9 თებერვალს, 11 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს, კითხვებს დაუსვამს მის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს. უკვე 10 თებერვლისთვის კი დანიშნულია სამეურვეო საბჭოს ღია სხდომა, სადაც გადაწყდება, თუ რა გრაფიკით გააგრძელებს მუშაობას საბჭო მომავალი კვირიდან იმისათვის, რომ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელონ. სამოქმედო გეგმა, რომელიც „არღვევს კანონმდებლობას მაუწყებლის შესახებ“ და გეგმა, რომელიც გამოიწვევს „საზოგადოებრივი მაუწყებლის პარალიზებას“, - ასე აფასებენ ვასილ მაღლაფერიძის მიერ გამოქვეყნებულ სამწლიან გეგმას, რომელიც სამეურვეო საბჭოს დასტურს ელის.
Your browser doesn’t support HTML5
კითხვები - უფრო ზუსტად, ძალიან ბევრი კითხვა - გაჩნდა მას შემდეგ, რაც 6 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების, კრიზისიდან გამოყვანის სამწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო საზოგადოებას და რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანის გზად ყველა, 101 გადაცემის - მათ შორის, რადიო თავისუფლების ორი გადაცემის, „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს - ერთი წლით, 2018 წლამდე, შეჩერება დასახელდა. რას ნიშნავს დროებით შეჩერება? რა ბედი ელით თანამშრომლებს? რა მექანიზმებით იქნება უზრუნველყოფილი ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვა? რამდენი გადაცემა დაბრუნდება 2018 წელს ეთერში? არღვევს თუ არა გენერალური დირექტორის გეგმა კანონს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ? რა დრო დასჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამოქმედო გეგმის განხილვისთვის? ახლა სწორედ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ვასილ მაღლაფერიძის ავტორობით შექმნილი სამოქმედო გეგმის სისრულეში მოყვანა. თუკი საუბარს ბოლო კითხვით, ანუ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დავიწყებთ, უნდა ითქვას, რომ 7 თებერვალს უკვე შედგა სამეურვეო საბჭოს სამუშაო შეხვედრა სამოქმედო გეგმის გარშემო სალაპარაკოდ. საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას, თქმით, მსჯელობისა და დისკუსიის ფარგლებში დაიგეგმება შეხვედრები როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან:
რატომ 101 გადაცემის დახურვა და არა, მაგალითად, 50-ის ან 60-ის? ასევე, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები როგორ დალაგდება და მოგვარდება? ბევრი საკითხია, რომელმაც შეიძლება არ მოიტანოს იმის საჭიროება, რომ თუნდაც რეფორმის პირობებში ტოტალურად 102 გადაცემიდან 101 გადაცემის დახურვა დასჭირდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს...სულხან სალაძე
„წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენ გავხსენით დისკუსია. განსჯა გვჭირდება ამასთან დაკავშირებით, მოვისმენთ ყველა არგუმენტს და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არის მძიმე, მაგრამ ყველაზე კარგი გამოსავალი, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება და არის კიდევ სხვა ვარიანტი, მაშინ მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებას“.
სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, სულხან სალაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმ კითხვებს ჩამოთვლის, რომლებსაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 9 თებერვალს, 11 საათზე, დაუსვამს. სწორედ ხუთშაბათს დანიშნა სამეურვეო საბჭომ სამუშაო შეხვედრა ვასილ მაღლაფერიძესთან. როგორც სულხან სალაძე ამბობს, ამ ეტაპზე დაგროვდა ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და ბუნდოვანი პასუხი. მისი სიტყვებით, ერთადერთი, რაც, დღეის მდგომარეობითა და არსებული გეგმით, იკვეთება, ეს არის „საზოგადოებრივი მაუწყებლის პარალიზება“. რაც შეეხება მის კითხვებს:
„რატომ 101 გადაცემის დახურვა და არა, მაგალითად, 50-ის ან 60-ის? ასევე, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები როგორ დალაგდება და მოგვარდება? ბევრი საკითხია, რომელმაც შეიძლება არ მოიტანოს იმის საჭიროება, რომ თუნდაც რეფორმის პირობებში ტოტალურად 102 გადაცემიდან 101 გადაცემის დახურვა დასჭირდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს“.
სულხან სალაძე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს შრომით-სამართლებრივ საკითხებზე და ამბობს, რომ გარკვეულწილად შეიძლება ეს ფაქტორი იქცეს სამოქმედო გეგმის აქილევსის ქუსლად:
„მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, დაიხურა გადაცემა, მაგრამ მენეჯმენტს არ გაუთავისუფლებია თანამშრომლები. აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, უნდა გადაუხადოს თუ არა ანაზღაურება. თუ უნდა გადაუხადოს ანაზღაურება, მაშინ რატომ არ უნდა შესრულდეს სამუშაო? ბევრი საკითხია და კომპლექსური და ამ ეტაპზე, მე ვთვლი, რომ შრომით-სამართლებრივი საკითხები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, შესაძლოა, გადაცემების დახურვა-არდახურვაზე უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვინაიდან იგივე კანონის დონეზე თუ ვიმსჯელებთ, თუკი სასამართლო ვერ დაავალებს მაუწყებელს, ერთი გადაცემა უნდა ჰქონდეს ეთერში თუ მეორე, ამის მიუხედავად, შრომითი ურთიერთობის არასწორად დარეგულირება და არასწორად შეჩერება, შესაძლოა, ბუმერანგის პრინციპით მოუბრუნდეს უკან საზოგადოებრივ მაუწყებელს“.
ირაკლი ტაბლიაშვილი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოველკვირეული გადაცემა „ვექტორის“ წამყვანი, ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, იგეგმება 500-დან 800 თანამშრომლამდე დათხოვნა. ია ანთაძე, გენერალური დირექტორის მრჩეველი, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ ეს იქნება პროცესი, რომელსაც კანონის მიხედვით მასობრივი დათხოვნა ჰქვია, თუმცა, მისი სიტყვებით, ეს ვითარება ამ ეტაპზე გასტანს რამდენიმე თვეს, სანამ რეფორმის პროცესი დასრულდება:
„სტრუქტურაში ცვლილება თავისთავად გულისხმობს გარკვეულ ცვლილებებს თანამშრომლების კუთხით, გადაცემების კუთხით და ეს არის და ეს. არავითარი სია იმ ადამიანების, ვინც შეიძლება რომ არ იმუშაოს გარკვეული თვეების განმავლობაში, არარსებობს და არც შეიძლება, რომ ასეთი სია არსებობდეს, რადგან თუ სტრუქტურიდან ამოვარდა, მაგალითად, მედიაწარმოების ბლოკი და თუ ამას მხარი დაუჭირა ბორდმა, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ვინც მედიაწარმოების ბლოკში მუშაობს, ისინი ამ ეტაპზე შეიჩერებენ უფლებამოსილებას“.
„სამოქმედო გეგმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინა, არღვევს კანონს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანა დაბრუნდაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი მკვლევარი. სწორედ ამ ორგანიზაციამ გაავრცელა 7 თებერვალს სპეციალური განცხადება, რომელშიც არაერთ პასუხგაუცემელ კითხვაზე გაამახვილა ყურადღება. ანა დაბრუნდაშვილის თქმით, საკითხავია, ყველა გადაცემის შეჩერების შემთხვევაში როგორ აპირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია საკუთარ ბადეში განათავსოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემეცნებითი გადაცემები. ასევე, დ-პუნქტის თანახმად, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნო დებატების ტრანსლირება:
„2017 წელი არის საარჩევნო წელი. მაუწყებლის შესახებ კანონის მე-16 მუხლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს წინასაარჩევნო დებატების ტრანსლირების უზრუნველყოფის ვალდებულება. გაურკვეველია, იმ პირობებში, როდესაც არ იქნება გადაცემები ეთერში და ისიც გაურკვეველია, ვინ იმუშავებს მაუწყებელზე და ვინ არა, როგორ შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ კონკრეტული ვალდებულების შესრულებას. ისევე როგორც, ზოგადად, სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების გაშვების ვალდებულებაც აქვს მაუწყებელს, ამის შესრულებასაც როგორ აპირებს ასეთ პირობებში, გაურკვეველია და ღიად რჩება“.
სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის, ინფორმაციით, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, 10 თებერვალს დაინიშნა სამეურვეო საბჭოს ღია სხდომა, სადაც გადაწყდება, თუ რა გრაფიკით დაიწყებს მუშაობას საბჭო სამოქმედო გეგმის განსახილველად.