ცრემლების ქიმია

როცა ადამიანი ტირის, როგორც ჩანს, მის ცრემლში გამოიყოფა სასიგნალო ნითიერება. ყოველ შემთხვევაში, ქალის ცრემლი განსაცვიფრებელ ზემოქმედებას ახდენს მამაკაცზე. ისინი არა მარტო დაბლა წევს ნერწყვში ტესტოსტერონის შემცველობას, არამედ აგზნებას, მომხიბვლელობას და სექსუალურ მიმზიდველობას საპირისპირო სქესისთვის. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ისრაელში მომუშავე მეცნიერები, რომელთა გამოკვლევის შესახებ იტყობინება ჟურნალი "Science"-ი. თუმცა გამოკვლევა უპასუხოდ ტოვებს ზოგიერთ შეკითხვას. მაგალითად, ცრემლის სითხის რომელი შემადგენელი ნაწილები განაპირობებს ამას? სხვაგვარი ზემოქმედებაც ახასიათებს მათ? ანდა, მამაკაცებისა და ბავშვების ცრემლებს თუ აქვს მსგავსი ეფექტი?

„მიუხედავად ამ უპასუხო შეკითხვებისა, ჩვენს ხელთ უკვე არსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ადამიანის ცრემლები ქიმიურ სიგნალს შეიცავს. ჩვენ ტირილის ახალი ფუნქცია აღმოვაჩინეთ“, წერენ ნოამ სობელი და მისი კოლეგები ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტიდან. მეცნიერებმა მთელი რიგი გამოკვლევების ფარგლებში შეისწავლეს მამაკაცების რეაქცია, რომლებიც მარილის ხსნარს და ცრემლების სითხეს ყნოსავდნენ ორი დღის პაუზით. ცრემლები სევდიანი ფილმის მაყურებელი ქალებისგან შეაგროვეს. მარილის ხსნარი კი იმავე ქალების ლოყებზე დააწვეთეს. ცდებისას მამაკაცებს აჩვენებდნენ სხვადასხვა ქალის სურათებს, სევდიან ფილმებს ან სექსუალურად აღმგზნები შინაარსის სურათებს.

ამ ცდებისას მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს მამაკაცების ორ სხვადასხვა ჯგუფში მიღებული მონაცემები: რამდენად მიმზიდველად მიიჩნევდნენ ისინი ნაჩვენებ ქალებს და სექსუალურად რამდენად აღიგზნებოდნენ ისინი. მთელ რიგ სხვა ექსპერიმენტში დაადგინეს ასევე, რამდენად მოქმედებდა მათ რეაქციაზე სევდიანი განწყობა. სექსუალური აგზნების დასადგენად საცდელ პირებს გაუკეთდათ თავის ტვინის სკანირება. აგრეთვე შეამოწმეს მამაკაცების ნერწყვში მამრობითი ჰორმონის, ტესტოსტერონის შემცველობა.

აღმოჩნდა, რომ მამაკაცები ყნოსვით ვერ ადგენდნენ ორ სითხეს შორის განსხვავებას. მიუხედავად ამისა, ცრემლების ყნოსვისას სურათზე ნანახ ქალებს ისინი სექსუალურად ნაკლებ მიმზიდველად მიიჩნევდნენ. ისინი ფიზიოლოგიურადაც ნაკლებად აღიგზნებოდნენ და ტესტოსტერონის უფრო დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. იმავეს მიუთითებდა თავის ტვინის სკანირება, როცა საცდელი პირები ნამდვილ ცრემლს ყნოსავდნენ. ეფექტი სახეზე იყო მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები ტირილის დროს ვერ ხედავდნენ ქალებს.

მეცნიერთა დასკვნა ასე გამოიყურება: ქალის ცრემლი შეიცავს ქიმიურ სიგნალს, რომელიც მამაკაცის სექსუალურ აგზნებადობას ამცირებს. ამ ექსპერიმენტებში მხოლოდ ქალის ცრემლი იქნა შესწავლილი. მეცნიერთა აზრით, შესაძლებელია, რომ ბავშვებისა და მამაკაცების ცრემლებიც მსგავს სიგნალს შეიცავდეს და მსგავს ზემოქმედებას იწვევდეს.