ მიზეზებზე საუბრობს ახალაბასთუმნის მაჟორიტარიც. გრიგოლ სხულუხიას განცხადებით, მას, როგორც მაჟორიტარს, ხშირ შემთხვევაში ბევრად მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს, ვიდრე საკრებულოს სხდომაა.

„მე ვარ დეპუტატი და როგორც შემიძლია, იმ განრიგით ვმუშაობ. ვარ არჩეული, მაჟორიტარი დეპუტატი“, - ამბობს გრიგოლ სხულუხია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საკრებულოს წევრს 20 ლარი დაექვითება საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯებიდან საკრებულოს ან კომისიის სხდომის ერთ გაცდენაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად კი, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ან თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს საკრებულოს მუშაობაში, შესაბამისი კომისია, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. სხდომების 6 თვეზე მეტი ვადით გაცდენის გამო საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თავის ორ წევრს, კახა მიქაიას და ცოტნე მურღულიას, უფლებამოსილება უკვე შეუწყვიტა.