ჩერნოგორიაში მცხოვრები ალბანელი ლეონ ჯოკაი ქვეყნის ადამიანის უფლებათა და უმცირესობების საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის გენერალური დირექტორია. იგი ერთ-ერთი სპიკერი იყო იმ სემინარზე, რომელიც 22-დან 24 სექტემბრამდე პოდგორიცეში ჩატარდა სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოსა და სამი არაღიარებული რესპუბლიკის - მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის -წარმომადგენელთათვის. „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება“ - ასეთი ამბიციური სახელი ჰქონდა სამხრეთ კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრას ჩერნოგორიაში, რომელიც „კავკასიური სახლის“, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. ლეონ ჯოკაიმ სემინარზე განაცხადა, ჩერნოგორიაში უმცირესობა და უმრავლესობა თანაბარი შრომითი უფლებებით სარგებლობს, ზოგ შემთხვევაში კი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გარკვეული უპირატესობითაც სარგებლობენო.
Your browser doesn’t support HTML5
კობა ლიკლიკაძე: ვინ ითვლება ეროვნულ უმცირესობად ჩერნოგორიაში?
ლეონ ჯოკაი: ჩვენი ქვეყანა, კონსტიტუციური კანონის საფუძველზე, სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს. კონსტიტუციის მეორე მუხლი ადგენს უმცირესობების რელიგიურ, ეთნიკურ, ენობრივ და კულტურულ უფლებებს, უზენაესი კანონით გარანტირებულია მათი ტრადიციების შენარჩუნება. ანუ ხალხის სუვერენული უფლებების მატარებელი და დამცველი, თავისუფალ მოქალაქეთა ერთობაზე დაფუძნებული, სახელმწიფოა.
კობა ლიკლიკაძე: დემოკრატიულ სახელმწიფოში „მოქალაქე“ ყველაზე მაღალი სტატუსია, თუმცა თქვენ, ამასთანავე, ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენთ, საკუთარი იდენტურობაც გაქვთ.
პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩერნოგორია ის იშვიათი სახელმწიფოა ჩვენს რეგიონში, - და არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, - სადაც ძალიან კარგად არის გათვლილი უმრავლესობისა და უმცირესობის დასაქმების თანაფარდობა სახელმწიფო ორგანოებში, დაწესებულებებსა და სხვადასხვა სტრუქტურებში...ლეონ ჯოკაი
ლეონ ჯოკაი: დიახ, მე ალბანელი ვარ და ეთნიკურ უმცირესობას წარმოვადგენ, თუმცა ჩერნოგორიაში ეთნიკური უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლები, სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით, თანაბარ მდგომარეობაში არიან, ხოლო საჯარო სექტორში სამუშაო ადგილისათვის გამოცხადებულ კონკურსში, რიგ შემთხვევებში, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები გარკვეული პრივილეგიებითაც კი სარგებლობენ.
კობა ლიკლიკაძე: დააზუსტეთ, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში ისეთ ტრადიციულ საზოგადოებაში, როგორიც ჩერნოგორიაა, სადაც ძლიერია სერბიის მართლმადიდებლური ტრადიციისა და ეკლესიის გავლენა, სადაც არცთუ ისეთ შორეულ წარსულში პოლიტიკური ელიტა ბელგრადზე იყო ორიენტირებული.
ლეონ ჯოკაი: უბრალოდ, ჩერნოგორიაში ტრადიციულად არსებობდა კარგი ურთიერთობა სხვადასხვა ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები - ჩერნოგორიელები, სერბები და ალბანელები - ერთმანეთს ძალიან ჰგვანან თავიანთი მენტალიტეტით, კულტურით და, შესაბამისად, ისტორიულად ერთად ცხოვრებას არიან მიჩვეულნი. ჩვენში, ტრადიციულად, პატივს სცემენ განსხვავებულ წეს-ჩვეულებებს, მეგობრულად ეკიდებიან და პატივს სცემენ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. რა თქმა უნდა, ბოლო ასი წლის განმავლობაში ჩვენში ადგილი ჰქონდა არაერთ პოლიტიკურ კოლიზიას, არაერთი ეკონომიკური კრიზისიც გადავიტანეთ, სულ ბოლო დროსაც იჩინა თავი ეკონომიკურმა სიძნელეებმა, მაგრამ ჩვენში ყოველთვის ყველაზე დიდ სირცხვილად ითვლებოდა, თუ ვინმე სათანადოდ ვერ დახვდებოდა სტუმარს და საკადრისად ვერ გაუმასპინძლდებოდა. შინაურისთვის უნდა მოეკლო და სტუმრისათვის უნდა მიეცა, - ასეთია ჩვენი ტრადიცია
კობა ლიკლიკაძე: ამაში ჩვენ და ჩერნოგორიელები ერთმანეთს ძალიან ვგავართ, თუმცა პრეზენტაციაზეც გკითხეთ და აქაც დავსვამ ამ შეკითხვას: თქვენ თქვით, სამუშაო ადგილის მაძიებელთათვის სხვადასხვა საჯარო სამსახურში გამოცხადებულ კონკურსში, ეროვნულ უმრავლესობასთან შედარებით, კომისია უპირატესობას ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს ანიჭებსო. ამით ხომ შეიძლება უმრავლესობამ ჩათვალოს თავი დაჩაგრულად? თანაც, სამუშაო ადგილის დროს პროფესიული თვისებებია მნიშვნელოვანია და არა ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობა.
ლეონ ჯოკაი: პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩერნოგორია ის იშვიათი სახელმწიფოა ჩვენს რეგიონში, - და არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, - სადაც ძალიან კარგად არის გათვლილი უმრავლესობისა და უმცირესობის დასაქმების თანაფარდობა სახელმწიფო ორგანოებში, დაწესებულებებსა და სხვადასხვა სტრუქტურებში. ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობების საქმეთა სამინისტრო, კადრების სამმართველოსთან ერთად, ყოველწლიურად ატარებს კვლევებს უმცირესობების დასაქმებასთან დაკავშირებით. ეს კანონმდებლობითაც არის დადგენილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობების საქმეთა მინისტრის მოვალეობაც ესაა, რომ გააკონტროლოს, თუ რამდენად არიან სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებული ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. ასეთი თანაზომიერება ჩერნოგორიაში წლიდან წლამდე იზრდება უმცირესობების სასარგებლოდ. თუმცა მე სრულიადაც არ მინდა მდგომარეობის იდეალიზება, მით უფრო, რომ სამუშაო ადგილების თანაზომიერად განაწილება ჩერნოგორიაში ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს აფირმატიულ, პოზიტიურ ქმედებებს. თუმცა ერთი რამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩერნოგორიაში არ ყოფილა შემთხვევა, არ დარეგისტრირებულა ისეთი ფაქტები, რომ ვინმე არ მიიღეს სამსახურში, დაითხოვეს ანდა ვერ იშოვა სამსახური მისი რელიგიური, ეთნიკური თუ ენობრივი წარმომავლობის გამო.
ჩერნოგორიაში რელიგია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან. ამიტომ ჩვენი სამინისტრო არ განვიხილავთ მოქალაქეთა აღმსარებლობის საკითხს ისეთ პრობლემად, რომელიც გავლენას ახდენს დასაქმებაზე...ლეონ ჯოკაი
კობა ლიკლიკაძე: რაც შეეხება გენდერული ნიშნით თანასწორობას, როგორ არის გადაწყვეტილი ეს პრობლემა ჩერნოგორიაში?
ლეონ ჯოკაი: ჩვენი სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, არსებობს გენდერული თანასწორობის ზრდის მყარი ტენდენცია და ვითარება ამ მხრივაც წლიდან წლამდე უმჯობესდება. ჩერნოგორიის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ქალია, რამდენიმე ქალი მინისტრი გვყავს და, ასევე, მოქმედებს წესი, რომლის თანახმად, ყოველი მეოთხე დეპუტატობის კანდიდატი ქალი უნდა იყოს. გარდა ამისა, ჩერნოგორიის 23 მუნიციპალიტეტიდან ოთხი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი ქალია.
კობა ლიკლიკაძე: დაბოლოს, აქ რამდენჯერმე ითქვა, რომ ყველაზე გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტი არის ჩერნოგორიის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც სერბიის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია. როგორ აისახება ერთი რელიგიური მიმართულების ასეთი დომინანტური მდგომარეობა პოლიტიკაზე?
ლეონ ჯოკაი: ჩერნოგორიაში რელიგია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან. ამიტომ ჩვენი სამინისტრო არ განვიხილავთ მოქალაქეთა აღმსარებლობის საკითხს ისეთ პრობლემად, რომელიც გავლენას ახდენს დასაქმებაზე. ჩვენი მთავარი საზრუნავია ეთნიკური უმცირესობები, მათი ინტეგრაცია და სოციალური თანასწორობა, ხოლო სარწმუნოება არავითარ გავლენას არ ახდენს მოქალაქეთა თავისუფლებისა და უფლებების მდგომარეობაზე და, აქედან გამომდინარე, ჩვენგან არც აფირმატიულ ქმედებას, ანუ სპეციალური საგანმანათლებლო და დამხმარე პროგრამებით დახმარებას, ითვალისწინებს.