დიდმა რუსმა რეჟისორმა, რომელმაც ფილმი „რუსული კიდობანი“ ერთი კადრით გადაიღო, რომლის ერთ-ერთ ბოლო ფილმსაც, „ფაუსტს“, ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი პრემია, ოქროს ლომი, ერგო, ალექსანდრ სოკუროვმა, ამ კვირაში დაამტკიცა, რომ არამარტო დიდი ხელოვანია. ის გაბედული მოქალაქეც არის ქვეყანაში, სადაც მარტში ათასობით ადამიანი დააკავეს, უბრალოდ, მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის. 28 მარტს სოკუროვმა საჯაროდ დაგმო დემონსტრანტების მიმართ პოლიციის ძალადობა და კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის, გათავისუფლება.
Your browser doesn’t support HTML5
„დღეს მინდა ვთქვა, რომ ველოდები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საკითხზე, რომელიც უკვე განვიხილეთ: ოლეგ სენცოვის ბედზე. მაშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ იფიქრებდა ამ პრობლემაზე“, - ეს სიტყვები ალექსანდრ სოკუროვმა წარმოთქვა 28 მარტს მოსკოვში, რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის პრემიით, „ნიკათი“, დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც მას გადასცეს „პატივისა და ღირსების“ პრემია.
სამადლობელო სიტყვა სოკუროვმა სწორედ ოლეგ სენცოვით დაიწყო. უკრაინელ რეჟისორს რუსეთში მისჯილი აქვს 20-წლიანი პატიმრობა, ყირიმში ტერაქტების მზადების ბრალდებით. სენცოვი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
ალექსანდრ სოკუროვმა შარშან დეკემბერში ისარგებლა შანსით, ოლეგ სენცოვის ბედზე ესაუბრა უშუალოდ პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, როცა სანკტ-პეტერბურგში იმართებოდა პრეზიდენტთან ხელოვნების მუშაკთა შეხვედრა. „გულითადად გთხოვთ, ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, როგორც რუსეთის მოქალაქე, როგორც რეჟისორი! მოდით, მოვაგვაროთ ოლეგ სენცოვის პრობლემა. ის უკრაინელი რეჟისორია. 20 წელი ბანაკებში! ბიჭი ჩრდილოეთის ბანაკში ზის! მე მრცხვენია, რომ აქამდე ვერ მოვახერხეთ ამ პრობლემის მოგვარება. გემუდარებით! მოძებნეთ გზა ამ პრობლის მოსაგვარებლად“,- ალექსანდრ სოკუროვმა უშუალოდ პრეზიდენტ პუტინს მიმართა ამ თხოვნით. უშედეგოდ, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით.
სოკუროვი ჩივის, რომ დიდი ხანია ასევე ამაოდ ითხოვს პოლიტიკოსებისაგან, ხალხისაგან, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, რომ ელაპარაკონ, ყური დაუგდონ ახალგაზრდებს. „ნიკათი“ დაჯილდოების ცერემონიაზე მან გააკრიტიკა რუსეთში 26 მარტის საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების - მათ შორის, ბევრი ახალგაზრდის - დარბევა და დაპატიმრება:
„არ შეიძლება სამოქალაქო ომის გაჩაღება მოსწავლეებსა და სტუდენტებში! მათ ხმას უნდა მოვუსმინოთ! ჩვენი პოლიტიკოსებიდან არავის სურს მათი მოსმენა, მათ არავინ ელაპარაკება. მრავალი წლის განმავლობაში მივმართავდი ვალენტინა მატვიენკოს, მივმართავდი ჩვენს ამჟამინდელ გუბერნატორს თხოვნით, დაიწყეთ საუბარი ახალგაზრდებთან-მეთქი. არასოდეს მიმიღია დადებითი პასუხი. ეშინიათ ამის გაკეთების. რატომ? ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია!“
მოსკოვში „ნიკათი“ დაჯილდოების ცერემონიაზე ალექსანდრ სოკუროვის გამოსვლას, მართლაც რომ, მქუხარე ტაში მოჰყვა და არამარტო ტაში...
რეჟისორმა ალექსეი კრასოვსკიმ, რომელსაც მიენიჭა პრემია „წლის აღმოჩენა“ ფილმისათვის „კოლექტორი“, კინემატოგრაფისტებს მოუწოდა, გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება, რათა „რამე მაინც შეცვალონ იმ ადამიანების ბედში“, ვინც რუსეთში 26 მარტის საპროტესტო აქციებზე დააკავეს. კრასოვსკის მხარი აუბა მსახიობმა ელენა კორენევამ, რომელმაც რუსეთის „პოლიტპატიმრებად“ მოიხსენია უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რუსი აქტივისტი სერგეი მახნატკინი, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნი. რეჟისორმა ვიტალი მანსკიმ, რომელსაც „ნიკა“ ერგო ჩრდილოეთ კორეაში გადაღებული დოკუმენტური ფილმისათვის, რუსეთი სულაც ჩრდილოეთ კორეას შეადარა...
მოკლედ, ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ნიკათი“ დაჯილდოების ცერემონია მორიგ საპროტესტო აქციად იქცა რუსეთში.
28 მარტის ცერემონიაზე ალექსანდრ სოკუროვის გამოსვლის ვიდეოჩანაწერს ინტერნეტში უკვე ასიათასობით ნახვა აქვს.