მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა. ამის თაობაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მიერ სოფლის მეურნეობის შესახებ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებშია აღნიშნული. შესაბამისად, ხორცისა და ხორცის პროდუქტების მზარდი ფასები, რომელიც ფასების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებში ფიგურირებს, არა მოხმარების ზრდის, არამედ მიწოდების შემცირების ხარჯზეა მიღებული.
წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის II კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 მლნ 18 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.5%-ით ნაკლებია. აქედან ფურის სულადობამ 492.3 ათასი სული შეადგინა.
Your browser doesn’t support HTML5
ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 5.0%-ით გაიზარდა და 1 მლნ 231 ათას სულს მიაღწია. საინტერესოა, რომ ცხვრის ექსპორტი საქართველოში საკმაოდ პერსპექტიულ სფეროს განეკუთვნება და მასზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ხარისხობრივი და გემოვნების თავისებურებათა გამო. თუმცა ამ ბიზნესის განვითარებას ხშირად სწორედ წარმოების საკმაოდ მცირე მასშტაბი და ისიც უშლის ხელს, რომ ქართველი მწარმოებლების პროდუქცია აღმოსავლეთის ქვეყნების ბაზრების მასშტაბურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. 5%-იანი ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის 6 თვეში დაფიქსირდა, ამ თვალსაზრისით მიზერულია და რეალურ ძვრებს ბაზარსა და მიწოდებაზე ვერ ახდენს.
გარკვეული მატება იყო ღორის ხორცის წარმოებაშიც – ღორის სულადობამ 194.6 ათასი სული შეადგინა, რაც 10.4%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემცირებულია ფრინველის წარმოებაც. 2017 წლის II კვარტალის ბოლოსთვის ფრინველის რაოდენობამ 11,7 მლნ ფრთა შეადგინა, რაც 0.4%-ით ნაკლებია 2016 წლის შესაბამის მონაცემზე.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის შემცირება რძის წარმოების მასშტაბზეც საკმაოდ უარყოფითად აისახა.
წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 183.6 მლნ ლიტრი შეადგინა,რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.7%-ით ნაკლებია.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სტატისტიკა ასეთია: 2017 წლის II კვარტალში ხორცის წარმოებამ 14.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 13.8 პროცენტით ჩამორჩება, ხოლო კვერცხის წარმოებამ 151.4 მლნ ცალი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე 4.2%-ით ნაკლებია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2006-2015 წლების გამოკვლევების შერჩევის ბაზის ძირითად წყაროს წარმოადგენდა 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა. 2016 წლიდან გამოკვლევის შერჩევის ბაზა განახლდა და 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერას დაეფუძნა. შერჩევის ბაზის ცვლილების გამო, 2016 წლის მონაცემები შესადარი არ იყო წინა წლების მონაცემებთან. შესადარისობის უზრუნველყოფის მიზნით , „საქსტატმა“ განახორციელა 2014 და 2015 წლების მონაცემების გადაანგარიშება. გადაანგარიშება განხორციელდა „საქსტატის“ სტატისტიკურ მონაცემთა გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად და შემცირების შესახებ მონაცემებიც ამ სტატისტიკურ ანალიზს ემყარება.