როგორ ეხმარება აშშ საქართველოს რუსული ოკუპაციის ფონზე

საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“

საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისას შეერთებული შტატები აღარ აკეთებს აქცენტს უცხოეთში მისიებისათვის ქართველი სამხედროების მომზადებაზე. ახლა ყურადღების ცენტრშია საკუთრივ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. ეს ითქვა შეერთებული შტატების სენატში, საგარეო ურთიერთობის კომიტეტში გამართულ სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა თემას - „რუსეთის მიერ საზღვრების, ხელშეკრულებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევა“.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 7 ივნისს გამართული სხდომა ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში სენატორებმა მოუსმინეს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდს და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მაიკლ კარპენტერს. ორივეს მოუხდა საქართველოზე საუბარი. მათ სენატორმა დევიდ პერდიუმ სთხოვა განემარტათ, რა ზომებს მიმართავს შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს მხარდასაჭერად მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას და ცხინვალის რეგიონში იმასაც კი აპირებენ, რომ რეფერენდუმი გამართონ რუსეთთან მიერთების საკითხზე.

2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ჩვენი მიზანია საქართველო უფრო გამძლე გახდეს და შემცირდეს მასზე რუსეთის ზემოქმედების უნარი...
მაიკლ კარპენტერი

სენატორმა პერდიუმ გაიხსენა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან შარშანდელი შეხვედრა და მინისტრის მიერ გამოთქმული შეშფოთება რუსეთიდან მომდინარე მუდმივი ზეწოლის გამო.

რას აკეთებს შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს მხარდასაჭერად? ამ საკითხზე ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა ისაუბრა: „2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ჩვენი მიზანია საქართველო უფრო გამძლე გახდეს და შემცირდეს მასზე რუსეთის ზემოქმედების უნარი. ასე რომ, კრიზისის შემდეგ საქართველოში 408 მილიონამდე დოლარი გვაქვს დახარჯული უსაფრთხოების საკითხებში დასახმარებლად. ბოლოხანს, სულ ორი კვირის წინ ვიყავი თბილისში, რათა მონაწილეობა მიმეღო სამხედრო წვრთნებში, სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც საქართველოსთან ერთად ჩავატარეთ“.

იქვე კარპენტერმა სენატორებს შეახსენა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა უცხოეთში, ნატოს სამხედრო მისიებში - განსაკუთრებით, ავღანეთში - და დიდი დანაკარგი განიცადა დაღუპული და დაჭრილი სამხედროების სახით.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ შეერთებული შტატები ბოლო ათწლეულის განმავლობაში აქცენტს აკეთებდა ქართველი ჯარისკაცების უცხოური მისიებისათვის მომზადებაზე, ახლა მეტ ყურადღებას უთმობს სხვა ასპექტს. თუ რომელს, ამ საკითხს შეეხო ვიქტორია ნულანდიც: „საქართველოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისას, ბოლო 10 წლის დიდი ნაწილი დავუთმეთ საქართველოს ჯარების მომზადებას უცხოეთში განსათავსებლად - ავღანეთში და ა.შ. და, შესაძლოა, საკმარისი ყურადღება არ დაგვითმია საქართველოს საკუთარი, საშინაო უსაფრთხოების გაძლიერებისათვის. ახლა ვცდილობთ ამის გამოსწორებას არა მარტო ამერიკა-საქართველოს, არამედ ნატო-საქართველოს ურთიერთობაშიც“.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათ წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე საუბრისას ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ, მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულმა ეკონომიკურმა სანქციებმა შეაჩერა რუსეთის შესაძლო ძალისხმევა გაეფართოებინა უკრაინაში დაპყრობილი ტერიტორია.

ვიქტორია ნულანდი

„რუსეთზე ზემოქმედების ყველაზე ძლიერი ბერკეტი, რომელიც ჩვენს ხელშია, არის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების, იაპონიის, კანადისა და სხვების მიერ დაწესებული, ორ წელიწადზე მეტი ხანი მოქმედი ღრმა და ყოვლისმომცველი სანქციები. გავიმეორებ, რომ ამას ვემხრობით, რადგან მინსკის შეთანხმებები არ შესრულებულა და ამიტომ სანქციები უნდა გავახანგრძლივოთ“, - ასე ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

მიზეზი, რის გამოც ვაშინგტონში რუსეთზე იმსჯელეს, იყო არამარტო საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით მისი პოლიტიკა! ნულანდმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არღვევს ან „სრულად არ იცავს“ შეიარაღების კონტროლისადმი მიძღვნილ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, მათ შორის 1987 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას საშუალო რადიუსში მოქმედი ბირთვული იარაღის შესახებ (INF).

სენატის კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხები, სავარაუდოდ, მიანიშნებს იმაზე, თუ რა თემები იდგება ნატოს ვარშავის სამიტის დღის წესრიგში.

ნატოს ამ, ივლისის, სამიტამდე კი ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა. მოსალოდნელია, რომ სამიტზე მხარს დაუჭერენ რუსეთისათვის 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებას.

ვიქტორია ნულანდის შეფასებით, სანქციებს აქამდეც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა: „ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო ორი წლის ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებსაც მხარს უჭერს ეს კომიტეტი. ვფიქრობ, რომ რუსეთს ეს ძალიან ძვირად დაუჯდა არა მარტო, უბრალოდ, სანქციების, არამედ ნავთობზე მეტისმეტად დიდი დამოკიდებულების გამოც. რუსების 13,4 %-ზე მეტი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მთლიანი შიდა პროდუქტი 3,7%-ით შემცირდა 2015 წელს“.