დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, დასეტყვილი ვენახები და დახოცილი ფრინველი - უკვე რამდენიმე საათია კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ოფიციალური ინფორმაციით, 1 500-დან 2 000 ჰექტარამდე ვენახი 100 პროცენტით განადგურდა. სოფლის მეურნების მინისტრი ოთარ დანელია ამბობს, რომ სახელმწიფო სამეურნეო ზარალს არ აანაზღაურებს.
20 აგვისტოს კახეთში ძლიერი ქარი, სეტყვა და მისი თანმდევი მეწყერი გვიან ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე, დაიწყო და სულ 5-10 წუთი გაგრძელდა. თუმცა ეს მცირე დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყვარელში, ახმეტასა და ლაგოდეხში მოსახლეობის დიდი ნაწილი დაეზარალებინა. დაზარალებულები ახლამხოლოდ დახმარების მოლოდინში არიან:
„კვერცხზე დიდი სეტყვა იყო, ვენახის თავში ახლაც შეგიძლიათ ნახოთ. გუშინ 10 საათისთვის იყო სეტყვა და დღესაც კიდევ ყრია“.
„ჭერი მთლად დაზიანდა. წუხელ როგორც გარეთ იყო სეტყვა, ისე ჩემს სახლში ეყარა სეტყვა. დღეს განცხადებები დავწერეთ და მოვალთო“.
„შიფერი არის დაბლა.აი, როგორ არის დამტვრეული! კოჭები იქით ყრია“.
„ყვავებია დახოცილი, კაკალზე დიდი სეტყვა მოდიოდა და რომელ ზარალზეა საუბარი?!“
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში მცხოვრები მიხეილ ბალიაშვილი გვეუბნება,რომ სეტყვამ 3 ჰექტარზე გაშენებული ვენახი 100 პროცენტით გაუნადგურა და ათეულობით ფრინველი დაუხოცა.დაზარალებული ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს:
„სულ რამდენიმე მარცვალი გადარჩა მტევანზე, იმასაც მზე დაანათებს და სულ გააშავებს.არაფერი აღარ არის. აბა, რა უნდა დავკრიფო აქედან?52 წლის ადამიანი ვარ და ასეთი რამ არ მახსოვს.სეტყვაადრეც მოსულა, მაგრამ ამხელა?ქათმები დახოცა. დავაცდი ერთი-ორი დღე და თუ არ მოვლენ, რაიმე აქტს არ შეადგენენ, მერე მთელი სოფელი გამოვა და გზას დაკეტავს“.
სეტყვამ, ვენახების გარდა, სიმინდის, მზესუმზირის და საზამთროს ნარგავებიც გაანადგურა. მოსახლეობის თქმით, მათ უმრავლესობას მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან კრედიტიაქვსაღებული და თუ მათ სახელმწიფო არ დაეხმარება, შესაძლოა საცხოვრებელი სახლების გარეშეც დარჩნენ:
„17 000 მაქვს აღებული კრედიტით, სახლი მაქვს ჩადებული. თუ არ ამინაზღაურებენ, სახლსაც დავკარგავ“.
ყვარელსა და ლაგოდეხში უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. როგორც ლაგოდეხის გამგებლის პირველი მოადგილე აცხადებს, სამუშაო ჯფუფები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზარალს დაითვლიან:
„5 სამუშაო ჯგუფია ჩვენგან გასული. ადგილზე ხდება სიტუაციის შესწავლა. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მანქანები დაზიანდა. ძირითადად კი,ყურძენი გაფუჭდა“.
ყვარელში სოფლის მეურნეობის მინისტრი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასშეხვდა. ოთარ დანელიას თქმით,წინასწარი ინფორმაციით, რეგიონში 1500-დან 2 000 ჰექტარამდე მხოლოდ ვენახია დაზიანებული. მინისტრის თქმით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეოდაზღვევა არ ჰქონდა, ზარალი სახელმწიფოს მხრიდან ვერაუნაზღაურდება:
„სამი რაიონია დაზარალებული, თუმცა რამდენი სოფელია, ჯერ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მუშაობს კომისია. დაახლოებით ვიცით, რომ ვაზის ნაწილში 1 500-და 2 000-ჰექტრამდეა გაფუჭებული. ეს ინფორმაცია კიდევ ზუსტდება. ასევე ზარალია ინფრასტრუქტურული კუთხით. სადაც დაზღვეული იყო სოფლის მეურნეობის კულტურები, იქ მოხდება ანაზღაურება შეფერხების გარეშე, ხოლო სადაც არ იყო დაზღვეული, ჩვენ ამასთან დაკავშირებით კომპენსაციას ვერ გავწევთ“.
სტიქიის შემდეგ ჩნდება ყველაზე მთავარი კითხვა - იმუშავა თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომელიც სახელმწიფოს 15 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. კომპანია „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიგა ინაშვილის თქმით,საცეცხლე რადარები გამოყენებული იყო, მაგრამ სეტყვის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა:
"პირველ ეტაპზე დამუშავდა ღრუბელი, თუმცა შემდეგ დამატებითი ღრუბელი შემოვიდა, სადაც სეტყვის მარცვლები უკვე ჩამოყალიბებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლის დამუშავება აქტიურად მიმდინარეობდა, ბოლომდე ვერ მოხერხდა სეტყვის აცილება, რადგან ჩამოყალიბებულ ღრუბელში დღეს არსებული ტექნიკური საშუალებებით შეუძლებელია ასეთი ღრუბლის განეიტრალება. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მუშაობს იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედებს ჩამოყალიბების პროცესში".
რაც შეეხება ახმეტას, ამ მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლება თუშეთი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.სტიქიამ თუშეთთან დამაკავშირებელი გზა 27-ე და 52-ე კილომეტრებზე დააზიანა. ამჟამად ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია, რადგან ჩამოწოლილი კლდოვანი მეწყერის გაწმენდა ჯერ არ დასრულებულა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ზარალის მთლიანი რაოდენობა რამდენიმე დღეში გაირკვევა.