ზუსტად ოთხი საუკუნის წინ კაცობრიობამ თითქმის ერთდროულად დაკარგა ევროპული ლიტერატურის ორი განმსაზღვრელი ფიგურა: უილიამ შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი. შექსპირის გარდაცვალების დღედ 1616 წლის 23 აპრილი ითვლება, ხოლო სერვანტესისა – იმავე წლის 22 აპრილი. ეს ორი მწერალი დღეს ლამის თავად იქცა არქეტიპებად უდიდესი და სხვა ავტორებისთვის მიუწვდომელი ლიტერატურული ტრიუმფისა. ხშირად გაიგონებთ, რომ შექსპირმა მოგვცა პერსონაჟთა მთელი გალერეა, რომლითაც თანამედროვე ეპოქაშიც აღვწერთ ადამიანებსა თუ მოვლენებს; სერვანტესმა კი, თავისი „დონ კიხოტით“, საფუძველი ჩაუყარა რომანის ჟანრს, მხატვრული ლიტერატურის უმთავრეს ფორმას, ყოველ შემთხვევაში იმ სახით, რომლითაც მას დღეს ვიცნობთ.
და მაინც, რა განსაზღვრავს ამ ორი ავტორის ასეთ განსაკუთრებულ სტატუსს? რა არის ის, რასაც ისინი დროის მიღმა გადაჰყავს და ყველა ეპოქისთვის თუ კონტექსტისთვის თანამედროვეს ხდის? ამგვარი, თითქმის უნივერსალური მნიშვნელობის ფონზე, როგორ შეგვიძლია ამ ავტორების წაკითხვა მათივე კულტურულსა თუ ისტორიულ კონტექსტებში – როგორც გვიანდელი რენესანსის სულისკვეთების გამომხატველებისა და მოდერნულობის ეპოქის დადგომის სიმბოლოებისა?
ორ დიდ ავტორზე და მათ ინტელექტუალურ მემკვიდრეობაზე საუბარი ვთხოვეთ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალისტს, სტენფორდის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორ როლანდ გრინს, რომლის ბოლო წიგნს, 2013 წელს გამოცემულ ტექსტს სათაურით „ხუთი სიტყვა: კრიტიკული სემანტიკა შექსპირისა და სერვანტესის ეპოქაში“, მნიშვნელოვან სიახლედ და გარღვევადაც კი მიიჩნევენ კონცეპტუალური ისტორიის სფეროში. ამ წიგნში გრინი ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე შექმნილ ტექსტებში იკვლევს ცვალებად მნიშვნელობებს, რომლებსაც ატარებდა ხუთი სიტყვა - სისხლი, გამოგონება, ენა, წინააღმდეგობა, სამყარო - და ამ გზით გვიყვება მეთექვსმეტე საუკუნის მღელვარე და ინტენსიური კულტურის ისტორიას.
როლანდ გრინს სალომე ასათიანმა დაურეკა და მისი წიგნის განხილვამდე ჯერ ზოგადი საუბარი სთხოვა ევროპული კულტურის ამ ორი ცენტრალური ფიგურის შესახებ.
სალომე ასათიანი: ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, უილიამ შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი ევროპული ლიტერატურის ცენტრალური, უმნიშვნელოვანესი ფიგურები არიან, ალბათ, დანტეს შემდგომ ეპოქაში. იქნებ ზოგადი შეფასებით დავიწყოთ: მაინც, რა აქცევს ამ ორ ავტორს ასე განსაკუთრებულად, რას აჰყავს ისინი ისეთ კატეგორიაში, რომელიც მიუწვდომელია შემდგომ პერიოდებში მოღვაწე ბევრი დიდი ავტორისთვის, იქნება ეს გოეთე, პრუსტი, ჯოისი, დოსტოევსკი თუ ვინმე სხვა?
როლანდ გრინი: ჩემი აზრით, შექსპირისა და სერვანტესის ამგვარი აღქმა იმ გარემოებას უკავშირდება, რომ მათ შეძლეს, ეპოვათ გზა თანამედროვე მკითხველთან თანამედროვე ფორმით სასაუბროდ. ცხადია, ჩვენ შორის დღეს ბევრია ისეთი, ვინც იტყვის, რომ ეს მწერლები მათთვის არც მაინცდამაინც თანამედროვედ ჟღერენ. მაგრამ თუ ამ ავტორებს მათსავე წინამორბედებს შევადარებთ – დიდ ავტორებს, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, დანტე ან პეტრარკა –
ორივე, შექსპირიცა და სერვანტესიც, აშკარად წარმოგვიდგება პირველ დიდ თანამედროვე მწერლებად, რომლებიც წერენ იმავე საწუხარზე, რაც ადამიანისთვის დღესაც მნიშვნელოვანია. ყურადღების ცენტრში მათთვის სააქაოა, და არა საიქიო. ისინი ეხებიან პოლიტიკის, გენდერის, საზოგადოების საკითხებს, ისევე როგორც თავად ხელოვნების ბუნებას. შეიცვალა ლიტერატურის ფოკუსი და ის აწმყოში არსებულ საწუხარზე გადავიდა: საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე მკითხველისთვისაც ნაცნობია. სერვანტესმა პირველი რომანი გვაჩუქა, „დონ კიხოტი“, ხოლო შექსპირმა დაგვიტოვა – 37-მდე პიესა, რომლებსაც გამუდმებით ვდგამთ და ვკითხულობთ. ამ თვალსაზრისით, ისინი ნამდვილად სხვა კატეგორიაში არიან ყველა იმ ავტორისგან განსხვავებით, ვინც მათი წინამორბედი იყო.
ინტერვიუ პროფესორ გრინთან (ქართული ვერსია)
Your browser doesn’t support HTML5
სალომე ასათიანი: ამ ავტორებს და მათ ტექსტებს ყველაზე ხშირად გვიანდელი რენესანსის სულისკვეთების გამომხატველად ახასიათებენ. თუმცა, მათ ტექსტებს ასევე უწოდებენ მოდერნულობის წინა პერიოდის უკანასკნელ უდიდეს ძეგლებს, მოდერნულობის დადგომის სიმბოლოებს, მეტიც – პოსტმოდერნულობის წინასწარმეტყველებსაც კი. აღნიშნავენ, რომ შექსპირის ტექსტებში არ არის ერთი დომინანტური ხმა, გვხვდება ბევრი სხვადასხვა პერსპექტივა, გრძელი ფსიქოლოგიური მონოლოგებით ის თითქოს ფსიქოლოგიისა და ფსიქოანალიზის გაჩენასაც კი წინასწარმეტყველებს; სერვანტესმა კი, როგორც ვიცით, დაწერა წიგნი წიგნებზე, შექმნა პერსონაჟი, რომელიც სხვა პერსონაჟებს განასახიერებს. საერთოდ თუ არის შესაძლებელი ამ ორი ავტორის ან მათი ტექსტების კლასიფიცირება, წრფივი ისტორიისთვის მისადაგება, რომელიმე კონკრეტული ეპოქისთვის მიკუთვნება? თუ მათი მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ეს შეუძლებელია?
როლანდ გრინი: ვფიქრობ, როგორც შექსპირი, ისე სერვანტესი აუცილებლად უნდა განვიხილოთ უშუალოდ მათსავე ისტორიულ კონტექსტში, როგორც რენესანსის ეპოქის ავტორები, თუმცა ამავე დროს ფიგურები, რომლებიც ამ კონკრეტულ მომენტს გასცდნენ. არა მგონია, არჩევანი გვქონდეს. ჩვენთვის, მკვლევრებისთვის, გარდაუვალია მათი განხილვა როგორც რენესანსის ნაყოფისა და, ამავე დროს, რენესანსის შემქმნელებისა. მათზე აშკარად ახდენს გავლენას გარემო, რომელშიც წერენ, იქნება ეს ინტელექტუალური, შემოქმედებითი, ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით. აშკარაა, რომ ორივე ღრმად არის დაკავშირებული ამ მომენტთან. თუმცა, ამასთანავე, ისინი ნამდვილად გამოირჩევიან თავიანთი პერიოდის ზოგადი ფონიდან. ჩვენს კულტურაში დიდი ლიტერატურის ერთ-ერთი ფუნქცია ისიცაა, რომ ის, ალბათ, ყოველმა თაობამ უნდა გადასინჯოს. ყველაფერი ისევ ახლად უნდა ვაქციოთ. ლიტერატურა ასე ინარჩუნებს სიცოცხლეს, ის არასოდეს რჩება მიჯაჭვული ერთ რომელიმე ისტორიულ პერიოდზე. თუ ლიტერატურა თანამედროვედ არ აღიქმება, ის საერთოდ ქრება. შექსპირსა და სერვანტესს ხელახლა გააზრების განსაკუთრებით ხანგრძლივი ისტორია აქვთ ყველა თაობაში, დღემდე. ადრეულ მეოცე საუკუნეში, როცა ესპანეთის ეროვნული იდენტობის საკითხი ესპანელი ინტელექტუალებისთვის ძალიან აქტუალური იყო,
ამ ავტორებთან მიმართებით არჩევანი არ გვაქვს: ისინი ეკუთვნიან როგორც თავიანთ პერიოდს, ისე ჩვენს ეპოქას.
ბევრი მათგანი სწორედ „დონ კიხოტს“ მიუბრუნდა, როგორც ტექსტს, რომელიც ესპანეთის ეროვნულ ხასიათს ირეკლავდა. შექსპირს რაც შეეხება, ბოლო წლებიდან ვიცით, რომ მისი პიესების ყველაზე შთამბეჭდავი დადგმები სწორედ ისინია, რომლებიც მას თანამედროვე ავტორად წარმოაჩენს, სადაც მოქმედება ვითარდება ელისაბედ პირველის ინგლისიდან, ან საკუთრივ პიესების ორიგინალში აღწერილი ეპოქებიდან ძალიან მოშორებულ პერიოდებში, თანამედროვე მსოფლიოში, ამა თუ იმ ფორმით. დიდ ლიტერატურასთან სწორედ ასე ვმუშაობთ: ჩვენთვის ის იმიტომ არის ცოცხალი, რომ მუდამ გვსურს, კვლავ თანამედროვედ ვაქციოთ. ამდენად, ამ ავტორებთან მიმართებით არჩევანი არ გვაქვს: ისინი ეკუთვნიან როგორც თავიანთ პერიოდს, ისე ჩვენს ეპოქას.
სალომე ასათიანი: ამ ორი ფიგურის ერთ-ერთ დამაკავშირებელ ელემენტად ზოგჯერ იმას ასახელებენ ხოლმე, რომ დონ კიხოტი, თავად პერსონაჟი, გარკვეულწილად განსხეულებაა შექსპირის ცნობილი ფრაზისა კომედიიდან „როგორც გენებოთ“: „მთელი სამყარო თეატრია და ჩვენ ყველანი მის სცენაზე ვმსახიობობთ – ქალიც და კაციც.“ დონ კიხოტი ახალ იდენტობას იძენს, „რაინდთან“ ახდენს იდენტიფიკაციას, და ამით დიდწილად გამოხატავს იმ კომპლექსურ დინამიკას, რომელიც დღესაც საფუძვლად უდევს ჩვენი იდენტობის ფორმირების პროცესებს. ყველანი ვცდილობთ, გავთავისუფლდეთ არასასურველი, ნაკლებად მომხიბვლელი იდენტობებისგან და მოვირგოთ სხვა, უფრო მიმზიდველი იდენტობა. როცა სარკეში ვიყურებით, ყველანი კიხოტები ვართო, ამბობს ერთი კრიტიკოსი. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
როლანდ გრინი: დღეს უკვე მყარადაა ჩამოყალიბებული „დონ კიხოტის“ რომანტიკული აღქმა: რომ ის წარმოადგენს პარადიგმულ ფიგურას, გამოხატავს იმას, თუ როგორ ვატარებთ ყველანი რომანტიკულ ილუზიებს საკუთარ თავზე; რომ მის განწირულ მცდელობას, თავი რაინდად წარმოაჩინოს, ღირსეული და გმირული განზომილებაც კი აქვს. როგორც ძველი ლიტერატურის შესახებ რომანტიკული წარმოდგენების უმეტესობაზე, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ეს წარმოდგენა მომავლიდანაა თავს მოხვეული და საკმარისად არ ირეკლავს ისტორიულ კონტექსტს. ვფიქრობ, იმ ეპოქის მკითხველისთვის დონ კიხოტი სასაცილო ფიგურად იყო ჩაფიქრებული. იმ დროის მკითხველთა უმეტესობა მას სულელ პერსონაჟად აღიქვამდა. ცხადია, დროდადრო სულელებიც გამოთქვამენ ჭკვიანურ აზრებს და მათს ზოგიერთ საქციელს სერიოზულადაც აღვიქვამთ. ის ბოლომდე უსაშველო ფიგურა არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი, რაც მას უნდა გამოეხატა, ის საფრთხე იყო, რომელსაც შეიცავდა კითხვის აქტის სწორად განხორციელების უუნარობა.
სალომე ასათიანი: სერვანტესის განზრახვაც ეს იყო? მას მკითხველის გართობა სურდა? იქნებ სწორედ ამიტომ გაიყიდა მისი წიგნები ასე დიდი რაოდენობით? დღევანდელი გაგებით, „დონ კიხოტი“ ხომ ალბათ ნამდვილი ბესტსელერი იყო.
როლანდ გრინი: დიახ, ნამდვილად ასეა. და ეს დღემდე ყველაზე სასაცილო წიგნია, რაც კი დაწერილა, ჩემი აზრით. შექსპირისა და სერვანტესის მსგავსი ავტორებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი მკითხველის ყოლას, რომლებსაც ესმით, რას აკეთებს ავტორი; მკითხველისა, რომელიც მიუხვდება ჟანრს, განზრახვას, პერსპექტივას; მკითხველისა, რომელმაც იცის, როგორ მოეკიდოს ტექსტებს, ანუ ესმის, რომ ისინი სიტყვასიტყვით არ უნდა მიიღოს, არც ალეგორიულად უნდა წაიკითხოს. ამიტომ მგონია, რომ „დონ კიხოტი“ სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ცუდად კითხვის საფრთხეები წარმოაჩინოს. იმდროინდელი მკითხველისთვის ის ამიტომაა სასაცილო.
სალომე ასათიანი: მაგრამ ამ ავტორების უნივერსალური, ეპოქათა ცვლილების მიღმა არსებული ძალისა და მათი ტექსტების მუდამ ახლებური ინტერპრეტაციების ფონზე, საერთოდ თუ არის შესაძლებელი დაბეჯითებით თქმა, რას ნიშნავდა მათი ტექსტები ორიგინალურ, პირველად კონტექსტებში? რის თქმას ცდილობდნენ, რა სახით ერეოდნენ თავიანთ კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ რეალობაში? როგორ მოვახდინოთ ამ კონტექსტების რეკონსტრუქცია? აუცილებელია, საამისოდ ვფლობდეთ სპეფიციკურ აკადემიურ მეთოდოლოგიებს, თუ „ჩვეულებრივ“, რიგით მკითხველსაც შეუძლია ამის გაგება?
როლანდ გრინი: დიახ, წარსულში შექმნილი ლიტერატურის მიზნებისა და განზრახვების გაგება მისი სწორედ თავდაპირველ, ორიგინალურ კონტექსტში მოთავსებით შეგვიძლია. წაიკითხავ „დონ კიხოტს“, ან შექსპირის რომელიმე პიესას, მაგალითად „ჰამლეტს“, და შეეცდები გაიგო, რის გაკეთება სურდა ავტორს იმ რეალობაში, რომელშიც მოღვაწეობდა. რა არის ის საკითხები, რომლებსაც პასუხობს? ვისთან შედის დიალოგში? ვის ესაუბრება? ცხადია, რიგითი, ცალკეული მკითხველისთვის ამ კითხვებზე პასუხების მოძებნა რთულია; საამისოდ მეტი უნდა ვიკითხოთ – არა მხოლოდ „დონ კიხოტი“, არამედ სერვანტესის სხვა ტექსტებიც, შექსპირის ბევრი ნაწარმოები: ტრაგედიები, კომედიები, ისტორიები და ასე შემდეგ. და, რაც მთავარია, უნდა გავეცნოთ ამ ავტორების თანამედროვე სხვა მწერლებს. რასაც აკადემიურ სფეროში მომუშავე ხალხი მუდმივად ვაკეთებთ კიდეც: მოცემული პერიოდიდან ვკითხულობთ ყველაფერს, რაც შემორჩენილია და ასე ვცდილობთ ამ ფიგურების გარშემო არსებული მთელი კონტექსტის შემეცნებას. ამ გზით თანდათან იწყებ გაცნობიერებას, რის გაკეთებას ცდილობს ეს ორი ავტორი. შესაძლოა, წააწყდე თემებს, რომლებისგანაც ისინი დისტანცირებას ცდილობენ; ან ნაწარმოებებს, რომლებზეც ქილიკობენ, რომლებიც სასაცილოდ ეჩვენებათ; მოკლედ, მათ გარშემო კონტექსტს ქმნი. და, ვფიქრობ, ამის გაკეთება ყველას შეუძლია. არა მგონია, საამისოდ მაინცდამაინც მკვლევრობა იყოს საჭირო. ერთია, რომ მზად უნდა იყო ბევრის საკითხავად, მათ შორის ისეთი ტექსტებისა, რომლებიც არც ისე კარგია, თავიანთი ისტორიული კონტექსტისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ პერიოდის სტანდარტულ, საშუალო ნიმუშებს მიეკუთვნება, განსხვავებით დიდი ნაწარმოებებისგან, რომელთა ძალაც გასცდა ერთ ისტორიულ პერიოდს – შექსპირისა და სერვანტესის ბევრი ნაწარმოების მსგავსად.
სალომე ასათიანი: კონტექსტის რეკონსტუქციის ბრწყინვალე და ორიგინალური მაგალითია თქვენი წიგნი, თუმცა, სანამ მასზე ვისაუბრებდეთ, კიდევ მაქვს რამდენიმე ზოგადი ხასიათის შეკითხვა. ერთ-ერთი შეფასება, რომელიც ამ ორ ავტორზე ხშირად გვესმის და რომელზეც თქვენც ისაუბრეთ, არის ის, რომ შექსპირიცა და სერვანტესიც ყველა ეპოქაში თანამედროვედ აღიქმებიან. ტერმინებს „შექსპირულსა“ და „დონკიხოტურს“ ყველა მყისიერად ვცნობთ: „შექსპირული“ ნიშნავს რაიმე ტრაგიკულს, მასშტაბურს, მნიშვნელოვანს; „დონკიხოტურით“ კი, როგორც წესი, რომანტიკულ, აბსურდულ, იმპულსურ ქცევასა თუ ხასიათს აღვწერთ ხოლმე. თავად პერსონაჟებიც უკვე არქეტიპებად, ერთგვარ იარლიყებად იქცნენ: მაკბეტები ძალაუფლებისა და ამბიციის სიმბოლოა, ოტელო – ეჭვიანი საყვარლის, რომეო და ჯულიეტა – ახალგაზრდული, იდეალისტური და რადიკალური სიყვარულის, ლირი – ხანდაზმულობისა და მარტოობის. მოსაზრება, რომ ეს მწერლები ყველა ეპოქაში თანამედროვენი არიან და გამუდმებით ხდება მათი ხელახლა გააზრება, თავადაც ერთგვარი კლიშეა, ამას ბევრგან და ხშირად გაიგონებთ. მაგრამ ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნე გვთავაზობს, ვითარებას სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ – სწორედ იმიტომ, რომ ეს პერსონაჟები ჩვენს დღევანდელ ლექსიკას, სააზროვნო სივრცეს ანიჭებენ მნიშვნელობებს, ხომ არ შეიძლება, ისიც ვთქვათ, რომ ისინიც ახდენენ გავლენას ჩვენს რეალობაზე? გვაიძულებენ გარკვეული კატეგორიებით ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ, მოვლენებს მათი სახელები ვუწოდოთ?
როლანდ გრინი: დიახ, შექსპირისა და სერვანტესის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად არის ის, რომ მათ ჩვენ პარადიგმები მოგვცეს ადამიანის ქცევის, ამ სამყაროში მისი მოქმედების გასააზრებლად. როცა ვამბობთ, რომ რაიმე მოვლენა „შექსპირული“ ან „დონკიხოტურია“, პერსონაჟებს ვანიჭებთ ისეთ მნიშვნელობებს, რომლებიც ჩვენთვის თანამედროვე ცხოვრებაშია
მათ ჩვენ პარადიგმები მოგვცეს ადამიანის ქცევის, ამ სამყაროში მისი მოქმედების გასააზრებლად.
აქტუალური. მაგრამ, თუ ამ მნიშვნელობებს ისტორიულ კონტექსტში გადავიტანთ და საკუთრივ ამ ტექსტებს მოვარგებთ, ვფიქრობ, ეს ტერმინები არცთუ ძალიან გამოსადეგია, რადგან ისინი მეტისმეტად ბევრ მნიშვნელობას მოიცავს. ტავტოლოგია იქნება თუ ვიტყვით, რომ თავად „დონ კიხოტიც“ დონკიხოტურია. ეს იარლიყიმნიშვნელობას მხოლოდ მაშინ იძენს, როცა ვინმე სხვას მიუსადაგებ, რასაც ვაკეთებთ კიდეც. ასევე, როცა, მაგალითად, მომსწრენი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში რომელიმე ფიგურის დიდი მარცხისა, ვამბობთ, რომ ეს შექსპირული ტრაგედიაა. ერთი მხრივ, ამგვარი იარლიყები ამ ნაწარმოებებისთვის თუ პერსონაჟებისთვის სიცოცხლის შენარჩუნების გზაა, მაგრამ, ჩემი აზრით, სერიოზული ანალიზისას, ამ ტერმინებს ღრმა მნიშვნელობა არ აქვს.
სალომე ასათიანი: „დონ კიხოტი“ პირველ რომანად ითვლება. კონკრეტულად, რას ნიშნავს „პირველი რომანი“, ფორმისა თუ ჟანრის თვალსაზრისით? და რას გვეუბნება ის გარემოება, რომ თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის, რომანის დამფუძნებელი იყო არა რენესანსის ეპოქის რომელიმე განსწავლული ფიგურა, არამედ, როგორც ვიცით, სამხედრო, პატიმარი, თავგადასავლების მაძიებელი კაცი – მიგელ დე სერვანტესი?
როლანდ გრინი: დიახ, ასეა. „დონ კიხოტს“, როგორც წესი, პირველ რომანად მოიხსენიებენ, რადგან, პირველ რიგში, ეს არის მხატვრული პროზის პირველი ნიმუში იმ დროიდან, როცა მხატვრული ლიტერატურის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ლექსის ფორმით იქმნებოდა. და ის არის მხატვრული პროზის პირველი ნიმუში, რომელიც ასახავს ურთიერთკავშირს რეალობასა და სამყაროს, როგორც გმირებითა და ზებუნებრივი ძალებით დასახლებული სივრცის რომანტიკულ აღქმას შორის. „დონ კიხოტი“ სწორედ ამგვარ მხატვრულ ლიტერატურაზე ქილიკობს: სარაინდო ლიტერატურაზე, თავისი რაინდებით, დიდგვაროვანი ქალბატონებითა და ფანტასტიკური თავგადასავლებით.
სალომე ასათიანი: ანუ, ისევ ორიგინალური კონტექსტის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, სერვანტესის მიზანიც სწორედ ეს არის: ის დასცინის და თავს ესხმის იმ პერიოდში დამკვიდრებულ ჟანრებს.
როლანდ გრინი: დიახ, ასეა. ერთი მხრივ, წიგნს ეს განზომილება აქვს, რადგან თავად დონ კიხოტი ამ ლიტერატურას კითხულობს და ახსენებს. მაგრამ ეს წიგნი გამოხატავს შეუსაბამობას ამ სამყაროსა და იმ რეალობას შორის, რომელშიც მართლა ცხოვრობენ სერვანტესის პერიოდის საზოგადოებაში. როცა დონ კიხოტი პირველად გაჩერდება ფუნდუკში და დილით დანახარჯის გადაუხდელად აპირებს წასვლას, მეფუნდუკე მას ფულის გადახდას სთხოვს. კიხოტი მიუგებს: რაც კი წიგნები წამიკითხავს, არც ერთში არ შემხვედრია, ციხე-კოშკის დატოვებისას რაინდი ფულს იხდიდესო. მეფუნდუკე კი ეუბნება, ამ ციხე-კოშკში ფულის გადახდა მოგიწევს, რადგან მისი პატრონი მე ვარო. ასეთი მომენტები თავიდანვე გვხდება, დონ კიხოტის პირველივე ნაწილში. სერვანტესი, თავისი აუდიტორიის გულის გასახარად, გამოხატავს იმ ფაქტს, რომ იმ მომენტამდე არ არსებობდა მხატვრული ლიტერატურა, რომელიც თანამედროვე გამოცდილებას აღწერდა – ჩვეულებრივი მოკვდავის ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილებას, მაშინდელ რეალობაში. მთელ წიგნში არ წყდება შედარება, ერთგვარი დიალოგი იმ განზომილებისა, რომლითაც სამყარო მანამდე არსებულ მხატვრულ ლიტერატურაში იყო ასახული, და ლიტერატურის ახალი ფორმისა, რომელიც რეალურ, ნაცნობ გამოცდილებას აღწერს. ეს სიახლე იყო. მანამდე ეს არავის გაუკეთებია. და ამით სერვანტესმა არა მხოლოდ პირველი თანამედროვე რომანი გვაჩუქა, არამედ დიდწილად და დიდი ხნით მოკლა უწინდელი რომანტიკული, სარაინდო მხატვრული ლიტერატურა, რადგან მასთან მიბრუნება ძალიან გართულდა მას შემდეგ, რაც მკითხველმა ის „დონ კიხოტის“ კონტექსტში გამოსცადა. ის, რომ ამ წიგნს პირველ რომანს ვუწოდებთ, სწორედ ამ ორ რეალობას შორის შეუსაბამობას ეფუძნება. ცხადია, იმ პერიოდისთვის, ცოტა არ იყოს, ნაადრევი იქნებოდა ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით, სწორედ აქ იწყება ის, რასაც დღეს რეალიზმს ვუწოდებთ. ამ ორ განზომილებას შორის შეუსაბამობა თანამედროვე რომანის საფუძველია, რაც, საბოლოოდ, რეალიზმის ჟანრის რომანს გვაძლევს.
სალომე ასათანი: შექსპირი და სერვანტესი ნამდვილად ორ მთავარ, გიგანტურ ფიგურადაა აღიარებული დასავლეთის ლიტერატურაში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ შექსპირმა, გარკვეული თვალსაზრისით, მაინც დაჩრდილა სერვანტესის გავლენა. სერვანტესი, პირველ რიგში, მაინც ესპანურენოვან სამყაროშია აღიარებული: გაბრიელ გარსია მარკესი ამბობდა, ეს წიგნი მოიცავს ყველაფერს, რის გაკეთებაც კი მას შემდეგ უცდიათ მწერლებსო; ხორხე ლუის ბორხესიც შეპყრობილი იყო ამ ტექსტით. მაგრამ შექსპირს მაინც საკაცობრიო განზომილება აქვს, მის პიესებს მართლაც მსოფლიოს ყველა წერტილში წააწყდებით. როგორ ფიქრობთ, ეს რით აიხსნება? რამდენად მნიშვნელოვანია აქ ენობრივი ფაქტორი, ან ისტორიული რეალობა – მაგალითად, ბრიტანეთის კოლონიური გაფართოება და გეოპოლიტიკური გაძლიერება შემდგომ პერიოდში?
როლანდ გრინი: შექსპირისა და სერვანტესის შედარება იმ თვალსაზრისით, თუ რაოდენ მასშტაბურია მათი გავლენა, სად და რა ფორმით ვაწყდებით მათ ტექსტებს, საკმაოდ რთულია. ერთი მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერვანტესის უნივერსალურობა „დონ კიხოტით“ არის შემოფარგლული, უნივერსალურს ვერ ვუწოდებთ მის პიესებს, არადა, სერვანტესი დრამატურგიც იყო. დიახ, მართალია, მას მხატვრული ლიტერატურის სხვა შესანიშნავი ნიმუშებიც აქვს შექმნილი, მაგრამ იმ ტექსტებს არ ვახსენებთ ხოლმე, როცა სერვანტესის ეპოქისმიღმისეულ მნიშვნელობაზე ვლაპარაკობთ. შექსპირის შემთხვევაში კი საქმე გვაქვს მრავალფეროვან პიესებთან, რომელთა დადგმაც უამრავი სხვადასხვა ფორმითაა შესაძლებელი და თავად ისინიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ არის კომედიები, ისტორიული დრამები, ტრაგედიები, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ვითარდება, გვხვდება პერსონაჟების მთელი არმია, რომლებსაც ადამიანის ქცევის სხვადასხვა გამოვლინების მაგალითებად ვიყენებთ. ესაა პერსონაჟები, რომლებიც თავიანთი ისტორიული ეპოქების სხვადასხვა გამოხატულებად მიგვაჩნია – იქნება ეს ჰამლეტი, ფალსტაფი, შეილოკი თუ სხვა. ამ თვალსაზრისით, შექსპირი გმირების გაცილებით უფრო მრავალფეროვან სახეებს გვაძლევს, უფრო მეტ პერსპექტივას, ვიდრე სერვანტესი.
შექსპირის, როგორც რენესანსის პარადიგმული, მოდერნული ავტორის დამკვიდრება დიდწილად უკავშირდება ინგლისური ენის დამკვიდრებას დე ფაქტო მსოფლიო ენად.
ამასთან, ის გარემოებაც მნიშვნელოვანია, რომ შექსპირის, როგორც რენესანსის პარადიგმული, მოდერნული ავტორის დამკვიდრება დიდწილად უკავშირდება ინგლისური ენის დამკვიდრებას დე ფაქტო მსოფლიო ენად. ცხადია, ესპანურად მსოფლიოს მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი ლაპარაკობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ესპანურს მაინც არ აქვს ის თითქმის უნივერსალური მეორე ენის სტატუსი, რომელსაც ინგლისური ატარებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული დღემდე. ამას ემთხვევა ის, რასაც მე „შექსპირის ინდუსტრიის“ აღზევებას ვუწოდებ: კულტურული ძალებისა, რომლებიც შესაძლებელს ხდის, შექსპირი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნახო, ნებისმიერ დროს, უამრავ ენაზე. ჩემთვის ეს ნამდვილად უკავშირდება ინგლისური ენის აღზევებას – ეს ამ პროცესის მხატვრული გამოვლინებაა ესთეტიკის სამყაროში.
სერვანტესი კი რომანის სამყაროზეა მიბმული, რაც, გარკვეული თვალსაზრისით, შესაძლოა, მისთვის მომგებიც იყოს, რადგან დღეს რომანებს გაცილებით მეტი ადამიანი კითხულობს, ვიდრე პიესებს. ბევრისთვის სწორედ რომანია ლიტერატურის განსხეულება. სერვანტესს სხვა უპირატესობები აქვს, მაგრამ ენობრივი განსხვავება, ის, რომ ერთი ინგლისურად წერს, ხოლო მეორე – ესპანურად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მათი რეპუტაციისთვის და სიცოცხლისუნარიანობისთვის, იმის გათვალისწინებით, როგორც განვითარდა თანამედროვე მსოფლიო.
სალომე ასათიანი: შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი მკვლევარი, მარჯორი გარბერი, თავის ერთ-ერთ წიგნში ეყრდნობა ფრანგი ფილოსოფოსის, მიშელ ფუკოს კონცეფციას „დისკურსული პრაქტიკების თაოსანთა“ შესახებ. ფუკოსთან ეს ნიშნავს ავტორს, რომელიც ჩნდება მე-19 საუკუნის ევროპაში, მაგალითად მარქსი, ფროიდი, სოსიური; ფიგურებს, რომლებმაც შექმნეს აზროვნების სისტემა კაცობრიობის, ცნობიერების, ენის შესახებ, და რომელთა მიერ ინიცირებულმა დისკურსებმა გავლენა იქონია მომავალი თაობების აზროვნებაზე. ეს არ არის „დიდი მწერლის“, ან დიდი მეცნიერის, ან კანონიკური რელიგიური ტექსტების ავტორის სინონიმი. გარბერი ამბობს, რომ შექსპირი სინამდვილეში ორივე იყო: როგორც „დიდი მწერალი“, ისე „დისკურსული პრაქტიკების თაოსანი“ და სწორედ ამიტომ რჩება ის თანამედროვედ ყველა ეპოქაში. ეთანხმებით ამ შეფასებას? და შეიძლება თუ არა იგივე ითქვას სერვანტესზეც? რომ ამ ორმა ავტორმა იმდენად შეცვალა პარადიგმა, რომ მათმა დისკურსულმა ველმა ყველა მომდევნო თაობის სააზროვნო სივრცეზე იქონია გავლენა?
როლანდ გრინი: როგორც შექსპირმა, ისე სერვანტესმა, პარადიგმა ნამდვილად შეცვალეს, მოგვცეს ახალი სააზროვნო ფორმები, სამყაროს რეპრეზენტაციისთვის. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ მათ შექმნეს რომანი, ან ისეთი მარადიული პერსონაჟი, როგორიც, მაგალითად, ჰამლეტია. დიახ, მათი ნააზრევი ნამდვილად უპრეცედენტო იყო იმ პერიოდისთვის. თანამედროვე მკვლევრები, მათ შორის მარჯორი გარბერიც, ხშირად ამ მიღწევებს უსადაგებენ სახელებს ჩვენი, მე-20 ან 21-ე საუკუნის მოაზროვნეებზე დაყრდნობით; რომ, ვთქვათ, ეს გარემოება ფუკოს კონცეფციას ჩამოჰგავს, ის – ფროიდისას... ან სხვა რომელიმე მნიშვნელოვან ავტორს ახსენებენ. დიახ, ამ მოაზროვნეების კონცეპტუალური პერსპექტივების ძველ ავტორებზე მორგება მართლაც შესაძლებელია, ოღონდ გააჩნია, რა კითხვებზე ცდილობ პასუხების მოძებნას. თუ ეპისტემოლოგიაზე მუშაობ, ცხადია, ფუკო გამოგადგება; ფსიქოანალიზში ფროიდი გაგიწევს სამსახურს, პოლიტიკურ საკითხებში – რომელიმე სხვა თანამედროვე ავტორი, და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ ამ ორმა მწერალმა გამოიწვია სიღრმისეული ცვლილებები ადამიანის აზროვნებაში. და ეს აზროვნება მოდერნული აზროვნებაა.
ინტერვიუ პროფესორ გრინთან (ინგლისური ვერსია)
Your browser doesn’t support HTML5
სალომე ასათანი: საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ თქვენს წიგნზე, რომელსაც ეწოდება „ხუთი სიტყვა: კრიტიკული სემანტიკა შექსპირისა და სერვანტესის ეპოქაში“, და რომელსაც კრიტიკოსები და თქვენი კოლეგები, ფაქტობრივად, გარღვევად მიიჩნევენ თქვენს სფეროში. წიგნის შესავალში წერთ, რომ ეს არის ექსპერიმენტი, რომლითაც ხუთი სიტყვის მეშვეობით იკვლევთ მსოფლმხედველობებს ადრეული მოდერნულობის ევროპაში, ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკაში. ეს სიტყვები, თქვენი თქმით, აქტიურად გამოიყენებოდა მე-16 საუკუნეში და მათ ახლაც ვიყენებთ. ესენია: გამოგონება, ენა, წინააღმდეგობა, სისხლი და სამყარო. თუ შეიძლება, გვიამბეთ ამ პროექტზე და აგვიხსენით მეთოდოლოგია, რომლითაც ამ ხუთი სიტყვის, ხუთი ცნების ისტორია შეისწავლეთ. რას გვეუბნება ამ სიტყვების ინტელექტუალური ისტორია ძველ ეპოქაზე?
როლანდ გრინი: ჩემი წიგნი, „ხუთი სიტყვა“, იმიტომ დავწერე, რომ ვცდილობდი, მეპოვა რენესანსის ხანის აღწერის ახლებური გზა. საუბარია პერიოდზე მე-16 საუკუნის გარშემო, წინა და შემდგომი საუკუნეების მცირე მონაკვეთების ჩათვლით. მინდოდა, ახლებურად აღმეწერა ეს ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ეპოქა. ეს არ უნდა ყოფილიყო კონკრეტული მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების აღწერა; არც იმხანად გაჩენილი ლიტერატურული ჟანრების ისტორიის შესწავლა; ან მხოლოდ ისტორიული კონტექსტის აღწერა. საკვლევი ობიექტისადმი სხვა მიდგომის შემუშავება მინდოდა. ვიფიქრე, ნეტავ, რა მოხდება, თუ მთელი ამ პერიოდის მახასიათებლებს რამდენიმე სიტყვამდე დავიყვან-მეთქი. ჩემს სფეროში, ლიტერატურათმცოდნეობაში, არსებობს ხანგრძლივი ტრადიცია, რომელიც გულისხმობს წარსულის გარკვეულ მონაკვეთებზე „საკვანძო“ სიტყვებით საუბარს. სიტყვებით, რომლებიც ეპოქის იდეოლოგიურ მუხტს გამოხატავენ. რენესანსზე საუბრისას ასეთი სიტყვები იქნება სიქველე, სუვერენობა, ადამიანი. ეს სიტყვები ან იმ დროს ჩნდება ან სრულიად ახლებურ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამ სიტყვებსა თუ ცნებებს მუდმივად განიხილავენ იმ ეპოქის უდიდესი მოაზროვნეები.
სალომე ასათიანი: მაგრამ თქვენ სხვა სიტყვები შეარჩიეთ.
როლანდ გრინი: დიახ, ასეა. „საკვანძო სიტყვებზე“ მუშაობა არ მინდოდა. ამა თუ იმ პერიოდზე საკვანძო სიტყვებით ლაპარაკი სხვა ტიპის პროექტია. მე კი იმ პერიოდის ანალიზი მსურდა სიტყვებით, რომლებსაც „სახმარ სიტყვებს“ ვუწოდებ. ანუ სიტყვებით, რომლებსაც ხალხი ხშირად იყენებდა და რომლებსაც ბევრი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა. რენესანსის პერიოდში ჩვეულებრივი, რიგითი ხალხი არ დადიოდა და არ განიხილავდა ისეთ ცნებებს, როგორიცაა
„სუვერენობა“. ამას ინტელექტუალები აკეთებდნენ. მაგრამ რენესანსის რიგითი ადამიანი ლაპარაკობს სისხლზე, ენაზე. მინდოდა, სწორედ ისეთი სიტყვები შემერჩია, რომლებსაც ასეთი ყოველდღიური ხასიათი ექნებოდა. სანამ ამ ხუთ სიტყვაზე ჩემი წიგნის ცალკეულ თავებს ვწერდი, ნამდვილად არ ვიცოდი, რას შედეგს მივიღებდი ბოლოს. როცა, მაგალითად, „ადამიანის“ ცნების ისტორიაზე წერ,ბევრი რამ უფრო ცხადი და განსაზღვრულია. „ადამიანზე“ თავის დაწერა ბევრ მეცნიერს შეეძლო ზუსტად იმავე წარმატებით, როგორითაც მე. მაგრამ ასეთი წიგნის დაწერა არ მინდოდა. არ მინდოდა, წინასწარ მცოდნოდა პასუხები.
მომიწია მოცემული პერიოდის ზღვა მასალის თავიდან გაცნობა, რაც, სხვათა შორის, ახლა ბევრად იოლია, ვიდრე უწინ. ძალიან ბევრი ტექსტია გადატანილი ციფრულ ფორმატში და ახლა შეუდარებლად უფრო დიდი მასალის წაკითხვაა შესაძლებელი. ამასთან, გაჩენილია სრულიად ახლებური მექანიზმები კონკრეტული სიტყვების საძიებლად. ამ ხუთი სიტყვის კვლევას რამდენიმე წელი მოვანდომე. მუშაობის პროცესში თანდათან გამოიკვეთა ხუთივეს განსხვავებული ისტორიები. ყოველ თავში მოცემულია ის, თუ როგორ იქცევა ერთი რომელიმე სიტყვა თანამედროვედ, როგორ ენიჭება მას ახლებური მნიშვნელობები.
ამის მარტივი მაგალითია სიტყვა „სამყარო“ (world). ევროპული ენების უმეტესობაში, ამ ცნებას სწორედ ამ პერიოდში უჩნდება მრავლობითი ფორმა. მოცემული პერიოდის დასაწყისში, ადამიანთა უმეტესობა ამ სიტყვას იყენებს შუა საუკუნეებში გავრცელებული „სამყაროს“
ისინი არ გაურბიან სიტყვებს, რომლებიც ცვლილებებს განიცდის. პირიქით, ეს სიტყვები მათ იზიდავს კიდეც.
(universe) მნიშვნელობით. ის, რაც მხოლოდ ერთია და ყველაფერს მოიცავს. საუკუნის ბოლოსკენ ადამიანთა უმრავლესობა ამ სიტყვას უკვე, მეტ-ნაკლებად, თანამედროვე მნიშვნელობით იყენებს, როგორც ახლაც ვიტყოდით: „შენ შენი სამყარო გაქვს, მე – ჩემი“, „კეთილი იყო შენი მობრძანება ჩემს სამყაროში“, „ნება მომეცი, ჩემს სამყაროზე მოგითხრო“ და ასე შემდეგ. „სამყარომ“ არა მხოლოდ მრავლობითი ფორმა შეიძინა, არამედ პირადი და ინდივიდუალურიც გახდა.
წიგნი სწორედ ამგვარ კითხვებს სვამს ხუთივე სიტყვის შესახებ: როგორ იცვლება ისინი მოცემულ პერიოდში? როგორ აირეკლება ეს ცვლილებები ლიტერატურაში? წერის პროცესში კიდევ უფრო დავრწმუნდი: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დიდ ავტორებს ასეთებად მივიჩნევთ, ისიცაა, რომ მათ სწორედ თავიანთი პერიოდის ასეთი არასტაბილურობა იზიდავს; ისინი არ გაურბიან სიტყვებს, რომლებიც ცვლილებებს განიცდის. პირიქით, ეს სიტყვები მათ იზიდავს კიდეც. ეს ავტორები უშუალოდ მონაწილეობენ ამ ცვლილებების პროცესში. დიდი ლიტერატურა სწორედ ახლებურ მნიშვნელობებს ამკვიდრებს. ამას, შესაძლოა, პირდაპირ ვერც ვამჩნევდეთ, მაგრამ მაინც ვგრძნობთ, რომ დიდი ლიტერატურა გვაძლევს ახალ საშუალებებს ენის გამოსაყენებლად, სიტყვების ახალ მნიშვნელობებს. და ჩემი წიგნიც სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით დავწერე.