საქართველოს მომხმარებელი სავაჭრო ცენტრებში ვაჭრობის უნარებს იძენს

სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი"

ვაჭრობის სფერო საქართველოში ერთ-ერთი წამყვანია და მისი ბრუნვა ეკონომიკური სფეროების სამეულში შედის. უძრავი ქონების თემაზე მომუშავე კვლევითი კომპანიის, Colliers International Georgia-ს, ანალიზის თანახმად, მომხმარებელი და ვაჭრობა თანდათან სავაჭრო ცენტრებში „შედის“. არაორგანიზებულ ბაზრობებსა და ცალკეულ მაღაზიებში ვაჭრობაზე მომხიბვლელი მომხმარებლისთვის ისეთი ტიპის სავაჭრო სივრცეებია, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქციის შეძენას ერთ ჭერქვეშ შეძლებს.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს მომხმარებელი სავაჭრო ცენტრებში ვაჭრობის უნარებს იძენს

კომპანიის კვლევის თანახმად, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა მედიაში, 2016 წლის მეორე ნახევარში სავაჭრო ცენტრების მიწოდება 10 %-ით გაიზარდა, ხოლო მომავალი ექვსი თვის ჭრილში ამავე მაჩვენებლის 43 %-იანი (დაახლოებით, 110,000 კვ.მ.) მატებაა მოსალოდნელი.

ასეთი დასკვნის საშუალებას კომპანიას თბილისის სავაჭრო ფართებისა და ცენტრების მუშაობის შემდეგი მონაცემები აძლევს: კომპანიის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი აქტივობა შეინიშნება გლდანში, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 40,000 კვ.მ ჯამური ფართის სამი თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. აღნიშნულ უბანში საცალო ვაჭრობის ბაზარზე მაღალი კონკურენცია ფიქსირდება.

Colliers-ის მონაცემებით, 2016 წელს, ჯამურად, 30,000 კვმ.მ. ფართი გაქირავდა, აქედან 33 % - საყოფაცხოვრებო საქონლისა და ავეჯის მომწოდებელ კომპანიებზე.

განსხვავებულია სავაჭრო ფართზე მოთხოვნა ცალკეული რეგიონებისა და უბნების მიხედვით. მაგალითად, კომერციულად აქტიურ ქუჩებზე (პეკინის ქუჩა, რუსთაველის, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის გამზირები) ძირითადი მოთხოვნა შემდეგ კატეგორიებზეა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (45 %), მომსახურების სფერო (21 %) და კვების ობიექტები (20 %).

საინტერესოა ისიც, რომ სავაჭრო ცენტრებში, ანუ კომპაქტურ სავაჭრო სივრცეებში, ფართის იჯარის ღირებულება იზრდება, მაშინ როცა, ზოგადად, მაღაზიების ფართის იჯარის ღირებულება ქალაქში იკლებს:

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საშუალო შეწონილმა იჯარამ სავაჭრო ცენტრებში 16 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4 %-ით აღემატება 2016 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს. კომერციულად აქტიურ ქუჩებზე საშუალო შეწონილი იჯარა 3 %-ით შემცირდა და 32 აშშ დოლარს გაუტოლდა.

შესაბამისად, სავაჭრო ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტი უმნიშვნელოდ შემცირდა და 13 %-ს გაუტოლდა, ანალოგიური მაჩვენებელი კომერციულად აქტიურ ქუჩებზე 1 %-ით გაიზარდა და 9 % შეადგინა.

როგორც ზემოთაც ვთქვით და მოცემული სტატისტიკაც ცხადყოფს, Colliers International Georgia-ს ანალიზის თანახმად, ბოლო წლებში თანამედროვე სავაჭრო ცენტრების გახსნამ ეტაპობრივად შეცვალა მომხმარებლის შოპინგის ჩვევა. ერთიანი სივრცე, სადაც საქონლისა და სერვისების სრული სპექტრია თავმოყრილი, მეტად კომფორტულია მომხმარებლისთვის, რაც სავაჭრო ცენტრების პოპულარობას განაპირობებს. ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე შემოსული საერთაშორისო ბრენდების უმრავლესობა სწორედ სავაჭრო ცენტრებში ხსნის მაღაზიებს, შესაბამისად, ქუჩის ვაჭრობა თანდათან კარგავს აქტუალობას შოპინგისთვის და სხვა პროფილით ვითარდება.