სესხების რეგულირება და მისი შედეგები

ონლაინ სესხების გაუქმების შეპირება, საბოლოო ჯამში, მათ რეგულირებად გარდაიქმნა. ხელისუფლებამ უარი თქვა დაფინანსების ამ ფორმის სრულად აკრძალვაზე და გადაწყვიტა საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცია ამ გზით გაცემული სესხების პროცენტი. ასევე ზღვრები წესდება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ოდენობაზე.

Your browser doesn’t support HTML5

სესხების რეგულირება და მისი შედეგები

აღნიშნული ცვლილებები გათვალისწინებული იყო მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ე. წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტში. ინიციატივას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღმდეგი იყო. ამ პაკეტში სესხების რეგულირებასთან დაკავშირებით ორი ცვლილება იყო გათვალისწინებული. პირველი ეხებოდა ბანკების მიერ გაცემულ სესხებს, კერძოდ, მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტით - 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.

საინტერესოა, რომ მიუხედავად 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილი საკმაოდ მძიმე ვითარების და კურსის მნიშვნელოვნად დავარდნისა, უცხოურ ვალუტაში სესხებზე მოთხოვნა არ შემცირებულა - კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2016 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 891.2 მლნ ლარით (5.3 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 17.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.5 მლნ ლარით (2.7 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისა 724.7 მლნ ლარით (6.7 პროცენტით) გაიზარდა.

შესაბამისად, ხელისუფლება დოლარში გასაცემი კრედიტის ზღვრების განსაზღვრით მოსახლეობის რეალური მოთხოვნის მექანიკურად რეგულირებას ცდილობს, ოფიციალური განმარტებით - თავად მოსახლეობის რისკების დასაზღვევად.

მეორე საკანონმდებლო ცვლილებით კი ასევე რეგულაციები წესდება - ამჯერად რეგულირდება უკვე ონლაინ სესხების საპროცენტო განაკვეთი.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, განისაზღვრება ონლაინ სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი და პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზედა ზღვარიც. კერძოდ, სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას.

სესხის გამცემს ეკრძალება სესხის გაცემის დროს მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც აღემატება კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 %-ს.

ამ ცვლილებებმა, ოფიციალური ვერსიით, მომხმარებლების რისკები უნდა დააზღვიოს და მათი მდგომარეობა გააუმჯობესოს, თუმცა რამდენად მოემსახურება შეზღუდვები ამ მიზანს და არა ფინანსების ხელმისაწვდომობის შედეგად გამოწვეული პრობლემების ზრდას, ამას მომავალი თვეების სტატისტიკა გვიჩვენებს.