სოფელ შამგონის მცხოვრებლები მდინარე ენგურზე ქვა-ღორღის მოპოვებას აპროტესტებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მოსახლეობა ითხოვს შეწყდეს მდინარე ენგურის სანაპიროზე მიმდინარე კარიერული სამუშაოები, რომელსაც კომპანია „თიენთი გრუპი“ აწარმოებს. სოფლის მცხოვრებლები შიშობენ, რომ მძიმე ტექნიკის გამოყენებით ქვა-ღორღისა და ქვიშის ამოტანა მდინარეს მიმართულებას შეუცვლის და ადიდების შემთხვევაში ადგილობრივების სახნავ-სათეს მიწებსა და სახლებს დატბორავს. ამასთან, შამგონელები ამბობენ, რომ მათი სოფელი, რეალურად, კუნძულია, რადგან მდინარე ენგურის შუაშია მოქცეული და აქ კარიერული სამუშაოები დაუშვებელია.

Your browser doesn’t support HTML5

შამგონის მცხოვრებლები აპროტესტებენ მდინარე ენგურზე ქვა-ღორღის მოპოვებას

როგორც შამგონაში მცხოვრები ლევან ბეჭვაია ამბობს, რამდენიმე დღის წინ ადიდებულმა მდინარე ენგურმა ჯებირები გაარღვია და მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწები დატბორა. მისი თქმით, განსაკუთრებით ამ ფონზე ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების გაგრძელება დაუშვებელია:

„იმ შემთხვევაში, თუ კარიერს აქაც ამოიღებენ, საფრთხეს შექმნის. ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება ამას. მოსახლეობის მოთხოვნა არის, რომ შამგონა იყო ისე, როგორც არის და კარიერები გადაიტანონ სადმე სხვაგან. მოსახლეობა ამას არ დათმობს და ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება ამას“, - ამბობს ლევან ბეჭვაია.

„ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს ეს სამუშაოები და ხალხს მოუსმინონ ცოტათი. თვითნებურად ნუ აკეთებენ. კი გაიყიდა, მაგრამ მოსახლეობას არ უნდა სცოდნოდა?!. გააქვთ აქედან ქვა-ღორღი. შამგონა ისედაც მცირემიწიანია. იმის ნაცვლად, რომ აქ ჯებირები გაეკეთებინათ, აქედან გააქვთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შამგონაში მცხოვრებმა იური შარიამ.

სოფლის მცხოვრებლებს, შესაძლო საფრთხის გარდა, სხვა მიზეზიც აქვთ მდინარეზე მიმდინარე სამუშაოების საწინააღმდეგოდ. შამგონელების თქმით, საძოვრები მცირე რაოდენობითაა დარჩენილი და მძიმე ტექნიკით გათხრების შემდეგ უფრო შემცირდება:

„ეს არის ჩვენთვის ძროხის საბალახო მიწა. 300 მეტრი არ არის სიგანეში. ამას რომ წაიღებენ, მერე ჩვენი სოფელი მშიერი დარჩება“, - ამბობს ედიკ ფიფია.

მოსახლეობამ თავისი მოთხოვნა ორშაბათს საპროტესტო აქციაზეც გაახმაურა, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ანა წითლიძის მტკიცებით, მათ დახმარებისთვის მოსახლეობამ თავად მიმართა:

„ეს არის სამუშაოები, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ვუკავშირებთ გუბერნატორ შონიას და ყოფილი „ტყის ძმების“ მეთაურს, დათო შენგელიას, რადგან კარიერული სამუშაოები და კარიერის ბიზნესი სამეგრელოში პირდაპირ უკავშირდება მათ სახელს. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ეს სამუშაოები შამგონაში შეწყდეს“, - უთხრა ჟურნალისტებს ანა წითლიძემ.

მის ამ განცხადებას გუბერნატორის ადმინისტრაციაში აბსურდული უწოდეს. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლევან შონიას აღნიშნულ სამუშაოებთან კავშირი არ აქვს.

კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან კომპანია „თიენთი გრუპის“ დირექტორმა მანუჩარ ჩანგელიამ. ის შამგონაში გამართულ აქციაზე მივიდა და მოსახლეობასაც გაესაუბრა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, კარიერული სამუშაოები მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით, გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვით, რომელიც კომპანიამ 2 თვის წინ მოიპოვა:

„ღია აუქციონზე შევიძინეთ ლიცენზია ქვა-ღორღის მოპოვებაზე. ყველა დოკუმენტაცია არის წესრიგში“, - განაცხადა მანუჩარ ჩანგელიამ.

თავის მხრივ, შამგონელები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. აცხადებენ, რომ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.