სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატებმა თანამდებობიდან გადააყენეს

სენაკის საკრებულოს სხდომა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი დეპუტატებმა, ხმათა უმრავლესობით, თანამდებობიდან გადააყენეს. უკვე ყოფილი თავმჯდომარისთვის, ისევე როგორც საკრებულოს წევრებისთვის, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან 30 დეპუტატიდან 24-მა ჯერ კიდევ გასულ კვირაში მოითხოვა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება. კენჭისყრაში მონაწილე არც ერთი დეპუტატი მედიასთან არ აკონკრეტებს, რა გახდა ჯიშკარიანისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი. მათ ნაცვლად ამ კითხვას თავად საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გასცა პასუხი. მისი მტკიცებით, გადაწყვეტილება უმრავლესობამ ზეწოლის შედეგად მიიღო:

„მიდის მიზანმიმართული შემოტევა ბიძინა ივანიშვილის კადრებზე, მისი იდეების ღალატზე. დღევანდელი მაგალითი სახეზეა. ყველაფერი გააკეთა მოქმედმა გუბერნატორმა, რომ ეს დღე დამდგარიყო. მე ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას“.

კენჭისყრის პროცედურა

კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა საკრებულოს 24-მა წევრმა მიიღო. 21-მა ჯიშკარიანის გადაყენებას დაუჭირა მხარი, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საკრებულოში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს. პროტესტის ნიშნად სხდომა დაწყებამდე დატოვა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და საკრებულოს წევრმა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან“ თამაზ ბოჯგუამ. მისი თქმით, ხვიჩა ჯიშკარიანი ისჯება იმის გამო, რომ არ დაემორჩილა სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მისაბიშვილის, მითითებებს:

„დღეს დასამარდა სენაკში საკრებულოს ვითომ დამოუკიდებლობა, ვითომ თვითმმართველობა. ჩემი ერთადერთი დასკვნაა, რომ ბატონმა ხვიჩამ არ იცეკვა მისაბიშვილის დაკრულზე და მას მოუწყვეს იმპიჩმენტი“.

კენჭისყრის პროცესს პროტესტი გამოუცხადა, თუმცა მონიტორინგის მიზნით მაინც დაესწრო, „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით გასულმა ინგა ქარდავამ, რომელიც ამჟამად თავს დამოუკიდებელ დეპუტატს უწოდებს და ვინც განაცხადა:

„მე მესმის საკრებულოს წევრების, ვინაიდან ისინი წნეხს განიცდიდნენ. მე ამ მასკარადში არ მივიღე მონაწილეობა, ვინაიდან არ მედო დასაბუთებული მასალა, რისთვისაც საკრებულოს თავმჯდომარეს პოსტიდან გადააყენებდნენ“.

მქონდა ბედნიერება ბატონ პრემიერს შევხვედროდი, მაგრამ ეს იყო პარტიულ საკითხებზე, კონფერენციებზე. ეს საკითხი კი მხოლოდ ჩვენი, საკრებულოს წევრების, გადასაწყვეტი იყო...
ინგა ქარდავა

სწორედ ინგა ქარდავამ გაავრცელა გასულ კვირაში ინფორმაცია, რომ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ჯუმბერ ლაშქარავა მოიაზრება. ქარდავას მტკიცებით, ლაშქარავას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა და იქ გადაწყდა ეს საკითხი. თავად ჯუმბერ ლაშქარავა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას არ უარყოფს, თუმცა ირწმუნება, რომ საკრებულოს თემაზე საუბარი არ ყოფილა:

„მქონდა ბედნიერება ბატონ პრემიერს შევხვედროდი, მაგრამ ეს იყო პარტიულ საკითხებზე, კონფერენციებზე. ეს საკითხი კი მხოლოდ ჩვენი, საკრებულოს წევრების, გადასაწყვეტი იყო“.

სენაკის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებთან კავშირს უარყოფს მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. მისაბიშვილი გასულ კვირაში რადიო თავისუფლებასთნ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ სენაკის „საკრებულოს საქმეებთან კავშირი არ აქვს“. ბრალდებებს უარყოფენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

სენაკში „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე ინფორმაცია დაახლოებით ათი დღის წინ გავრცელდა, თუმცა მაშინ ოფიციალურად ეს ცნობები არც ერთმა საჯარო მოხელემ არ დაადასტურა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შევიდა სენაკის საკრებულოს კანცელარიაში განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის შესახებ. მას 30-დან 24 დეპუტატი აწერდა ხელს.