გორის მუნიციპალიტეტის ათობით სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. სოფლები ორი დღის განმავლობაში არაერთხელ დაისეტყვა, მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლები. მერეთი, კარბი, გუგუტიაანთკარი, ზარდიაანთკარი, კოშკა. მსხვილმა სეტყვამ გაანადგურა როგორც ბოსტნეული, ისე ხეხილი. დაჩეჩქვილი ვაშლი ძირს ყრია. გარდა ამისა, ზოგიერთ მოსახლეს სახლის სახურავი დაუზიანდა, ზოგს კი შინაური ფრინველიც დაეხოცა. სოფლების მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, იქ კი შესაბამისი კომისია ჯერ არ ჩასულა.
ამ სოფლებს სტიქია შარშანაც დაატყდა თავს. მაშინაც მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა. გორის მუნიციპალიტეტში სასწრაფოდ შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია და ადგილობრივ გლეხებს კომპენსაციის გაცემას შეპირდნენ, თუმცა ერთი წლის განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, ბიუჯეტიდან ზარალის საკომპენსაციო თანხა არ გამოყოფილა. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კომისიაც თვალის ასახვევად შეიქმნა, რადგან მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლებას მათი პროტესტი არ აწყობდა.
დასეტყვილი სოფლების მოსახლეობა სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას და კომპენსაციას ითხოვს. საპროტესტო აქციები უკვე იმართება. სოფელ სობისის მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელი გუშინ გორში რომ ვერ ნახეს, ნიქოზში ჩააკითხეს და იქვე მცირე მიტინგი მოუწყეს. გამგებლის ინფორმაციით, ადგილობრივ ბიუჯეტს ზარალის ასანაზღაურებლად თანხა არ გააჩნია და ეს საკითხი ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია, რაც შეეხება კომისიის შექმნას, დავით ონიაშვილი ამ გადაწყვეტილებას ახლო მომავალში მიიღებს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ნაკვეთების დაზღვევისკენ მოუწოდებს, თუმცა ამ სერვისით მხოლოდ ერთეული ფერმერები სარგებლობენ. გარდა ამისა, კახეთისგან განსხვავებით, შიდა ქართლში სეტყვის ღრუბლის საწინააღმდეგო სპეციალური მოწყობილობა დამონტაჟებული არ არის. ხელისუფლებამ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ, ყურძნისგან განსხვავებით, ვაშლი სტრატეგიული კულტურა არ არის. ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი კი სწორედ ვაშლის რეალიზაციიდან მიღებულ ფინანსებზეა დამოკიდებული.