ფოტოები საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან, უმაღლესი სასწავლებლიდან, სამსახურიდან, ოჯახიდან და სამეგობრო წრიდან. ფოტოპრეზენტაციებით საკუთარი ბიოგრაფია ასე ორიგინალურად წარუდგინეს ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა, მწერლებმა და ფოტოგრაფებმა ერთმანეთს. შემდეგ ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილისგან მოისმინეს ფოტოგრაფიის განვითარების ისტორია. გაეცნენ ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებს. ქალთა საკითხების სპეციალისტი მარინა თაბუკაშვილი კი გენდერულ თანასწორობაზე და კონფლიქტების მოგვარების საქმეში ქალთა როლზე საუბრობდა. ერევანში 4 დღის განმავლობაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი შეხვედრა იმ პროექტის ნაწილი იყო, რომელიც ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების თანამშრომლობას გულისხმობს. ცხინვალელი ბლოგერი ალან ფარასტაევი მიიჩნევს, რომ შეხვედრის ასეთი ორიგინალური ფორმატი ადამიანებს აძლევს საშუალებას, უფრო ახლოს და ღრმად გაიცნონ ერთმანეთი.
Your browser doesn’t support HTML5
შეხვედრის მონაწილეები არ ლაპარაკობდნენ ომზე, კონფლიქტზე. ლაპარაკობდნენ ფოტოგრაფიაზე, ჟურნალისტიკაზე, ადამიანურ ურთიერთობაზე. ქალის როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გენდერულ თანასწორობაზე. სოხუმელი ფოტოგრაფი ნაალა ავიძბა მიიჩნევს, რომ არსებობს უამრავი თემა, რომელზეც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ისაუბრონ, იკამათონ, ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარონ, თუნდაც ეს მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მისთვის ახლა მთავარი ისაა, რომ კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს აღარ კლავენ.
ცხინვალელი ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა მიიჩნევს, რომ კონფლიქტების მომწიფების პირველი ნიშანი კომუნიკაციის გაწყვეტაა, ამიტომ სხვადასხვა მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა, პირველ რიგში, კონტაქტები არ უნდა დაკარგონ. მისი აზრით, ერთი პროფესიის ადამიანებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეუძლიათ, რაც, საბოლოო ჯამში, ნდობის აღდგენას ხელს შეუწყობს.
ფოტოგრაფი თინათინ კიღურაძე ომის შემდეგ პირველად შეხვდა ოს და აფხაზ კოლეგებს. მოლოდინი ჰქონდა, რომ ვითარება დაიძაბებოდა, თუ კონფლიქტებზე ჩამოვარდებოდა სიტყვა. მან ეს გამოწვევად ჩათვალა, მაგრამ შეხვედრაზე კეთილგანწყობა უფრო მეტი იყო.
„ფოტო არის ფანჯარა და ამ ფანჯრიდან ხედავ, აღიქვამ სამყაროს. ფოტოგრაფიას აქვს დიდი ძალა, ნეგატიურიც და პოზიტიურიც“ – ასე ფიქრობს გურამ წიბახაშვილი. მისი აზრით, თუ ადამიანი ამ საქმეს პოზიტიური მიზნისთვის გულწრფელად აკეთებს, მაშინ ფოტოგრაფია აუცილებლად სიკეთის მომტანი იქნება და ფანჯარაში სხივიც გამოჩნდება. წიბახაშვილმა ამ შეხვედრიდან დაინახა, რომ ადამიანებს სურვილი აქვთ გასცდნენ კონფლიქტს, მოერიონ მას და საკუთარ თავსაც.
გურამ წიბახაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ერთგვარი ექსპერიმენტი შესთავაზა. კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები პროფესიონალები დაწყვილდნენ, გავიდნენ ერევნის ქუჩებში, სოციალურ და ქალთა თემებზე ფოტორეპორტაჟები და ისტორიები მოამზადეს. ექსპერიმენტმა გაამართლა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ყოველთვის ირჩევს ფორმატს, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ელფერისგან. ორგანიზაციის მიერ მონაწილეების შერჩევა პროფესიული ნიშნით ხდება და ეს ყველაფერი კონკრეტულ შედეგზეა გათვლილი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი გვანცა ასათიანი ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ერთობლივი ფოტოგამოფენა. თემა – კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ქალები იქნება.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია მსგავსი სახის შეხვედრებს პერიოდულად მართავს. ცოტა ხნის წინ გამოიცა კრებული „პირველი ნაბიჯი“, სადაც ქართველი, ოსი და აფხაზი მწერლების მოთხრობები შევიდა. ამ პროექტის თავისებურება ის იყო, რომ მწერლები ჯერ ერთმანეთს შეხვდნენ და შემდეგ ომისდროინდელი ისტორიები გაცვალეს. წიგნი ქართულ, რუსულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე გამოიცა. რაც შეეხება მიმდინარე პროექტს, ერთი თვის განმავლობაში ფოტოგრაფები და ჟურნალისტები სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში მოამზადებენ ფოტოისტორიებს ქალებზე. გამოფენა წლის ბოლომდე მოეწყობა, ფოტოისტორიები სხვადასხვა ინტერნეტგამოცემაშიც გამოქვეყნდება.