სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, წინააღმდეგობების მიუხედავად, გამოძიებას მაინც დაასრულებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები გორში

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები გორში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. ეს შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და დევნილებს სასამართლოს წარმომადგენლებმა ომის დანაშაულების გამოძიებისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

Your browser doesn’t support HTML5

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, წინააღმდეგობების მიუხედავად, გამოძიებას მაინც დაასრულებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა უმძიმესი დანაშაულების - კერძოდ, გენოციდის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების, სამხედრო დანაშაულის - გამოძიებისა და ბრალდებულთა სისხლისსამართლებრივი დევნისა და გასამართლების მიზნით. საქართველოში მყოფი წარმომადგენლები ამჟამად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებენ. შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აღნიშნეს, რომ 9 წლის შემდეგ გამოძიების დაწყება დაგვიანებულია, რადგან მოწმეთა და დაზარალებულთა ნაწილი უკვე გარდაიცვალა და მტკიცებულებათა შეგროვება სულ უფრო გართულდება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები გორში

  • 1998 წლის 17 ივლისს 160-მა სახელმწიფომ დააარსა პირველი, ხელშეკრულებაზე დაფუძნებული, მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.
  • პროკურორის ოფისის სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკა მდგომარეობს იმ ადამიანების დევნაში, ვინც, შეგროვილი მტკიცებულებების მიხედვით, ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი შესაბამისი დანაშაულების ჩადენაზე, ამ პირის შესაძლო ოფიციალური თანამდებობის მიუხედავად.

ნონა ნიკოგოსოვი ლიახვის ხეობიდან დევნილია. მისი აზრით, ყველა დევნილი ოჯახი დაზარალებულია, რადგან მათი ქონება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე განადგურებულია. მისი თქმით, ომის დღეებში არაერთი დანაშაული მოხდა, რომლის გამოძიებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მან შეხვედრის მონაწილეებს თავისი დედამთილის ისტორია უამბო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრატორი ჰერმან ფონ ჰებელი დამსწრე საზოგადოებას იმ პროცედურების შესახებ ელაპარაკა, რომელთა გავლაც მოწმეებსა და დაზარალებულებს მოუწევთ. მისი თქმით, აუცილებელია შეგროვდეს უტყუარი მტკიცებულებები და ამაში იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება მნიშვნელოვანია. აქვე გაირკვა, რომ საქართველოში 90-იანი წლების კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება ვერ მოხდება, რადგან მაშინ სასამართლო არ არსებობდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დევნილებს აინტერესებდათ ეთნიკური ნიშნით მათი დევნის გამო პასუხისმგებლობა ვის დაეკისრებოდა. ომის დროს ლიახვის ხეობის მცხოვრებლები მხოლოდ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს ხედავდნენ, რომლებიც მათზე ძალადობდნენ. პასუხად მიიღეს, რომ სასამართლოს მიზანი კონკრეტული სახელმწიფოს დადანაშაულება არ არის. სისხლის სამართლის სასამართლო მტკიცებულებებით ადგენს კონკრეტულ დამნაშავე პირებსა და დანაშაულის ჩადენისთვის ბრძანების გამცემებს. როგორც უკვე ცნობილია, სასამართლოს წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ შევლენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოსთხოვა და ამის შემდეგ თანამშრომლობის პირობა დადო.

ჯიოევის განცხადების პასუხად პროკურატურის ოფისის, იურისდიქციის, კომპლემენტარობისა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორმა ფაკისო მოჩოჩოკომ თქვა, რომ გამოძიება მაინც ბოლომდე მივა, მიუხედავად იმისა, ითანამშრომლებენ თუ არა მასთან სხვა მხარეები. მისი აზრით, განსაკუთრებით რთული გენდერული დანაშაულების გამოძიება იქნება, რადგან გაუპატიურებისა და სხვა ძალადობის შემთხვევაში დაზარალებულები ჩვენების მიცემისგან თავს იკავებენ ხოლმე.

სახალხო დამცველი და სხვადასხვა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ომის დასრულებისთანავე აგროვებდნენ მასალებს ომის დანაშაულის შესახებ, იწერდნენ ჩვენებებს და ადგენდნენ სარჩელებს, მაგრამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამ მასალებს არ დაეყრდნობა და დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს. იანვარში საქართველოში სპეციალური ოფისიც გაიხსნება. გორში შეხვედრის ჩატარება მიზნად ისახავს დაზარალებულებისა და მოწმეების გააქტიურებას. 1998 წლის 17 ივლისს 160-მა სახელმწიფომ დააარსა პირველი, ხელშეკრულებაზე დაფუძნებული, მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. მიღებული ხელშეკრულება რომის სტატუტის სახელითაა ცნობილი და საქართველო მიერთებულია ამ ხელშეკრულებას. საერთაშორისო სასამართლო დევნის და ასამართლებს პიროვნებებს და არა პიროვნებათა ჯგუფებს ან სახელმწიფოებს. პროკურორის ოფისის სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკა მდგომარეობს იმ ადამიანების დევნაში, ვინც, შეგროვილი მტკიცებულებების მიხედვით, ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი შესაბამისი დანაშაულების ჩადენაზე, ამ პირის შესაძლო ოფიციალური თანამდებობის მიუხედავად. ახლა შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გამოძიება, როდის ჩატარდება სასამართლოს სხდომა და დაიწყება თუ არა დანაშაულის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა.