რუსთავის მერი ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
Your browser doesn’t support HTML5
რუსთავის საბიუჯეტო პროექტები
- 2018 წელს რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 მილიონ 212 848 ლარი დაიხარჯება.
- დაგეგმილია ქალაქის სხვადასხვა უბანში გზის საფრის აღდგენა-რეაბილიტაცია, ავარიული სახლების გამაგრების, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის, გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციის, სპორტული მოედნებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხეების მოწყობის სამუშაოები.
შეხვედრას მერის მოადგილეები დავით კეკელიძე, გოჩა ლორია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გრიგოლ ვეფხვაძე, გიორგი ტუხაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე ირაკლი ტაბაღუამ დეტალურად ილაპარაკა იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე წელს ქალაქის მასშტაბით იგეგმება, და ბიზნესმენების მოსაზრებებიც მოისმინა.
როგორც რუსთავის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, მკაცრად გაკონტროლდება სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების მიერ სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების პროცესი, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მიმართ მერია შესაბამის ზომებს მიიღებს.
2018 წელს რუსთავში ცენტრალური ბიუჯეტიდან 10 მილიონამდე ღირებულების (მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა - 1 მლნ 284 684 ლარი) ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სამუშაოები უმეტესად ქალაქის სხვადასხვა უბანში გზის საფრის აღდგენა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით კი, რუსთავში 3 მლნ 330 670 ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, ავარიული სახლების გამაგრების, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის, გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციის, სპორტული მოედნებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხეების მოწყობის სამუშაოები - განხორციელდება.
მიმდინარე წელს რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 13 მლნ 212 848 ლარი დაიხარჯება.