საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტის მიხედვით, იგეგმება როგორც სამინისტროების რაოდენობის შემცირება, ასევე მთელი რიგი საკადრო ცვლილებებისა. დამოუკიდებელ სამინისტროებად არსებობას შეწყვეტენ ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, რომლებიც სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სამინისტროებს შეუერთდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყმება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მთავრობის სტრუქტურული ცვლილების პროექტის მიხედვით, შეიცვალნენ შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გეგმის მიხედვით, მთავრობის შემადგენლობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა შემცირდება თვრამეტიდან თოთხმეტამდე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიღებულმა უდიდესმა ნდობამ მთავრობას მიანიჭა რადიკალური ცვლილებების განხორციელების მანდატი:
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც, თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს“.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ მინისტრის ჩანაცვლებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აირიდებენ, ცდებიან, ეს ასე არ მოხდება, ყველა შეკითხვა ძალაში დარჩება. მთელი მთავრობა კოლექტიურად არის პასუხისმგებელი. თან ახალი მინისტრის კანდიდატურაც გაუგებარია...სალომე სამადაშვილი
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი; ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს. ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად, ის ასევე დაიკავებს ვიცე-პრემიერ-მინისტრის პოსტს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორია, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდება ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი, უწყებას კი უხელმძღვანელებს მიხეილ ჩხენკელი:
„მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში. მიხეილ ჩხენკელი პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. ბატონი მიხეილი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის პენსილვანიის უნივერსიტეტის არაერთი ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის და ა.შ.“.
გარდა ამისა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე. ასევე ერთიანდებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, მინისტრის თანამდებობაზე კი ინიშნება ლევან დავითაშვილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამსხვილებულ სამინისტროს მიხეილ ჯანელიძე უხელმძვანელებს. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს მთავრობის ამ ინიციატივას, თუმცა პასუხად ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება მინისტრების შეცვლით ცდილობს თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის, თქმით, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ მინისტრის ჩანაცვლებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აირიდებენ, ცდებიან, ეს ასე არ მოხდება, ყველა შეკითხვა ძალაში დარჩება. მთელი მთავრობა კოლექტიურად არის პასუხისმგებელი. თან ახალი მინისტრის კანდიდატურაც გაუგებარია. გიორგი გახარიას არ აქვს არანაირი პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილება. თან მას სერიოზული ბიზნესკავშირი აქვს რუსეთთან. შესაბამისად, საკითხავია, რამდენად მიზანშეწონილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ჩაბარება ასეთი ადამიანისთვის“.
სულ ცოტა, ასევე შეიძლებოდა იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანება, მაგრამ რადგანაც ეს არ განხორციელდა, ჩნდება ეჭვი, რომ შიდასახელისუფლებო კონიუნქტურა უფროა, ვიდრე რეალური ცვლილებები...გიგი უგულავა
სალომე სამადაშვილს ასევე ეჭვი ეპარება, რომ მთავრობის წევრთა რაოდენობის შემცირებას მოჰყვება სამთავრობო ხარჯების პროპორციული შეკვეცა. პოლიტოლოგ ზვიად აბაშიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის გეგმის დეტალები საკითხის პარლამენტში განხილვისას გახდება ცნობილი:
„როცა პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მთავრობას, მაშინ გავიგებთ, თუ რა ახალი ხედვა აქვს პრემიერ-მინისტრს, ვთქვათ, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ან ეკონომიკის საკითხებში, ფინანსურ სტაბილიზაციასთან მიმათებით... თუ არანაირი სიახლე არ იქნა, მაშინ ცხადი გახდება, რომ მხოლოდ ბიუროკრატიის შემცირებასთან გვაქვს საქმე და განსაკუთრებული არაფერი ხდება“.
სამთავრობო ცვლილებების ბიუჯეტის პროექტში ასახვას ელოდება პარლამენტში წარმოდგენილი კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „ევროპული საქართველოს“ სახით, თუმცა, პარტიის ლიდერ გიგი უგულავას თქმით, ნდობას არც სამთავრობო სტრუქტურების შემცირება იწვევს:
„სულ ცოტა, ასევე შეიძლებოდა იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანება, მაგრამ რადგანაც ეს არ განხორციელდა, ჩნდება ეჭვი, რომ შიდასახელისუფლებო კონიუნქტურა უფროა, ვიდრე რეალური ცვლილებები. რაც შეეხება საკადრო ცვლილებების ნაწილს, დაწინაურდა და ძალაუფლება შეინარჩუნეს იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბატონ ივანიშვილთან“.
თუმცა პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ცვლილებებს ბიძგი მისცა ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვების მიუხედავად, ნათლად გამოჩნდა ხელისუფლების მხარდაჭერის მასშტაბური შემცირების ტენდენცია, რამაც პრემიერ-მინისტრს სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებისკენ უბიძგა. თუმცა, ლაგაზიძისავე თქმით, ასევე საფიქრებელია, რომ ადგილი აქვს ძალაუფლებისთვის ბრძოლას მმართველი პარტიის შიგნით. საქმე ისაა, რომ 13 ნოემბერს თბილისის მერის თანამდებობა დაიკავა კახა კალაძემ, თუმცა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა სრულად გადაფარა გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებულმა ცვლილებებმა.
„დღევანდელი დღე უნდა ყოფილიყო კახი კალაძის ბენეფისის დღე, მაგრამ რეალურად მივიღეთ გადაფარვა სამთავრობო ცვლილებებით. ამ ცვლილებებში ბევრად უფრო ღრმა პროცესების დანახვა შეიძლება, მაგალითად, იმის, რომ სახეზე გვაქვს „ქართულ ოცნებაში“ პასუხისმგებლობისა და მიზიდულობის ორი ცენტრი: ერთი - კახი კალაძე, თავისი თბილისის მთავრობით და პასუხისმგებლობით თბილისზე, და მეორე -კვირიკაშვილი, თავისი განახლებული მთავრობით“, უთხრა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო თავისუფლებას.
დღის ბოლოს გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებებს მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ. მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად - გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად - მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად - მიხეილ ჩხენკელი. პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.