„შარლი ებდოზე“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ალ-ყაიდის დანაყოფმა იემენში

„ერთიანობის მარში“ პარიზში

საფრანგეთში გამომავალ სატირული ჟანრის ჟურნალ „შარლი ებდოზე“ გასულ კვირაში მომხდარ სისხლიან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ალ-ყაიდის დანაყოფმა იემენში.

ეს განცხადება ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოთი გაკეთდა იმ ფონზე, როცა დაიწყო ჟურნალის ახალი ნომრის გაყიდვა. ნომერი, რომლის ყდაზეც წინასწარმეტყველი მუჰამედია გამოსახული, მოკლე დროში გაიყიდა საფრანგეთში.

ერთ-ერთმა მკითხველმა, მუსტაფა კორაშიმ, სააგენტო „როიტერსს“ შემდეგი განუცხადა: „დღეს საგანგებოდ გავიღვიძე, რომ აქ მოვსულიყავი და „შარლი ებდოს“ ნომერი მეყიდა. მაგრამ ეს ვერ მოვახერხე და იმედგაცრუებული ვარ. ახლა მანქანაში ჩავჯდები და სხვა ადგილასაც მოვძებნი“.

საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაკავებულია, სულ მცირე, 50 ადამიანი, თავდასხმის შემდეგ ტერორიზმის მხარდაჭერის გამო.

შეიარაღებული პირები, ისლამისტური შინაარსის ლოზუნგების ყვირილით, 7 იანვარს შეიჭრნენ ჟურნალის პარიზის ოფისში და მოკლეს 12 ადამიანი, მათ შორის რედაქტორები და კარიკატურების ავტორები. ამით საფრანგეთში დაიწყო სამდღიანი ტერორი, რასაც, საერთო ჯამში, 17 ადამიანი შეეწირა.

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ალ-ყაიდის იემენის დანაყოფის, ანუ ორგანიზაციის „ალ-ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“, ლიდერი ნასრ ალ-ანსი ამბობს, რომ თავდამსხმელებს იერიშის ბრძანება მიეცათ წინასწარმეტყველ მუჰამედისთვის შურისძიების მიზნით.

წინასწარმეტყველის კარიკატურების დაბეჭდვის გამო ჟურნალი ხშირად იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს.

ანსის თქმით, ალ-ყაიდის მისმა დანაყოფმა „აირჩია სამიზნე, შეიმუშავა გეგმა და დააფინანსა ოპერაცია“, ალ-ყაიდის ლიდერის აიმან ზავაჰირის ბრძანების გათვალისწინებით.

ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთი „სატანის პარტიას“ ეკუთვნის. ანსი გამოვიდა კიდევ უფრო მეტი „ტრაგედიისა და ტერორის“ შესახებ გაფრთხილებით.

„შარლი ებდოზე“ იერიშში ეჭვმიტანილები, საიდ და შერიფ კუაშები, აცხადებდნენ, რომ მოქმედებდნენ ორგანიზაციის „ალ-ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“ სახელით. ისინი პოლიციამ 9 იანვარს, ძებნის ოპერაციისას, დახოცა.

ოთხი ებრაელი კაცი შეეწირა მესამე თავდამსხმელის მიერ პარიზში კოშერულ სუპერმარკეტზე მიტანილ იერიშს. უსაფრთხოების ძალებმა ეს თავდამსხმელიც 9 იანვარს მოკლეს.

11 იანვარს პარიზის ქუჩებში მილიონობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ დემონსტრაციაში. „შარლი ებდოს“ სარედაქციო კოლექტივის წევრებმა, რომლებიც იერიშს გადაურჩნენ, სწრაფად დაიწყეს მუშაობა ახალ ნომერზე.

ნომრის ყდაზე გამოსახულია წინასწარმეტყველი მუჰამედი, რომელსაც ცრემლი ჩამოსდის და ხელში უჭირავს აბრა „მე ვარ შარლი“. კარიკატურის სათაურია „ყველაფერი ნაპატიებია“.

ჟურნალის თანამშრომლის ზინებ ელ რაზოუს განცხადებით, ყდა ამბობს, რომ ჟურნალისტები ექსტრემისტებს ჰპატიებენ თავდასხმას.

ჟურნალის გამომცემელმა განაცხადა, რომ ნომრის ტირაჟი 5 მილიონი იქნება - 2 მილიონით მეტი, ვიდრე მანამდე იყო გამოცხადებული. ეს იმ ფონზე, როცა ჟურნალისთვის ჩვეული ტირაჟი უწინ 60,000-ს შეადგენდა. ნომერი ექვს ენაზე ითარგმნა, მათ შორის - არაბულზე, და 25 ქვეყანაში გაიყიდება.

მუჰამედის ახალი კარიკატურის გამოქვეყნებას მუსლიმური ქვეყნების რეაქცია მოჰყვა. ირანის განცხადებით, ეს იყო „შეურაცხმყოფელი“ და „პროვოკაციული“ ნაბიჯი. ასევე „პროვოკაციად“ შეაფასა კარიკატურა ეგვიპტის დიდმა მუფთიმ, შაუყი ალამმა, და განაცხადა, რომ ის „სიძულვილის ახალ ტალღას გამოიწვევს საფრანგეთსა და დასავლეთის საზოგადოებაში“. ყატარში განთავსებული მუსლიმი მკვლევრების საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, „არც გონიერი, არც ლოგიკური და არც ბრძნული გადაწყვეტილებაა ისეთი ნახატების გამოქვეყნება, რომლებიც ისლამის წინასწარმეტყველს შეურაცხყოფს“.

13 იანვარს, მას შემდეგ, რაც თავდასხმების დროს დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონიები გაიმართა საფრანგეთსა და ისრაელში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ებრძვის ექსტრემისტებს და ტერორისტებს, მაგრამ არა მუსლიმებს.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 10,000 სამხედროა განთავსებული უსაფრთხოების დასაცავად - მათ შორის, სინაგოგებთან, მეჩეთებსა და აეროპორტებთან.