როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი გენერალური დირექტორი

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

5 იანვარს დასრულდა მოსმენა მეორე ტურში გადასული ხუთივე კანდიდატისა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობენ. ოთხშაბათს გასაუბრება შედგა ზაალ ანჯაფარიძესთან, თინათინ ბერძენიშვილსა და ნათია კუპრაშვილთან, ხოლო ხუთშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგნენ ვასილ მაღლაფერიძე და ნინო ზაუტაშვილი. წინასწარი ინფორმაციით, სამეურვეო საბჭო ახალი გენერალური დირექტორის ვინაობას 6 იანვარს გამოაცხადებს. პროცესებს დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს სამოქალაქო საზოგადოება. მედიაექსპერტები ლაპარაკობენ იმ ძირითად თვისებებსა და მიზნებზე, რომლებითაც უნდა იყოს აღჭურვილი ახალი გენერალური დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის გამართულად და ეფექტიანად მუშაობისთვის.

Your browser doesn’t support HTML5

როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი გენერალური დირექტორი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა ისმოდეს შეკითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, და საზოგადოების ფულით (ყოველწლიურად ათობით მილიონი ლარით) დაფინანსებული ტელევიზია მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს მოიპოვოს პასუხები ამ შეკითხვებზე, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მედიამკვლევარი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. ამასთან, მისი აზრით, საზოგადოებრივმა მაუწყებლმა მაყურებელს აუცილებლად უნდა შესთავაზოს მაღალი ხარისხის ჟურნალისტური გამოძიება, ხოლო საბოლოო მიზანი უნდა იყოს ის, რომ დემოკრატიული განვითარების პროცესში აქტიურად ჩართული საზოგადოება გაძლიერდეს:

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მუდმივი რეფორმირების პროცესს, რომელიც არასოდეს არ დასრულდა და არც ერთ დირექტორს არ ეყო გამბედაობა ბოლომდე მიეყვანა დაწყებული პროცესი და მიეღო რისკიანი გადაწყვეტილება...
ნატა ძველიშვილი

„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე სწორედ ის ადამიანია შესარჩევი და დასანიშნი, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუბრუნოს ნდობა საზოგადოების მხრიდან. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროდუქტს, რომელსაც ამ ათობით მილიონი ლარით (საზოგადოების ფულით) აწარმოებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, უკუგებაც ადეკვატური ჰქონდეს... არ უნდა დაიხარჯოს ძალიან ბევრი ფული და რეიტინგი არ უნდა იყოს ძალიან დაბალი... საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ძალიან კარგად ყურებადი. ასეთი ტელევიზიის შექმნა შეუძლია ადამიანს, რომელსაც თავად გააჩნია მაღალი სამოქალაქო, დემოკრატიული ღირებულებები, ვისაც კარგად ესმის პროფესიულად მედიის ფუნქცია და ვისაც ესმის სწორად, რას ნიშნავს სიტყვა ‘მიუკერძოვებელი’“.

მედიაექსპერტები თანხმდებიან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და პოლიტიკური ზეგავლენების მიმართ მდგრადი, რათა ის საჭიროების შემთხვევაში ეფექტიანად აღუდგეს წინ ზეწოლის მცდელობას ხელისუფლების მხრიდან. ამასთან, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა, ახალი გენერალური დირექტორი მზად უნდა იყოს რისკიანი და თამამი ნაბიჯებისთვის:

„ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მუდმივი რეფორმირების პროცესს, რომელიც არასოდეს არ დასრულდა და არც ერთ დირექტორს არ ეყო გამბედაობა ბოლომდე მიეყვანა დაწყებული პროცესი და მიეღო რისკიანი გადაწყვეტილება... გენერალურ დირექტორს უნდა ჰქონდეს კარგი მენეჯერული თვისებები, რადგანაც ათასზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული საზოგადოებრივ მაუწყებელში და ადვილი არ არის მათი მართვა - მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ ზედმეტად ბევრია კადრები რიგ სტრუქტურებში და აშკარად შესამცირებელია, როგორც გვაქვს ინფორმაცია. ამ გადაწყვეტილების მიღებასაც სჭირდება გამბედაობა და დასაბუთება, ცხადია“.

„ახალ დირექტორს უნდა ჰქონდეს ახალი ხედვა და ახალი მიდგომები სატელევიზიო სივრცეში. ის კარგად უნდა ერკვეოდეს ახალ ტექნოლოგიებში“, ეუბნება რადიო თავისუფლებას

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი. მისი თქმით, მომავალ გენერალურ დირექტორს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული მიზანი, რისთვისაც არის შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებელი და რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ინტერესთა სფეროს მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა:

ქეთი ხუციშვილი

„ახალ დირექტორს უნდა ჰქონდეს გეგმა, თუ როგორ გაზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგს... ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიას ჰქონდეს ფართო წვდომა საზოგადოებაზე, იყოს დატვირთული საგანმანათლებლო, შემეცნებითი გადაცემებით და იძლეოდეს ობიექტურ სურათს იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში“.

პოლარიზებული და ორად გაყოფილი მედიასივრცის ფონზე, როცა მედიის დამოუკიდებლობის ჭრილში არაერთი შეკითხვა და ეჭვი ჩნდება, საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებული იმედები უკავშირდება, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნატა ძველიშვილი. მისი თქმით, მაყურებელი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავრცელებული ინფორმაცია იქნება გადამოწმებული, ზუსტი და სანდო, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ტელევიზიის კონკურენტუნარიანობას. მედიაექსპერტებისთვის ნათელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ორიენტირი უნდა იყოს საზოგადოება და არჩევანის ეს თავისუფლება, კერძო არხებისგან განსხვავებით, ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომელსაც არ უწევს სასიცოცხლო ბრძოლა სარეკლამო ფინანსების მოსაპოვებლად. მედიაექსპერტების აზრით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუდმივად უნდა იფიქროს კონკურენციასა და რეიტინგის ზრდაზე.

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ეს პოსტი დატოვა ძველმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა. განცხადებების მიღების ბოლო ვადა იყო 28 დეკემბერი. კონკურსში მონაწილეობის მსურველი 14 კანდიდატიდან რვაწევრიანმა სამეურვეო საბჭომ მეორე ტურისთვის შეარჩია ხუთი კანდიდატი.