ინდოეთი და პაკისტანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდებიან

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი

ინდოეთი და პაკისტანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდებიან. ამის შესახებ 10 ივლისს, ორგანიზაციის სამიტის დროს, უფაში მიღებულ დეკლარაციაშია საუბარი. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახალ გაფართოებას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ისტორიის ახალი ფურცელი უწოდა. რუსეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას განიხილავს როგორც დასავლეთის ალიანსის საპირწონეს.

უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ შექმნილ რეგიონალურ გაერთიანებაში, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი ხელმძღვანელობენ, სულ მალე ახალი წევრები - ინდოეთი და პაკისტანი - შეემატებიან. გაიზრდება ბელორუსიის სტატუსი, ხოლო აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა და ნეპალი პარტნიორები გახდებიან. ასეთია უფაში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შედეგი, რასაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საეტაპო უწოდა:

„დღევანდელი სამიტი ახალ ეტაპს წარმოადგენს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისათვის. პირველად ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში, ახალი წევრების - ინდოეთისა და პაკისტანის -მიღების პროცედურა იწყება. ჩვენ შევთანხმდით, რომ დამკვირვებელი სახელმწიფოს დონემდე გავზარდოთ ბელორუსიის რესპუბლიკის სტატუსი ორგანიზაციის მუშაობაში. ამას გარადა, აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა და ნეპალი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ოჯახს შეუერთდებიან, როგორც დიალოგში პარტნიორები“.

რუსეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას განიხილავს როგორც დასავლეთის ალიანსის საპირწონეს. ერთი დღით ადრე უფაში გაიმართა კიდევ ერთი, BRICS-ის ქვეყნების, სამიტი, რომელშიც ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ოთხი ქვეყნის - ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის - ლიდერები ღებულობდნენ მონაწილეობას. სამიტი მიჩნეულია რუსეთის მცდელობად, აჩვენოს, რომ არ არის მსოფლიოში იზოლირებული, მიუხედავად დასავლეთთან უთანხმოებისა, რასაც უკრაინაში მოსკოვის პოლიტიკა იწვევს.

ორი სამიტის მასპინძელმა ვლადიმირ პუტინმა 10 ივლისს გააკრიტიკა ნატოს ლიდერობით მოქმედი დასავლური კოალიცია და საერთაშორისო მისიას წარუმატებელი უწოდა:

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ვითარების დეგრადაცია ავღანეთში, სადაც საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის ათწლიანმა ყოფნამ ვერ მოიტანა ვითარების ხარისხობრივი გაუმჯობესება. არსებულ ვითარებას ართულებს ასევე მზარდი აქტიურობა ეგრეთ წოდებული „ისლამური სახელმწიფოსი“, ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელიც საკუთარი გავლენის გაფართოებას ესწრაფვის“.

ვლადიმირ პუტინის გარდა, სამიტზე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სხვა ლიდერებიც გამოვიდნენ. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ორგანიზაციაში ინდოეთისა და პაკისტანის გაწევრიანებას გაერთიანების შიგნით თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ორგანიზაციის შიგნით განვითარების ბანკის შექმნის იდეით გამოვიდა, უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა კი კოლეგებს მოუწოდა არ გადააქციონ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია „სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად“.