სპეციალურმა კომისიამ 13 მარტს ღია ეთერით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 14 კანდიდატს მოუსმინა. სამეურვეო საბჭოში 4 ვაკანტური თანამდებობაა. კანონმდებლობის თანახმად, კომისიამ თითო ვაკანტურ თანამდებობაზე 3 პირი უნდა წარადგინოს. შესაბამისად, კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ 12 კანდიდატი შეარჩია. კომისიის მიერ მოწონებულ კანდიდატებს შორისაა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომლის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში შეყვანით, ოპოზიციის თანახმად, პირადად იყო დაინტერესებული მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე. კომისიის წევრებთან გასაუბრებისას ზაზა შათირიშვილმა დაადასტურა, რომ არის როგორც ვასილ მაღლაფერიძის, ისე ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, თუმცა ეს მეგობრობა მას მეურვედ მუშაობაში ხელს არ შეუშლის. ზაზა შათირიშვილის მოსაზრებები კი, ზოგადად, რამდენიმე მიმართულებით აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ზაზა შათირიშვილის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები გახდნენ ჟურნალისტები ნინია კაკაბაძე, ია მამალაძე, ნათია კობერიძე და დოდო შონავა, „სიდას“ ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, კომუნიკაციის კომისიის ყოფილი პრესმდივანი ხატია ყურაშვილი, „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იზაბელა ოსიპოვა, რეჟისორი მალხაზ ასლამაზიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ბესო ლილუაშვილი და აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძე.
მათგან შერჩეული ოთხი კანდიდატი სამეურვეო საბჭოს ბორდის წევრებს ჩაანაცვლებს მაშინ, როცა ამ უკანასკნელთ უახლოეს მომავალში უფლებამოსილება ამოეწურებათ. ესენი არიან ბორდში აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული გიორგი კოხრეიძე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი მარინა მუსხელიშვილი და გრიგოლ გოგელია. რამდენიმე თვის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავისი ნებით დატოვა საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებულმა სულხან სალაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი უკვე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს.